მოსკოვში ჩავიდნენ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები

სტივ უიტკოფი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წაპრმომადგენელი

ბიზნეს-ჯეტი, რომლის ბორტზეც, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი იმყოფებიან, მოსკოვის აეროპორტ „ვნუკოვოში“ დაეშვა, - იუწყება რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“.

სახელმწიფო სააგენტო ТАСС-მა კი ამერიკელი სტუმრების დასახვედრად გამზადებული ავტოკოლონის ვიდეო გამოაქვეყნა. „ამერიკული სპეციალური თვითმფრინავი Boeing C-32A მაიამის საერთაშორისო აეროპორტიდან [ფლორიდის შტატი] აფრინდა, შემდეგ, დაახლოებით 09:00 საათზე (მოსკოვის დრო), ჰელსინკიში შუალედური დაშვება განახორციელა, შემდეგ კი ფრენა განაგრძო და რუსეთის საჰაერო საზღვარი გადაკვეთა“, - განუცხადა წყარომ სააგენტოს.

გამოცემა Axios-ი უკრაინელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, რომ 5 სექტემბერს უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან გამართავენ მოლაპარაკებებს, 6 სექტემბერს კი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.

როგორც ტრამპმა თავად განაცხადა 4 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას, მისი სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვსა და კიევში ომის დასრულების წინადადებას ჩაიტანენ.

„ჩვენ გვაქვს იდეა, როგორ მივაღწიოთ მშვიდობას. ჩვენ ისინი გავაგზავნეთ იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა რაიმეს მიღწევა და სავსებით შესაძლებელია, რომ ეს გამოგვივიდეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დასავლეთში მზარდი შეშფოთების (რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ალიანსის სიმტკიცის შესამოწმებლად, შესაძლოა ნატოს რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმა გადაწყვიტოს) კომენტირებისას, ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ მას არ სჯერა მსგავსი გეგმებს არსებობისა.

რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი 2026 წლის 17-18 თებერვალს გაიმართა ჟენევაში. მომდევნო შეხვედრა 5 მარტს აბუ-დაბიში უნდა გამართულიყო, თუმცა ის გადაიდო ირანთან ომის დაწყების გამო.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი: ამერიკელ მომლაპარაკებლებს მიაქვთ ომის შეწყვეტის წინადადება

4 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ უკრაინა სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოსკოვში ვიზიტის დროს რუსეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.

ზელენსკიმ რუსეთს მოუწოდა, მომლაპარაკებლების ვიზიტის პერიოდში უკრაინაზე საჰაერო თავდასხმები შეწყვიტოს, რათა მათი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.