დე ფაქტო უწყების ცნობით, დამასკში დელეგაციას დახვდა „სირიაში აფხაზეთის ელჩი“ მუჰამედ ალი.
ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაციის შემადგენლობაში არიან კულტურისა და ფინანსთა ე.წ. მინისტრები, ასევე „თურქეთში აფხაზეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იბრაჰიმ ავიძბა“.
„აფხაზეთის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს დამასკის 63-ე საერთაშორისო გამოფენაში და შეხვდება სირიის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს, ასევე აფხაზურ-ადიღეური დიასპორის წარმომადგენლებს. ვიზიტის დროს დაგეგმილია ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და ორმხრივი ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების საკითხების განხილვა“, - ნათქვამია აფხაზური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დამასკის საერთაშორისო გამოფენა
სირიული ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო სანას თანახმად, დამასკის 63-ე საერთაშორისო გამოფენა 2026 წლის 26 აგვისტოს იხსნება და 4 სექტემბრამდე გაგრძელდება.
საერთაშორისო გამოფენა არის სივრცე, სადაც სირიული და უცხოური კომპანიები, სახელმწიფო სტრუქტურები, სავაჭრო პალატები და დელეგაციები ერთმანეთს ხვდებიან.
ოფიციალური ცნობებით, წელს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის 60 ქვეყნის ათასამდე ორგანიზაციას ელოდებიან.
გამოფენის ძირითადი მიმართულებებია წარმოება, საკვები და აგრარული სექტორი, ქიმიური მრეწველობა, ვაჭრობა, საინჟინრო/ტექნოლოგიური სფეროები და სხვა.
პირველი სამი დღე ბიზნესმენებს, ინვესტორებსა და ოფიციალურ დელეგაციებს დაეთმობა.
სირიის ხელისუფლება გამოფენას განიხილავს, არა მხოლოდ სავაჭრო დანიშნულების ღონისძიებად - როგორც ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო SANA წერს, გამოფენა უნდა გახდეს ინვესტიციების, სავაჭრო პარტნიორობისა და საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობის პლატფორმა.
წელს ღონისძიების სლოგანია „სირია კვლავ ბრწყინდება“.
სირიაში საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის ოკუპირებული აფხაზეთის "დელეგაცია" შარშანაც იმყოფებოდა.
მაშინ აფხაზური მხარე ირწმუნებოდა, რომ სოხუმი დამასკის გამოფენაში სირიის მთავრობისა და პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას მიწვევით მონაწილეობდა.
ასევე ნახეთ
ოკუპირებული აფხაზეთის "დელეგაცია" ისევ სტუმრობს სირიასსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება
კრემლის მოკავშირე ბაშარ ასადის რეჟიმმა 2018 წელს აღიარა საქართველოს ორი ტერიტორიის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობაც. საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, 2025 წლის ივნისში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თურქეთს სთხოვეს შუამდგომლობა, რათა სირიამ გააუქმოს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება.
სირიის ხელისუფლებას მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა.
ასევე ნახეთ
ევროკავშირი მზადაა იმუშაოს სირიასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებაზე - ლიეტუვის საგარეოლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2026 წლის 13 ივლისს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან, ითანამშრომლონ სირიის პარლამენტთან.
თანამშრომლობის მიზანია, გაუქმდეს ბაშარ ასადის დროს მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომლებიც არღვევდა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.