უეცარმა მასშტაბურმა წყალდიდობამ ტიბეტისა და ნეპალის სასაზღვრო ოლქები დააზარალა. მისი მიზეზი გახდა მცირე მიწისძვრა, რომელიც დაახლოებით დილის ცხრის ნახევარზე მოხდა. მიწისძვრამ გამოიწვია მეწყერი, რომელიც მთებიდან ჩამოწვა და მდინარეების – ტრიშულის, ბჰოტე-კოსისა და ნარაიანის – კალაპოტები ჩახერგა. მდინარეები ნაპირებიდან გადმოვიდა და ლაფსა და ქვებთან შერეულმა წყალმა სანაპირო რაიონები დატბორა.
მოვლენების ადგილიდან გავრცელებულ შემოწმებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ იტაცებს წყლისა და ტალახის ნაკადი ნაგებობებს, მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, და მიაქვს ათობით ადამიანი, წერს Reuters-ი. დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია: სავარაუდოდ, მათი რიცხვი შესაძლოა ასეულებს ან ათასეულებსაც კი შეადგენდეს.
ნეპალის ტურიზმის ბიუროს ცნობით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 384 ტურისტი, მათგან 93 - ნეპალის მოქალაქეა, ხოლო 291 - უცხოელი. რამდენი ადგილობრივი მცხოვრები დაიკარგა უგზო-უკვლოდ, ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია, რომ კავშირი არ არის 35 პოლიციელსა და 44 სამხედროსთან. სამაშველო სამსახურებმა წყლიდან და დანგრეული სახლებიდან ამოიტანეს დაღუპულთა 18 ცხედარი. მსხვერპლთა რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, მეტია.
ჩინეთის ხელისუფლება შეეცადა ვერტმფრენის გაგზავნას ტერიტორიის დასაზვერად, თუმცა ძლიერმა ქარმა მის მუშაობას ხელი შეუშალა. ნეპალის პოლიციას მეტად გაუმართლა: მისმა ვერტმფრენებმა წყლიდან 88 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სამაშველო სამუშაოებს ართულებს ის, რომ რეგიონისკენ მიმავალი გზებიც დატბორილია. ნეპალის მთავრობაში განაცხადეს, რომ ქვეყანამ უკვე სთხოვა დახმარება ჩინეთსა და ინდოეთს.