უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონს შეუტიეს, მათ შორის პერმის მხარესა და როსტოვის ოლქს.
პერმში დრონი მრავალსართულიან შენობას დაეცა, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს შენობის აალებული ბოლო სართულები.
პერმის მხარის გუბერნატორმა დმიტრი მახონინმა განაცხადა, რომ რეგიონის თავზე 22 დრონი ჩამოაგდეს, დაზიანდა მრავალბინიანი სახლი. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ოთხი კი დაშავდა.
ტელეგრამის არხი Supernova+ წერს, რომ დარტყმის სამიზნე იყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა Лукойл-Пермнефтеоргсинтез-ი, რომელიც მანამდეც არაერთხელ გამხდარა უკრაინული დრონების სამიზნე.
ეს საწარმო რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, ის წელიწადში 13 მლნ ტონაზე მეტ ნავთობს გადაამუშავებს, გადამუშავებული ნავთობპროდუქტების 50-%-ზე მეტი კი საექსპორტოა.
Exilenova+ აქვეყნებს NASA-ს FIRMS-სერვისის ფოტოს, რომელიც, არხის ცნობით, ასახავს როსტოვის ოლქის ტაგანროგის საჰაერო ბაზაზე არსებულ ხანძარს. გუბერნატორმა იური სლიუსარმა 7 სექტემბრის დილით განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმის მოგერიებისას ნოვოშახტინსკისა და რეგიონის რამდენიმე რაიონში ოცზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა. „ადგილზე დაშავებულების ან ზარალის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა, ეს დაზუსტდება“, - წერს ის.
ასევე ნახეთ
ოდესის ოლქის ორ რაიონში რუსული თავდასხმის გამო ხანძარი გაჩნდა - საგანგებო სიტუაციების სამსახურიჩუვაშეთის გუბერნატორმა ოლეგ ნიკოლაევმა განაცხადა, რომ ორი დრონი გაანადგურეს, დაზიანებულია მობილური კავშირგაბმულობის ბოძი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სხვადასხვა რეგიონში გადაიტაცეს და ჩამოაგდეს 306 უკრაინული დრონი, მათ შორის ანექსირებული ყირიმის, ასევე აზოვისა და შავი ზღვის აკვატორიების თავზე.
- უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის საცავები.
- მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, კიევი კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმას რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.