ზელენსკი: უკრაინამ დღეში რუსეთის წინააღმდეგ 1000 შორი მოქმედების დრონი უნდა გამოიყენოს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამჟამად უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის წინააღმდეგ დღეში საშუალოდ 300-ზე მეტ უპილოტო საფრენ აპარატს იყენებენ, თუმცა თავდაცვის მრეწველობას მათი წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდის ამოცანა აქვს დასახული.

„ამოცანაა, რუსეთის წინააღმდეგ შორი მოქმედების დარტყმებისთვის დღეში ათასი დრონი გვქონდეს. მიზანი სრულიად კონკრეტულია და ჩვენ ამ ამოცანას შევასრულებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომის შემდეგ გავრცელებულ საღამოს მიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების გაზრდის აუცილებლობა რუსეთის მიერ რეაქტიული დრონების მასობრივ გამოყენებას უკავშირდება.

„რუსებმა ტერორის გაძლიერების ტაქტიკა აირჩიეს. კიევში საჰაერო განგაში მუდმივად, ერთმანეთის მიყოლებით ცხადდება. სამწუხაროდ, დაფრინავენ სწორედ რეაქტიული „შაჰიდები“. იგივე ხდება ჩვენს სხვა ქალაქებსა და დასახლებებში, მუდმივად იბომბება ხარკოვი, ზაპოროჟიე, სუმის, ჩერნიგოვისა და დნეპროპეტროვსკის ოლქები, ჩვენი ხერსონი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მოითხოვა დაჩქარდეს დრონ-გზაგადამჭრელების წარმოება, რომლებსაც რუსეთის რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების ეფექტიანად განეიტრალება შეუძლიათ.

ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სისტემატურ დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე უკვე აქვს ხელშესახები შედეგი. კერძოდ, მისი განცხადებით, რუსეთში საწვავის მნიშვნელოვანი დეფიციტი შეინიშნება.

„და ასეთი დანაკარგები კიდევ უფრო მეტი ექნებათ, თუ რუსეთს არ სურს ნორმალურად საუბარი ამ ომის დასრულებაზე“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთის წინააღმდეგ შორი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება უკრაინის სამხედრო სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. უკრაინული დრონები რეგულარულად აყენებენ დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, საწვავის საცავებს, სამხედრო აეროდრომებსა და სხვა ობიექტებს, რომლებსაც კიევი რუსეთის სამხედრო და ლოგისტიკური შესაძლებლობების ნაწილად მიიჩნევს.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ასეთი დარტყმების მიზანია რუსეთის არმიის მომარაგების შესაძლებლობების შემცირება და მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება.

თავის მხრივ, რუსეთი უკრაინაზე ინტენსიური საჰაერო იერიშებისთვის იყენებს სხვადასხვა ტიპის დრონებსა და რაკეტებს. 2026 წლის ზაფხულში უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთმა დრონებით შეტევების მასშტაბი მნიშვნელოვნად გაზარდა.

ასევე ნახეთ

ზელენსკი: სექტემბრის ჩათვლით განისაზღვრა ღრმა დარტყმების პრიორიტეტები