აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 6 სექტემბერს მატარებლით ჩავიდნენ პოლონეთიდან კიევში, ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებისთვის. ეს მათი პირველი ვიზიტია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
მატარებლის სადგურზე აშშ-ის წარმომადგენლებს დახვდნენ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, საგარეო დაზვერვის ოფისის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი და საპარლამენტო ფრაქცია "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელი დავიდ არახამია. მოგვიანებით უიტკოფი და კუშნერი შეხვდნენ პრეზიდენტ ზელენსკის.
აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ზელენსკიმ სხდომა გამართა მოლაპარაკების გუნდთან. ზელენსკის თქმით, კიევმა საკუთარი წინადადებები მოამზადა ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის.
მანამდე უიტკოფმა და კუშნერმა კრემლში მოლაპარაკება გამართეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ მხარეებმა განიხილეს "კონკრეტული გეგმები შემდეგ ნაბიჯებზე, რომლებიც უახლოეს კვირებში გამოცხადდება".