დენის კულანინი საიმიგრაციო ციხეში რჩება, გაძევებაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს

ფოტოზე: მარჯვნივ - აქცია დენის კულანინის მხარდასაჭერად და მარცხნივ - დენის კულანინი

შსს-ში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეს, დენის კულანინს სასამართლო განხილვის გარეშე ქვეყნას ვერ დაატოვებინებენ, ადვოკატი ციალა რატიანი კი ამბობს, რომ ეს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის პრაქტიკას ეწინააღმდეგება.

ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული და მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებული დენის კულანინი საემიგრაციო ციხეშია. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო შჩერბაკოვის გადაწყვეტილებით, ის გაძევებამდე პატიმრობაში დარჩება.

„ჩვენი პოზიცია იყო, რომ პირადი თავდებობით გაეთავისუფლებინათ, ვინაიდან ჩვენ პირველი სექტემბრის, ანუ დღეის მდგომარეობით, 12:40 წუთზე აღებული გვქონდა ბილეთი, რომელიც წარდგენილი იყო სასამართლოში, რათა ის ნებაყოფლობით წასულიყო მესამე ქვეყანაში. სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი შუამდგომლობა და დატოვა პატიმრობაში“, - ამბობს ადვოკატი, ციალა რატიანი.

მისივე ცნობით, დენის კულანინს მესამე ქვეყანაში წასვლა სურს, რადგან რუსეთი მისი პოლიტიკური პოზიციების გათვალისწინებით, უსაფრთხო ადგილი ვერ იქნება.

დენის კულანინის ადვოკატის თანახმად, გასაძევებლად საფუძველი შექმნა უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში ყოფნის ვადების დარღვევამ. შსს-ში კი ამბობენ, რომ კულანინს ქვეყნიდან უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე აძევებენ.

ამ მუხლის თანახმად, „თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში, მისი გაძევება შესაძლებელია სასჯელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლებისთანავე“;

დენის კულანინი საქართველოში ცხოვრობდა და პროევროპულ პროტესტში მონაწილეობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს პარლამენტთან აქციაზე პოლიციის მანქანის მინის ჩამტვრევის ბრალდებით. მიესაჯა 2-წლიანი პატიმრობა. მან ბრალი სასამართლო განხილვების ეტაპზე აღიარა. წინასასამართლო სხდომის ეტაპზე ბოდიშიც მოიხადა. ამის საფუძველზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდავოდ ცნო.

„ნებისმიერ ადამიანს, ვინც მოიხადა სასჯელი, თუ უბრალოდ, გასული იყო საქართველოში მისი კანონიერად ყოფნის ვადა, ყოველთვის ეძლევა შესაძლებლობა ნებაყოფლობით დატოვოს საქართველოს ტერიტორია და მოხარულიცაა ხოლმე მიგრაციის სამსახური, რომ აღარ უწევთ გაძევების პროცედურების წარმოება...ერთადერთი რისი ახსნაც შემიძლია, ეს არის თვითმიზანი, რომ იგი აუცილებლად გაძევებული იყოს რუსეთის ფედერაციაში, სადაც დარწმუნებული ვარ დაექვემდებარება არაადამიანურ მოპყრობას, წამებას, მოთავსებული იქნება ციხეში...“, - ვარაუდობს ადვოკატი.

შსს-ში რადიო თავისუფლებას განუმარტავენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის გაძევების საკითხი - არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მოქალაქეობის ადგილი თუ მესამე ქვეყანა სასამართლოს გარეშე არ წყდება. შესაბამისად, ისინი გაძევების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავენ და მან უნდა გადაწყვიტოს, სად წავა დენის კულანინი.

შეწყალებულმა დენის კულანინმა საემიგრაციო ციხიდან წერილი გამოაქვეყნა. მისი მტკიცებით, 2025 წელს ხელი მისთვის უცნობ დოკუმენტს მოაწერა, რომელიც შეწყალების აქტი აღმოჩნდა.

„როდესაც გავიაზრე, რომ ეს შეიწყალება იყო - უარი დავწერე, მაგრამ, როგორც ჩანს, ის დააიგნორეს. მწყინს, რომ მე თავისუფლებაზე ვარ, ხოლო მშვენიერი ხალხი ციხეში ზის!

ყოველ შემთხვევაში, ახლა რუსეთში ჩემს გაძევებას ცდილობენ, რაც არ უნდა მოხდეს... მესმის, როგორ ყვირის ხალხი ჩემს სახელს ციხესთან! მადლობელი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდით თქვენ - ქართული ოჯახი, რომელიც ჩემთანაა! გმადლობთ!“, - წერია წერილში.

დღეს, პირველ სექტემბერს დილის ცხრიდან დენი კულანინის ადვოკატები და მხარდამჭერები მიგრაციის დეპარტამენტთან მივიდნენ და აქცია გამართეს. ისინი აქტივისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მესამე ქვეყანაში გაშვებას მოითხოვენ. მათ ბილეთიც ჰქონდათ ნაყიდი, რომელიც სასამართლოშიც წარადგინეს, იმის დასტურად, რომ კულანინი ქვეყანას დატოვებს.

შსს-ში არ აზუსტებენ, როდის მიმართავენ სასამართლოს შუამდგომლობით განიხილონ შეწყალებული პირის ქვეყნიდან გაძევების საკითხის.

ასევე ნახეთ

„მესამე ქვეყნის არჩევა შეუძლია“ - ყაველაშვილის შეწყალებულ დენის კულანინს დეპორტაცია ემუქრება