CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში ჩავიდა

აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი

25 აგვისტოს აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში ჩავიდა, იტყობინება CBS-ი.

რუსეთის დედაქალაქში მისი ჩასვლის შესახებ ცნობა გავრცელდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის აეროპორტში დაეშვა აშშ-ის საჰაერო ძალების “ბოინგი C-17A Globemaster III”-ი ამერიკის დიპლომატიურ კორტეჟთან ერთად. აშშ-ის მაღალჩინოსნის ვინაობისა და ვიზიტის მიზნების შესახებ არც აშშ-ის და არც რუსეთის მთავრობის მხრიდან ჯერჯერობით კომენტარი არ გავრცელებულა.

CBS-ის თანახმად, ეს არის CIA-ს დირექტორის რანგში რეტკლიფის პირველი გახმაურებული ვიზიტი რუსეთში.

დაზვერვის ცენტრალური სააგენტო მონაწილეობდა აშშ-სა და რუსეთს შორის პატიმრების ბოლოდროინდელ გაცვლებში, მათ შორის 2025 წლის აპრილში აშშ-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქსენია კარელინას გაცვლაში, რომელზე მოლაპარაკებებშიც რეტკლიფი პირადად წარმართავდა. უწყება ჩართული იყო 2024 წლის გაცვლაშიც, რომლის შედეგადაც რუსეთმა აშშ-ს გადასცა “უოლ სტრიტ ჯორნალის” კორესპონდენტი ევან გერშკოვიჩი და საზღვაო ძალების ვეტერანი პოლ ველანი.

2021 წელს მოსკოვში ჩავიდა CIA-ს მაშინდელი დირექტორი უილიან ბერნსი. ის შეხვდა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს და პირადად ესაუბრა პრეზიდენტ პუტინს, რომ ის უკრაინაში შეჭრის განზრახვის გამო გაეფრთხილებინა.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო “ტასი” რეტკლიფის ვიზიტის შესახებ CBS-ზე დაყრდნობით წერს.

ასევე ნახეთ

რუსეთისა და აშშ-ის საგარეო დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელებმა ტელეფონით ისაუბრეს

გამოცემა „აქსიოსი“ წერს, რომ რეტკლიფმა აშშ კვირას დატოვა და აშშ-ის სამთავრობო თვითმფრინავით ლატვიის დედაქალაქში ჩავიდა. რიგიდან ის მოსკოვში აშშ-ის საჰაერო ძალების ბორტ “C-17“-ით გაემგზავრა.

დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ კომენტარის არაერთ თხოვნაზე უარი განაცხადა.

“ფაინენშელ ტაიმსის” კორესპონდენტი უკრაინაში ქრისტოფერ მილერი, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, X-ზე წერს, რომ “გასულ კვირაში ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა კიევს სთხოვეს თავისი შორი მანძილის რაკეტებითა და დრონებით არ განეხორციელებინა მოსკოვზე, სანქტ-პეტერბურგსა და რუსეთის ჩრდილოეთის რეგიონებზე დარტყმები ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს, როცა აშშ რუსეთის დედაქალაქში გზავნიდა თვითმფრინავს, რომელზეც ამერიკელი მაღალჩინოსნები იქნებოდნენ. ისინი ამბობენ, რომ უკრაინა დათანხმდა. დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავი “C-17” მოსკოვში დაეშვა“.