მეგობრის თქმით, ყაველაშვილის შეწყალებული დენის კულანინი ორი დღეა მშრალ შიმშილობაზეა

დენის კულანინი თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2025 წლის 22 მაისი

ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული, საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე, დენის კულანინი, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა 28 აგვისტოს შეიწყალა, მიგრაციის დეპარტამენტის განთავსების ცენტრში მშრალ შიმშილობაზეა.

ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ეუბნება დენის კულანინის მეგობარი მარინა მესხი. მისი თქმით, მშრალი შიმშილობა მან ორი დღის წინ, პენიტენციურ დაწესებულებაშივე, მას შემდეგ დაიწყო, რაც შეიტყო, რომ ის პრეზიდენტმა შეიწყალა და შესაძლოა, რუსეთში გაძევება დაემუქროს.

მარინა მესხმა დენის კულანინი 29 აგვისტოს დილით მოინახულა მიგრაციის განთავსების ცენტრში:

„11 საათისთვის შევხვდი. მითხრა, რომ როგორც კი შეიწყალეს, მშრალი შიმშილობა გამოაცხადა, რადგან მას არ აქვს ინფორმაცია, სად გააძევებენ. შიშობს, რომ რუსეთში მოხდება მისი გაძევება. შეწყალების შესახებ განცხადებას მან 2025 წელს მოაწერა ხელი, თუმცა, მაშინ არ შეუწყალებიათ და ახლა უკვე მას აღარ სურდა შეწყალება და არც იყო ინფორმირებული, რომ შეიწყალებდნენ.

ძალიან ვთხოვე, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ისედაც გამხდარი ადამიანია, მაგრამ ახლა შავი ფერი ედო სახეზე. 27-ში ველაპარაკე მას ვიდეო ზარით, მაგრამ დღეს რომ შევხვდი, გაცილებით ცუდად გამოიყურებოდა. დიდი იმედი მაქვს, რომ გაითვალისწინებს ჩვენს თხოვნას და შეწყვეტს შიმშილობას“.

მარინა მესხი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მეგობრებმა მისთვის უკვე შეიძინეს მესამე ქვეყანაში გასამგზავრებელი ბილეთი და ახლა ელიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, მისცემს თუ არა სასამართლო დენის კულანინს სხვა ქვეყანაში გამგზავრების უფლებას.

რას ამბობს შსს?

რადიო თავისუფლებას 28 აგვისტოს შსს-ში განუცხადეს, რომ მას „მესამე ქვეყნის არჩევაც შეუძლია“.

"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად დენის კულანინს, ადმინისტრაციული წარმოების ყველა ეტაპზე აქვს უფლება ისარგებლოს ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების უფლებით და დატოვოს ქვეყანა, როგორც წარმოშობის ასევე მესამე ქვეყნის მიმართულებით“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას შსს-ში.

დენის კულანინის ადვოკატი, დიმიტრი ნოზაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ სასამართლო სხდომა შეწყალებიდან 48 საათში უნდა გაიმართოს, თუმცა, საქალაქო სასამართლოში მიგრაციის დეპარტამენტს განცხადება ჯერ არ შეუტანია:

„თუკი ადამიანი აცხადებს, რომ ნებაყოფლობით დატოვებს ქვეყანას და წარადგენს შესაბამის მტკიცებულებასაც, ბილეთს, წესით და რიგით, მიგრაციის დეპარტამენტი არ უნდა იყოს წინააღმდეგი, მაგრამ ჯერჯერობით ამ ეტაპამდე ვერ მივედით. მეორე დღეა სასამართლოს კანცელარიაში ვსხედვართ ადვოკატები და მისი მეგობრები და ველოდებით, როდის შემოვა განცხადება“.

ადვოკატი ამბობს, რომ კულანინს რუსეთში გაძევების შემთხვევაში საფრთხეს ემუქრება, ის ციხიდან გამოგზავნილ წერილებში ხშირად აკრიტიკებდა რუსეთის ომს უკრაინაში, მთავრობის პოლიტიკას და მხარს უჭერდა უკრაინას.

რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ კულანინს ქვეყნიდან უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე აძევებენ.

ამ მუხლის თანახმად, „თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში, მისი გაძევება შესაძლებელია სასჯელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლებისთანავე“.

ვინ არის დენის კულანინი?

დენის კულანინი საქართველოში ცხოვრობდა და პროევროპულ პროტესტში მონაწილეობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს პარლამენტთან აქციაზე პოლიციის მანქანის მინის ჩამტვრევის ბრალდებით. მიესაჯა 2-წლიანი პატიმრობა.

მან ბრალი სასამართლო განხილვების ეტაპზე აღიარა. წინასასამართლო სხდომის ეტაპზე ბოდიშიც მოიხადა. ამის საფუძველზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდავოდ ცნო.

„ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა 27 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 226 ადამიანი შეიწყალა.

შეწყალებულთა შორის არიან 2024 წლის პროევროპული და „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე, ასევე 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეებზე მსჯავრდებული დემონსტრანტები.

შეწყალებულთა შორის არიან საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ავთანდილ თოფჩიშვილი და სიმონ მახარაძე.