27 აგვისტოს, დილით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს სომხეთის მეორე პრეზიდენტს - რობერტ ქოჩარიანს, რომელიც 26 აგვისტოს, გვიან საღამოს, სასამართლოში საავადმყოფოდან მიიყვანეს და ღამის სასამართლო პროცესიდან ისევ საავადმყოფოში დააბრუნეს - ჯანმრთელობის გაუარესების გამო.
რობერტ ქოჩარიანი 25 აგვისტოს დააკავეს, უფროს ვაჟთან და მათთან დაკავშირებულ ადამიანებთან ერთად. სხვადასხვა წყაროს ცნობით, 25 აგვისტოს, ქოჩარიანის საქმის ფარგლებში, ბრალი წაუყენეს, ჯამში, 10 ადამიანს, მათ შორის - სომხეთის მესამე პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანსაც.
ბოლო წლის განმავლობაში, სომხეთში დააკავეს პრორუსული პოლიტიკური ძალების არაერთი ლიდერი, წევრი თუ მხარდამჭერი - ათეულობით ადამიანი კვლავ პატიმრობაში რჩება.
ოპონენტების "განადგურების" დაპირება ნიკოლ ფაშინიანმა 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე დადო. სამშაბათს კი თქვა, რომ მათი "მუხლებზე დაჩოქების" მანდატი აქვს და ამ დაპირებას შეასრულებს. ეს ოპონენტები, თავიანთი საქმიანობით, ძირითადად რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან.
სომხეთს კვლავ ემუქრებიან მოსკოვიდან - ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებების შემდეგ. რუსი დეპუტატები სომხეთს რუსოფობიაში სდებენ ბრალს და „ევროპელი ჯაშუშების მოზღვავებას“ უწინასწარმეტყველებენ.
რუსმა სენატორმა ჯაბაროვმა განაცხადა, რომ, სომხეთისგან განსხვავებით, ევროპას უარი უთხრა საქართველოს ხელისუფლებამ.
ქოჩარიანს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი - რობერტ ქოჩარიანი, 25 აგვისტოს, ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაყვანის შემდეგ დააკავეს, როდესაც მისი ორი ვაჟის - სერდაკ და ლევონ ქოჩარიანების სახლების ჩხრეკა მიმდინარეობდა
სამართალდამცველები ქოჩარიანების კუთვნილი საწარმოების ოფისებშიც შევიდნენ. ჩხრეკის შემდეგ, მალევე დააკავეს - სერდაკ ქოჩარიანი.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, რობერტ ქოჩარიანს, რომელსაც 31 აგვისტოს 72 წელი უსრულდება, დაკავების შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.თუმცა ამ ფაქტს არ შეუჩერებია მისი საქმის სასამართლოში გადაცემის პროცესი - ორთვიანი წინასწარი პატიმრობის მოთხოვნით.
ღამით მიმდინარე სასამართლო სხდომაზე საავადმყოფოდან ქოჩარიანიც მიიყვანეს, თუმცა, როგორც დილით გაირკვა - ბრალდებულს კვლავ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.
რობერტ ქოჩარიანი
„[რობერტ ქოჩარიანს] ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება“, - განაცხადა 26 აგვისტოს ანტიკორუფციული კომიტეტის პრესმდივანმა მარინა ოგანჯანიანმა.
ქოჩარიანი სომხეთს 1998-2008 წლებში მართავდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ექსპრეზიდენტმა ქრთამის სახით უძრავი ქონების 56 ობიექტი მიიღო - საბაზრო ღირებულებით 2.6 მილიარდი დრამი [დაახლოებით 7.1 მილიონი დოლარი]. სამართალდამცველებმა შეამოწმეს შვილის ფულადი გადარიცხვებიც, 2001-2019 წლებში - ჯამში 800 მილიონი დოლარი.
რობერტ ქოჩარიანის ბლოკმა - „სომხეთი“ - ბოლო არჩევნებზე 12 მანდატი მოიპოვა. მანდატზე უარი თქვა რობერტ ქოჩარიანმა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პირადად ლიდერობდა ბლოკს.
ასევე ნახეთ
სომხეთიდან არ გაუშვეს არც ექსპრეზიდენტი ქოჩარიანი, რომელიც რუსეთში მიემგზავრებოდამამაზე ადრე - ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს რობერტ ქოჩარიანის უფროს ვაჟს - სერდაკ ქოჩარიანს.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, 25 აგვისტოს ბრალი წაუყენეს სულ 10 ადამიანს, მათ შორის - სომხეთის მესამე პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანსაც - მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია. ქოჩარიანის საქმის ფარგლებში ბრალდებული სარქისიანი არ დაუკავებიათ, მას მხოლოდ ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს.
