შსს 146 000 ლარს იხდის სანქცირებული რუსული კომპანიის ფონოსკოპიური ექსპერტიზის სისტემის განახლებაში

საილუსტრაციო ფოტო

მოკლედ

  • შსს ფონოსკოპიური ექსპერტიზის სისტემის (IKAR Lab 3) განახლებას 146 000 ლარად ყიდულობს გამარტივებული შესყიდვით.
  • ხმის ექსპერტიზის პროგრამის მწარმოებელი სანკტ პეტერბურგში რეგისტრირებული რუსული კომპანია „Speech Technology Center“ (ЦРТ / STC Group), რომელსაც საბჭოთა კავშირის კავშირგაბმულობის სამინისტრoსა და KGB-ს მეტყველების ანალიზისა და აუდიო ექსპერტიზის საიდუმლო კვლევითი პროგრამების ბაზაზე შექმნილ ორგანიზაციად აღწერენ, დღეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციების შავ სიაშია.
  • 2023-2026 წლებში საქართველომ მხოლოდ ამ რუსული კომპანიის პროდუქციაში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა.
შსს რუსული პროგრამის განახლებას 2017 წელს ბათუმში რეგისტრირებული ქართული კომპანიისგან ყიდულობს - შპს „საექსპერტო სისტემები" საქართველოში IKAR Lab 3 Complex-ის ექსკლუზიური და ერთადერთი დისტრიბუტორის სტატუსის დასტურად წარადგენს რუსული კომპანიის ხელმძღვანელის, დმიტრი დირმოვსკის ხელმოწერილ დოკუმენტს.

როდის შეიძინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსული სანქცირებული კომპანიის პროგრამული მხარდაჭერა ხმის ექსპერტიზისთვის, ღია წყაროებში არ ჩანს - გამარტივებული შესყიდვით ამჯერად უწყება 146 000 ლარად არსებული ლიცენზიის ვადის გაგრძელებას ყიდულობს ერთი წლის ვადით, 2026 წლის 01 სექტემბრიდან 2027 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში იძებნება 2024 წლის ტენდერი, საიდანაც ჩანს, რომ 2024 წელს, როცა რუსული კომპანია უკვე სანქცირებული იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 239 499 ლარი გადაიხადა Speech Technology Center-ის სმოვანი სიგნალის მოწყობილობებსა და პროგრამულ უზრუნველყოფაში.

ამ სისტემისთვის 2023 წელსაც დაიხარჯა ფული საქართველოს ბიუჯეტიდან - მაშინ ხმოვანი სიგნალის რუსულ მოწყობილობასა და პროგრამულ უზრუნველყოფაში 223 400 ლარი გადაიხადა შსს-მ.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან კი ირკვევა, რომ ამავე პროგრამას იყენებენ ხმის ანალიზისთვის მათი ექსპერტებიც სულ მცირე, 2014 წლიდან.

რადიო თავისუფლებამ სცადა ბათუმში რეგისტრირებულ კომპანიასთან დაკავშირება იმის საკითხავად, რა დროიდან ფლობენ რუსული Speech Technology Center-ის ერთადერთი და ექსკლუზიური დისტრიბუტორის სტატუსს საქართველოში და თვლიან თუ არა, რომ სანქცირებული კომპანიის პროდუქტებით ვაჭრობით მეორადი სანქციების რისკის ქვეშ იყენებენ თავს - ვებ-საიტზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე მოპასუხე ქალმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა.

რა შეუძლია რუსულ ხმის ანალიზის პროგრამას

ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, IKAR Lab 3 გამოიყენება აუდიო ჩანაწერების ღრმა ანალიზის, გაფილტვრისა და პიროვნების იდენტიფიცირებისთვის.

ამ პროგრამას შეუძლია ხმის გაწმენდა, მონტაჟისა და ფალსიფიკაციის კვალის ამოცნობა და კონკრეტული მოსაუბრის ხმის უნიკალური მახასიათებლების შედარება მონაცემთა ბაზაში არსებულ ნიმუშებთან მისი იდენტობის დასადგენად მაშინაც კი, როდესაც პირი ცდილობს ხმის ტემბრის შეცვლას ან ჩანაწერი დაბალი ხარისხისაა.

აღწერაში ნათქვამია, რომ ის გამოიყენება ფარული მიყურადების, ტელეფონის ან სათვალთვალო კამერების მიერ ჩაწერილი ხმების ანალიზისთვის.

"IKAR Lab-ის ფონოგრამის კვლევითი კომპლექსები ემსახურება რუსეთის ფედერაციის, ახლო და შორეული საზღვარგარეთის ქვეყნების, ასევე სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტის თითქმის ყველა სასამართლო ექსპერტიზის ცენტრსა და ლაბორატორიას" - ასე ახასიათებს თავად მწარმოებელი კომპანია ამ პროგრამას.

