„სპეცრაზმელებმა და ოპერატიულმა ჯგუფმა ტყის მასივს ალყა შემოარტყეს. ამ დროისთვის დაკავებულია 100-მდე მონაწილე და ორგანიზატორი“, - განაცხადა „რია ნოვოსტის“ თანამოსაუბრემ.
რეიდის საბაბი გახდა, თითქოსდა, ფესტივალზე გაჟღერებული „უკრაინის მხარდამჭერი სიმღერები“, „რუსეთში რეჟიმის შეცვლისკენ მოწოდებები“ და „ნარკოტიკების მასობრივი მოხმარება“. პუბლიკაციებში ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება მოყვანილი არ არის.
როგორც სახელმწიფო სააგენტოები წერენ, კარვებს ამოწმებდნენ კინოლოგები ძაღლებთან ერთად. ძალოვნებმა, თითქოსდა, ასევე აღმოაჩინეს პლაკატები უკრაინული სიმბოლიკით, რომლებიც ხელნაკეთ სცენასთან, ხეებზე იყო ჩამოკიდებული. გარდა ამისა, ფესტივალის მონაწილეებს ჩამოართვეს გადაღებისთვის განკუთვნილი კვადროკოპტერები - მათი გამოყენება, როგორც ამტკიცებენ, სასაზღვრო ზონის რეჟიმის დარღვევას წარმოადგენს.
Baza-სა და Mash-ის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ფესტივალის მონაწილეები (ზოგიერთი მათგანი „დრედებითა“ და ფერადი თმით) მიწაზე, პირქვე დაწოლილები არიან, ხელები კი თავზე აქვთ დაწყობილი. ადგილზე გადაღებულ ვიდეოებში არანაირი უკრაინული ატრიბუტიკა არ ჩანს, თუმცა არის თავი ქალას გამოსახულება - ეს შესაძლოა, ბოლო დროს აკრძალულ „სატანისტურ“ სიმბოლიკას მიაკუთვნონ. სავარაუდოდ, სულ მცირე, ერთი დაკავებული მაინც აიძულეს, კამერის წინ ნარკოტიკების მოხმარებაზე ესაუბრა.
უწყებების ანგარიშებში, თვითონ ღონისძიება „რადიკალურ მემარცხენედ“ არის მოხსენიებული. Baza-ს ინფორმაციით, ადრე ფესტივალს ერქვა „ნოჟი“ (НОЖ), რაც ფრაზა „ცხოვრების არაჯანსაღი წესის” („Нездоровый образ жизни)“ შემოკლებაა და 2023 წლიდან ტარდება. მისი ორგანიზატორები, ხელისუფლების ყურადღება რომ აიცილონ თავიდან, ადგილმდებარეობას საიდუმლოდ ინახავენ და კოორდინატებს ღონისძიების დაწყებამდე 24 საათით ადრე გზავნიან.
სახელმწიფო სააგენტოები ასევე იუწყებიან, რომ განიხილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი. თუ რომელი მუხლით უცნობია. ფესტივალის ორგანიზატორებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
„საბუთების შემოწმების შემდეგ ყველა გაგვათავისუფლეს, ფოტოები გადაგვიღეს ჩვენი პასპორტებით ხელში. რამდენი ადამიანი დააკავეს, არ ვიცი, მაგრამ ჩემი ყველა ნაცნობი უკვე სახლშია, თავს კარგად გრძნობენ“, - განუცხადა „მედიაზონას“ ერთ-ერთმა მუსიკოსმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. ჯერჯერობით უცნობია, რჩება თუ არა ვინმე პოლიციაში.
გარდა ამისა, 23 აგვისტოს ღამით ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა რეიდი მოაწყვეს მოსკოვის კლუბ Simach-ში. „ოსტოროჟნო, ნოვოსტის“(„Осторожно, новости“) ინფორმაციით, რამდენიმე იქ მყოფის მიმართ, რომლებიც ცდილობდნენ, გაერკვიათ, თუ რა ხდებოდა, ძალა გამოიყენეს. იმის შესახებ, დააკავეს თუ არა ვინმე, ინფორმაცია არ გავრცელებულა.
2025 წლის ივლისში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ არარსებული „საერთაშორისო სატანისტური მოძრაობა“ ექსტრემისტულად ცნო და აკრძალა. მას შემდეგ, სატანიზმთან კავშირის საბაბით, სანქტ-პეტერბურგში დაშალეს ფესტივალი „ნეკროკომიკონი“ (Некрокомикон), ლიპეცკის ოლქის სასამართლომ ჯარიმა დააკისრა „ტანჯული შუა საუკუნეების“ (Страдающее Средневековье) მემის გამო, ხოლო მოსკოვის პოლიციამ რეიდი მოაწყო კლუბ Eclipse-ში, სადაც დაბადების დღეს აღნიშნავდა ბლეკმეტალ ჯგუფი „ნეჩისტი“ (Нечисть). პოლიციელების ანგარიშით, მათ აღკვეთეს წვეულება, სადაც თითქოსდა სატანისტური სიმბოლიკა (რომელსაც მიაკუთვნეს პენტაგრამები, ჯვრები და თავის ქალა) გამოიყენებოდა.