ამ პროცესებს წინ უძღოდა მწვავე სიტყვიერი შელაპარაკება ფაშინიანსა და დეპუტატ ლევონ ქოჩარიანს შორის, რომელიც ორშაბათს, სომხეთის მთავრობის ხუთწლიანი პროგრამის საპარლამენტო განხილვისას მოხდა.
„რატომ არის თქვენი ოჯახი მილიონერი? საიდან გაქვთ ასეთი ქონება? გინდათ თქვათ, რომ თქვენი მილიონები მემკვიდრეობით თქვენს შვილებს გადაეცემათ, თქვენი შვილები კი [უანდერძებენ] თავიანთ შვილებს... მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს ასე არ მოხდება“, - უთხრა ლევონ ქოჩარიანს ნიკოლ ფაშინიანმა ორშაბათს, 24 აგვისტოს, როდესაც პრემიერ-მინისტრი მოხსენებით წარსდგა პარლამენტის ტრიბუნაზე.
„იმის გადაწყვეტა, თუ ვის რა უნდა დაუბრუნდეს, სასამართლოს მოვალეობაა და არა ქვეყნის უმაღლესი ჩინოვნიკის“, - უპასუხა პრემიერს ლევონ ქოჩარიანმა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაშიც დაადანაშაულა.
“დიახ, მე განგსჯით თქვენ და მზად ვარ, თავადაც განვისაჯო იმავე სასამართლოთი“, - იყო ფაშინიანის პასუხი.
დამნაშავე ოპოზიციონერების დაჭერა ფაშინიანის წინასაარჩევნო დაპირება იყო. არჩევნებამდეც და მას შემდეგაც, სომხეთში ოპოზიციის ასობით ლიდერი, წევრი და მხარდამჭერი დააკავეს; ათობით ადამიანი ჯერ ისევ საპატიმროშია.
ივნისში, რობერტ ქოჩარიანი არჩევნების შემდეგ რუსეთში აპირებდა წასვლას, მაგრამ არ გაუშვეს.
„ნუ იჩქარებთ ბარგის ჩალაგებას. [საარჩევნო] კამპანიის დროსაც ვთქვი: სომხეთიდან გაქცევის შესაძლებლობაზე იოცნებებთ და ეს შესაძლებლობა ვერ გექნებათ“, - ამბობდა ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში 14 ივნისს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.
რუსეთის მედია ციტირებს ბლოკ „სომხეთის“ ფრაქციის დეპუტატ იშხან საგატელიანის სიტყვებს, რომ ქოჩარიანის დაკავება წარმოადგენს ფაშინიანის ხელისუფლების მიზანს - „გაასუფთაოს პოლიტიკური გზა... აზერბაიჯანისთვის ყარაბაღის გადაცემის ლეგიტიმაციისკენ და იქ ეთნიკური წმენდის გამართლებისკენ“.
სომხეთის ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები, წინასაარჩევნო პერიოდში, აცხადებდნენ, რომ პრორუსული ოპოზიცია, ყარაბაღის თემის მანიპულირებით, ქვეყანაში ომის გაჩაღებისკენ ისწრაფვის, რადგან სომხეთში მშვიდობა არ აწყობს კრემლს, როდესაც ფაშინიანის ხელისუფლება პროდასავლურ განწყობებს ავლენს და ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს გამოხატავს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, მარტში, არაერთხელ თქვა, რომ თუკი საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური ძალები გაიმარჯვებდნენ, ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე დადგებოდა. “ეს იქნება ომი არა მხოლოდ ტერიტორიის, არამედ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის დაკარგვით“, - ამბობდა სომხეთის პრემიერი.
ასევე ნახეთ
ომის შიში - მსგავსი სიტყვები, განსხვავებული შინაარსი სომხეთსა და საქართველოშიივლისში დააკავეს გაგიკ წარუკიანი
7 ივლისს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარ ადამიანს, ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ დამფუძნებელსა და ლიდერს - გაგიკ წარუკიანს.
წარუკიანს ბრალი თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში წაუყენეს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, მის წინააღმდეგ, ჯამში - 10-ზე მეტი სისხლის სასამართლოს საქმეა აღძრული.
წარუკიანის პარტია "აყვავებული სომხეთი" ბოლო არჩევნებში მე-4 ადგილზე გავიდა, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდა - 4%-იანი ბარიერი ვერ დაძლია.
გაგიკ წარუკიანი
პრორუსი ოლიგარქის სახლში პოლიციამ აღმოაჩინა: ცოცხალი ლომები, ვეფხვი, გარეული ცხოველებისა თუ ფრინველების 200-მდე ფიტული. ჩხრეკა 70 სხვადასხვა მისამართზე ჩატარდა; დაილუქა არაერთი კომპანიის ოფისები.
სომხეთში ბევრს ლაპარაკობენ წარუკიანის განსაკუთრებულ კავშირებზე რუსეთსა თუ ბელარუსში.
ასევე ნახეთ
გაგიკ წარუკიანის ლომები, "გიგანტური ქრისტე" და დალუქული კომპანიები - სომხეთში პრორუსი ოლიგარქის ქონებასა და დანაშაულს ითვლიანასევე ნახეთ
დაპატიმრებული წარუკიანის „არარატის ცემენტის“ მართვა სომხეთის მთავრობამ გადაიბარა22 ივლისს ბრალი წაუყენეს პრორუსი მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის ძმისშვილის, დეპუტატ ნარეკ კარაპეტიანს, რომელიც 1 აგვისტოდან - სომხეთის პარლამენტში ფრაქცია „აყვავებულ სომხეთს“ ხელმძღვანელობს. მას სადეპუტატო იმუნიტეტი იცავს.
ბრალდებებს შორის არის: შეკრებაში მონაწილეობის მიზნით ხალხის იძულება ძალის გამოყენებით და უკანონოდ ნაშოვნი ფულის გათეთრება. მაქსიმალური სასჯელია - თავისუფლების აღკვეთა 12 წლამდე ვადით.
მანამდე, სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკომ) პროკურატურას უფლება მისცა, ბრალი წაეყენებინათ ნარეკ კარაპეტიანისთვის, თუმცა უარი განაცხადა მისთვის პატიმრობის შეფარდების უფლების მიცემაზე.
ნარეკ კარაპეტიანი
იუწყებიან, რომ ნარეკ კარაპეტიანის სახლში ჩხრეკა 31 ივლისს ჩატარდა.
„აყვავებულ სომხეთი“ 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებზე მე-2 ადგილზე გავიდა [23,2% - 29 მანდატი] - ძმისშვილის ხელით მას არაფორმალურად მართავდა ამჟამად შინაპატიმრობაში მყოფი სამველ კარაპეტიანი. გამარჯვების შემთხვევაში, ეს პოლიტიკური ძალა სწორედ სამველ კარაპეტიანის პრემიერ-მინისტრობას გეგმავდა.
პრორუს ოლიგარქად წოდებული სამველ კარაპეტიანი დაკავებულია 2025 წლის ივნისის შემდეგ. მას ბრალად ედება ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა და ფულის გათეთრება. 7 თვე მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საპატიმროში გაატარა, შემდეგ კი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. კარაპეტიანი დააპატიმრეს სომხური სამოციქულო ეკლესიის დასაცავად გაკეთებული განცხადებების გამო, ეკლესიასა და ფაშინიანის მთავრობას შორის გამწვავებული დაძაბულობის ფონზე.
ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით კრემლში კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
„არ ვისურვებდი სომხეთში ამჟამად მიმდინარე შიდაპოლიტიკური მოვლენების კომენტირებას. იქ ძალიან რთული პროცესები ვითარდება“, - სააგენტო „ინტერფაქსის“ თანახმად, ასე უპასუხა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, როდესაც მას სთხოვეს შეეფასებინა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ბრალდებები ოპოზიციის მისამართით და ქოჩარიანის დაკავება.
რუსი დეპუტატების მუქარა - პარალელები საქართველოსთან
რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის - ფედერალური საბჭოს - წევრებისგან გაისმა მუქარა სომხეთის მისამართით, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გეგმების გამო - ოფიციალურად წარადგინოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რუსეთის მხრიდან მზარდი ზეწოლის საპასუხოდ. რუსი დეპუტატები სამხრეთ კავკასიის ქვეყანას მძიმე ეკონომიკურ შედეგებს ჰპირდებიან.
„ევროინტეგრაცია სომხეთს სახელმწიფოებრიობის დაკარგვით ემუქრება... ერევნის განზრახვა, უახლოეს მომავალში დაიწყოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის პროცესი, მინიმუმ, რესპუბლიკის ეკონომიკაში კრიზისს გამოიწვევს... თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროკავშირი აჭმევს ერევანს, ღრმად ცდება“, - წერს „ტელეგრამზე“ დეპუტატი ვლადიმერ ჯაბაროვია. ტექსტის თანახმად, „ერევანი მას [ევროკავშირს] მხოლოდ რუსეთთან დაპირისპირებისთვის სჭირდება“ და ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს სულაც არ სურთ აყვავებული სომხეთის ხილვა გაერთიანებაში.
“და დაპირებული სამუშაო ადგილებისა და მრეწველობის ზრდის ნაცვლად, [სომხეთის] რესპუბლიკა მიიღებს მხოლოდ ვალებს, დამოკიდებულებასა და რუსოფობიურ კვოტებს” - ამბობს რუსი დეპუტატი.
ჯაბაროვი ახსენებს საქართველოსაც, რომელიც, მისი შეფასებით, ევროპელებს ხელიდან უკვე დაუსხლტა:
„პრაქტიკულად იმავე სქემის განვითარება სურდათ ევროპელებს საქართველოსთან მიმართებითაც. თუმცა მარცხი განიცადეს, ვინაიდან ამ ქვეყნის ხელისუფლებამ არ ისურვა საკუთარი ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ “ტარანად” [ მოწინავე დამრტყმელი ძალა, იარაღი] ექცია“.
ჯაბაროვის თქმით, ამბობს, რომ სომხეთს ვერც ევროპელები და ვერც კონკრეტულად, დამეგობრებული ფრანგები ვერ უშველიან, და თუკი რუსეთი კუხოსაც [ОДКБ] გამოეყოფა - რუსეთთან ერთად ვეღარ დაიცავს საზღვრებს და ეს გამოიწვევს „ევროპელი ჯაშუშების მოზღვავებას მორიგი ევრომისიების ეგიდით”.
ასევე ნახეთ
სომხეთი მალე დაიწყებს ევროკავშირის წევრობის განაცხადის წარდგენის პროცესს - ფაშინიანიფაშინიანის განცხადებებს - ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის გზით წაიყვანოს - მუქარით გამოეხმაურა ასევე რუსეთის სახელმწიფო დუმის ქვედა პალატის წევრი ალექსეი ჩეპა. რუსეთის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „ტასთან“ (ТАСС) ინტერვიუში მან თქვა, რომ სომხეთს სურს “დასავლეთის ინტერესებს მოემსახუროს” და თუკი ეს გაგრძელდება, რუსები უკან წაიღებენ “ყველა იმ საჩუქარს”, რასაც წლების მანძილზე ემეტებოდათ სომხეთისთვის.
ჩეპა ამბობს, რომ “ფაშინიანს ძალიან გაუჭირდება“.
გასული თვის მიწურულს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (СВР) განაცხადა, რომ სომხეთის გამოსვლა ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან ქვეყანას „ღრმა ეკონომიკურ კრიზისში“ ჩააგდებს და მისი მთავრობის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
ფაშინიანის განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის დაჟინებული მოთხოვნები ერევნის მიმართ, ჩაეტარებინა რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების ან რუსეთის ლიდერობით მოქმედ სავაჭრო ბლოკში წევრობის შენარჩუნების თაობაზე. ფაშინიანმა მკაფიოდ თქვა, რომ ჯერ რეფერენდუმის დრო არ არის.
ასევე ნახეთ
სომხური კალმახი და ყველი რუსეთს ისევ აღარ მოსწონს - პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრის შემდეგრუსეთის მიერ სომხეთის პროდუქციის ბლოკადას ფაშინიანი დივერსიფიკაციის გეგმით დახვდა. გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა გააგრძელებს ქვეყნის საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციას რუსული ბლოკადის მოხსნის შემთხვევაშიც კი.
მოსკოვიდან მაღალჩინოსნები სხვადასხვა დროს იმუქრებოდნენ - რომ ერევნის წინააღმდეგ მოსკოვი სხვა სადამსჯელო ზომას გაატარებს, მათ შორის: მკვეთრად გაიზრდება ფასები რუსულ ბუნებრივ აირზე; რუსი ტურისტები შეზღუდავენ სომხეთში სტუმრობას; ხოლო რუსეთში მყოფი ასიათასობით სომეხი შრომითი მიგრანტის მიმართ მოთხოვნები გამკაცრდება.