ასევე ნახეთ

სათვალთვალო კამერები ხელოვნური ინტელექტით - ვინ გვიცავს და ვინ გვაკონტროლებს?

რა ვიცით ბათუმში რეგისტრირებულ კომპანიაზე "საექსპერტო სისტემები"

საექსპერტო სისტემები, რომელსაც ვებ-საიტზე ძირითად საქმიანობად კრიმინალისტიკური, საექსპერტო ლაბორატორიული მოწყობილობებისა და პროგრამით საბითუმო ვაჭრობა აქვს მითითერებული, 2017 წელს ბათუმში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100%-იან წილსაც ირაკლი აბაძიძე ფლობს, დირექტორად კი საჯარო რეესტრში ფატიმა ბერიძეა მითითებული.

ქართული კომპანიისთვის მიცემული ცნობა რუსული კომპანიისგან, მისი პროდქუტების ლიცენზიით ვაჭრობაზე თანხმობის შესახებ.

Tendermonitor.ge-ის მონაცემებით, კომპანიის მიერ მოგებული სახელმწიფო ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 1,870,519 ლარს აჭარბებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, რომელიც ამ პლატფორმის მმართველი ორგანიზაცია, არაერთ ტენდერში უთითებს, რომ კომპანია სახელმწიფო შესყიდვებს დაბალი კონკურენციის ან მის შეთავაზებაზე მორგებული განაცხადის პირობებში იგებს.

საექსპერტო სისტემების პროდუქტების ძირითადი შემსყიდველი სახელმწიფო უწყებებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროა.

ერთ-ერთი გახმაურებული შესყიდვა, 2025 წელს გაფორმებული კონტრაქტი იყო "საექსპერტო სისტემებსა" და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომლითაც ქართულმა პოლიციამ თითქმის ერთ მილიონ ლარად იყიდა ბელარუსული ტექნოლოგია თითის ანაბეჭდების შეგროვებისა და ანალიზისთვის.

2025 წელსვე ამ კომპანიისგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ 375 000 ლარად შეიძინა კიდევ ერთი რუსული საექსპერტო პროგრამა, ფოტო და ვიდეო გამოსახულებებზე მონტაჟის ნიშნების დასადგენად.

ასევე ნახეთ

როგორ იყენებს ქართული პოლიცია რუსულ პროგრამებს და საექსპერტიზო ტექნიკას

როგორ აღმოჩნდა სანქციების ქვეშ KGB-ს ბაზაზე შექმნილი რუსული კომპანია

Speech Technology Center (ЦРТ) 1990 წელს დაარსდა სანქტ-პეტერბურგში, თუმცა მისი ტექნოლოგიური ბაზა და ექსპერტიზა საბჭოთა პერიოდიდან იღებს სათავეს, როდესაც კგბ-ს დაკვეთით მიმდინარეობდა აკუსტიკური მონიტორინგის, ხმის იდენტიფიკაციისა და ფარული მოსმენების სისტემების დამუშავება. პოსტსაბჭოთა პერიოდში ყოფილმა ინჟინრებმა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ხმის ანალიზის და ბგერების მართვის სისტემებში კომერციულ პროექტად აქციეს და სამხედრო და სადაზვერვო ტექნოლოგიები გასაყიდ პროდუქტებად აქციეს.

ამ კომპანიის ყველაზე მსხვილი აქციონერი 2019 - 2022 წლებში იყო უდიდესი რუსული სახელმწიფო ბანკი, Sberbank;

სანამ კომპანია მკაცრ სანქციებში მოჰყვებოდა, მისი ამერიკული შვილობილი კომპანია (SpeechPro USA) აქტიურად ცდილობდა ამერიკულ ბაზარზე ფეხის მოკიდებას და ყიდდა პროდუქტებს აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოებისა სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიებისთვის.

აშშ-მ რუსულ Speech Technology Center-ს სანქციები მხოლოდ 2024 წლის 23 აგვისტოს დაუწესა იმის გამო, რომ კომპანია აქტიურად ავითარებდა და აწვდიდა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სახის, ხმის და ბიომეტრიული ამოცნობის სისტემებს რუსეთის ძალოვან უწყებებს, ფედერალურ სამსახურს (FSB) და სამხედრო სტრუქტურებს, რაც შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთის სახელმწიფოებრივი და სადაზვერვო ინტერესების მხარდაჭერად შეფასდა.

შეერთებული შტატების შემდეგ რუსულ ორგანიზაციას დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმაც მალევე დაუწესეს სანციები - დღეს მისი პროდუქციით ვაჭრობა მეორადი სანქცირების რისკს ნიშნავს ყველა მისი კონტრაქტორი კომპანიისთვის.

ასევე ნახეთ

რუსული კვლევა: რუსეთის მიმართ საქართველოს "მეგობრულობის" ხარისხი გაზრდილია