ბულგარეთის პლაჟებზე დრონების ნამსხვრევები აღმოაჩინეს

ბულგარეთში ნაპოვნი დრონი

ბულგარეთის პლაჟებზე უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები აღმოაჩინეს. ერთ-ერთი დრონი იპოვეს ვარნასთან ახლოს, შავი ზღვის სანაპიროზე. მასში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა და სამხედროებმა ის ვარნის სამხედრო-ზღვის ბაზაზე გადაიტანეს, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ 26 აგვისტოს.

მეორე უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს ქალაქ პომორიესთან ახლოს, ზღვაში, და ის ადგილზევე გაანადგურეს. მესამე დრონი აღმოჩნდა ვარნასთან ახლოს, ფაშა-დერეს პლაჟის რაიონში, შავი ზღვის წყლებში. აპარატი ზღვაშივე ააფეთქეს.

დრონის კიდევ ერთი ფრაგმენტი იპოვეს 25 აგვისტოს საღამოს წყალში, კურორტ კამჩიას რაიონში. აღმოჩნდა, რომ ობიექტი იყო ფრთა სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატისა, რომელშიც არ იყო საბრძოლო მასალა. დეტალი ექსპერტიზისთვის გადაიტანეს ვარნის სამხედრო ბაზაზე.

ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს არ დაუზუსტებია, თუ რომელ ქვეყანას ეკუთვნოდა ეს უპილოტო აპარატები. 22 და 25 აგვისტოს ბულგარეთში უკვე იპოვეს დრონების ნამსხვრევები ზღვაში, ქალაქ ცარევოსა და სოფელ ვარვარას შორის, სანაპიროზე, კურორტებს - ალბენასა და კრანევოს შორის, და რაკიტნიკის რაიონში, ვარნასთან ახლოს.

ასევე ნახეთ

იარაღის მწარმოებელი ბულგარული კომპანია „ემკოს“ საწყობებში ისევ აფეთქება იყო