ორენბურგში Ozon-ის საწყობს დაესხნენ თავს, პეტერბურგში საწყობი იწვის

ხანძარი Ozon-ის საწყობში. სამარის ოლქი. 22 აგვისტო, 2026 წელი

23 აგვისტოს ღამეს რუსეთის ქალაქ ორენბურგში უპილოტო საფრენმა აპარატებმა კომპანია Ozon-ის ლოგისტიკის კომპლექსზე მიიტანეს იერიში.

ეს კომპანიის უკვე მეორე საწყობია, რომელსაც ბოლო 48 საათის განმავლობაში უკრაინული დრონები დაესხნენ თავს. პირველი, რომელზეც 22 აგვისტოს იერიში მიიტანეს, სამარის ოლქში მდებარე საწყობი იყო. მანამდე კი დაარტყეს Wildberries-ის 10-ზე მეტ საწყობს.

ორენბურგის (მოსკოვიდან 1500 კმ.) მერმა ალბერტ იუმადილოვმა განაცხადა, რომ საწყობის ტერიტორიაზე „დრონის ნამსხვრევები“ ჩამოვარდა და წარმოიქმნა „ხანძარი“, რომელიც, მისი თქმით, „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა ოპერატიულად ჩააქრეს“.

Ozon-ში განაცხადეს, რომ ცენტრიდან 300-ზე მეტი თანამშრომლის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო კომპანია „დროებით“ აღარ იღებს საქონელს ამ საწყობში.

უკრაინული არხებმა, რომლებიც მონიტორინგით არიან დაკავებული, საწყობში გაჩენილი ხანძრის ვიდეოებს გამოაქვეყნეს. მათ თანახმად, მასშტაბური ხანძარი არ შეინიშნება.


მოგვიანებით ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც, როგორც დადასტურდა, ასახულია დრონის უშუალო მოხვედრა საწყობზე - ჩანს, რომ საუბარია მთლიან უპილოტო აპარატზე და არა უბრალოდ „ნამსხვრევებზე“.

სანქტ-პეტერბურგში, კოლპინოს რაიონში (ქალაქის ძირითადი ტერიტორიის სამხრეთით), ერთ-ერთ საწყობში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ASTRA-ს ცნობით, იგი Ozon-ის საწყობიდან 350 მეტრის დაშორებით მდებარეობს. ხანძრის დაწყებამდე საჰაერო თავდასხმის საფრთხის განგაში არ გამოცხადებულა და ხელისუფლებას ოფიციალურად არ განუცხადებია, თუ რა გახდა მისი მიზეზი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროში მოგვიანებით განაცხადეს, რომ ხანძარი ლოკალიზებულია, ხოლო მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან.

რუსეთის სამხედრო უწყების განცხადებით, ღამის განმავლობაში მათ 328 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, თუმცა თუ რამდენი დრონის ჩამოგდება ვერ მოხერხდა - არ იუწყებიან. უკრაინულ მხარეს აღნიშნულ დარტყმებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ასევე ნახეთ

ზელენსკი: საფრანგეთი გააძლიერებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდებას