3 სექტემბრის ღამეს უკრაინის ოდესის ოლქზე იერიში მიიტანეს. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია.
კიპერის ინფორმაციით, დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-10-დან მე-17 სართულამდე მდებარე 20 ბინა. ასევე დაზიანდა კორპუსთან ახლოს გაჩერებული 12 ავტომობილი.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. დაშავებულებს საჭირო სამედიცინო და სხვა სახის დახმარებას უწევენ.
ღამით რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია სხვა რეგიონებიდანაც გავრცელდა.
კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, ბორისპოლის რაიონში რუსული იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მას ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მისივე ინფორმაციით, რაიონში დაზიანდა სასაწყობე შენობები, ადმინისტრაციული შენობა, მაღაზია და მცირე სავაჭრო ობიექტები.
დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს ხმელნიცკის ოლქშიც. ოლქის ხელმძღვანელის, სერგეი ტიურინის თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალები რუსული დრონების მოსაგერიებლად მუშაობდნენ.
თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი საწარმოს სასაწყობე შენობაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას რეგულარულად ესხმიან თავს დრონებით, რაკეტებით, მართვადი საავიაციო ბომბებითა და სხვა ტიპის შეიარაღებით.
უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმებს ომის დანაშაულებად აფასებენ. მოსკოვი კი უარყოფს, რომ რუსეთის არმია უკრაინის სამოქალაქო ობიექტებს განზრახ ესხმის თავს.
რუსეთის ხელმძღვანელობა უარყოფს, რომ რუსული არმია, სრულმასშტაბიანი ომის დროს, უკრაინის ქალაქებისა და სოფლების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებს.