23-დან 24 აგვისტოს ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის არაერთ რეგიონზე. ერთ-ერთი სამიზნე ისევ კრასნოდარის მხარე იყო, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალები ხშირად უტევენ სამხედრო და სამრეწველო ობიექტებს.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის თანახმად, უკრაინული დრონების „მასირებული შეტევის მოგერიებისას“ ქალაქ კრასნოდარში დრონის ნამსხვრევები დაეცა კერძო საბავშვო ცენტრს, სადაც ორი ბავშვი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. საავადმყოფოშია უფროსი ასაკის ორი დაშავებულიც.
კონდრატიევის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული სხვა ცნობების მიხედვითაც, სხვადასხვა სამოქალაქო ობიექტი დაზიანებულია და ხანძრები გაჩნდა არა პირდაპირი დარტყმის, არამედ რუსეთის საჰაერო თავდაცვის მიერ მოგერიებული დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენის“ შედეგად. გუბერნატორის ცნობით, ეს ობიექტებია მრავალბინიანი სახლები, მშენებარე კორპუსები და საწყობები.
ონლაინ-ვაჭრობის კომპანია Ozon-მა განაცხადა, რომ კრასნოდარში დრონების შეტევის ქვეშ მოხვდა კომპანიის ლოგისტიკის ცენტრი და საწყობში მსხვილი ხანძარია. Ozon-ის თანახმად, თანამშრომლების ევაკუაცია „ოპერატიულად“ უზრუნველყო.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაწერა, რომ Ozon-ის მსხვილ საწყობზე შეტევა იყო სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკშიც.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2026 წლის ივლისის მეორე ნახევრიდან რუსეთის სხვადასხვა მხარეში, მათ შორის ქალაქებში, ნევინომისკსა და კრასნოდარში დრონებით დაარტყეს ონლაინ-ვაჭრობის კომპანია Wildberries-ის საწყობებსაც.
მონიტორინგის უკრაინული არხის, Exilenova+-ის ინფორმაციით, 24 აგვისტოს დრონებით შეტევა იყო კომპანია Ozon-ის ლოგისტიკის ცენტრზეც დაღესტნის რესპუბლიკის დაბა ტიუბეში.
დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის, ფედორ შჩუკინის თანახმად, დრონების „ფრაგმენტების ჩამოცვენის“ შედეგად ხანძარი გაჩნდა საწყობებში და დაზიანებულია ინფრასტრუქტურის ობიექტიც. მას კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია.
მოგვიანებით თავად Ozon-ის პრესსამსახურმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ დაღესტანში დრონებით შეტევა იყო მახაჩყალის ლოგისტკის ცენტრზე, სადაც ხანძარი გაჩნდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. საწყობი გაურკვეველი ვადით დახურეს.
წინასწარი მონაცემებით, Ozon-ის საწყობზე დარტყმა იყო ადიღეს რესპუბლიკის დაბა ენემშიც. ქალაქის ტიპის ეს დასახლება ტახტამუკაის რაიონში მდებარეობს.
განახლება: ადიღეს რესპუბლიკის მეთაურმა მურატ კუმპილოვმა 24 აგვისტოს დილით დაადასტურა, რომ ტახტამუკაის რაიონზე დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა Ozon-ის ლოგისტიკის ცენტრის ტერიტორიაზე.