რუსეთში საჰაერო-კოსმოსური ძალების (ВКС) ოფიცრის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მოლდოვის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა და უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადეს.
დაკავებულია 21 წლის ნიკოლაი კოჩუ. გამოძიების ვერსიით, ის მკვლელობის ჩადენას დათანხმდა 2026 წლის გაზაფხულზე, უკრაინაში ყოფნისას, 70 ათასი დოლარის სანაცვლოდ.
როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ირწმუნება, კოჩუმ სპეციალური მომზადება გაიარა და ტრანზიტულად, სხვა ქვეყნების გავლით ჩავიდა რუსეთში. იქ მან კურატორებისგან დავალებები, ასევე სამხედრო მოსამსახურის ვინაობისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
გამოძიების ინფორმაციით, 2026 წლის 3 სექტემბერს სარატოვის ოლქის ენგელსის რაიონის დასახლებაში, პრობუჟდენიეში, მან სამხედრო მოსამსახურეს, სულ ცოტა, 6-ჯერ ესროლა. ოფიცრის ვინაობა ოფიციალურად არ დასახელებულა.
"ეფესბე" ირწმუნება, რომ კოჩუ ქვეყნის დატოვების მცდელობისას დააკავეს. უწყების განცხადებით, დაკითხვის დროს მან „დეტალური ჩვენება მისცა ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოების შესახებ“, რის შემდეგაც ჩვენება შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებშიც დაადასტურა.
ამ დრომდე არ გავრცელებულა თავად ნიკოლაი კოჩუს ან მისი დაცვის მხარის კომენტარი საქმეზე.
ასევე ნახეთ
ენგელსში რუსი სამხედრო მოსამსახურე დაჭრესმანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დასახლება "პრობუჟდენიეში" უცნობმა, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, კაცს ცეცხლი გაუხსნა. დაშავებულს „თავისა და მუცლის არეში“ ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.
ანონიმურმა Telegram-არხმა Досье шпиона-მა დაშავებულის ვინაობა დაასახელა - რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის 22-ე მძიმე ბომბდამშენი საავიაციო დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ნიკოლაი ვარპახოვიჩი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ვარპახოვიჩს იმ რუს სამხედრო მეთაურებს შორის ასახელებს, რომლებიც უკრაინის ქალაქებზე სტრატეგიული ავიაციის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე არიან პასუხისმგებელი, წერს The Insider-ი.
2026 წლის 31 აგვისტოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალური პროკურორის ოფისმა ნიკოლაი ვარპახოვიჩი დაუსწრებლად გამოაცხადეს ეჭვმიტანილად. უკრაინელი გამომძიებლების ვერსიით, სწორედ მან გასცა ბრძანება 2024 წლის 8 ივლისს კიევში მდებარე ბავშვთა სპეციალიზებულ საავადმყოფოზე, „ოხმატდეტზე“, სარაკეტო დარტყმის განხორციელების შესახებ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მაღალი რანგის რუს სამხედრო მოსამსახურეებს ესხმიან თავს.
2024 წლის 8 ივლისს კიევზე რუსეთის მასირებული სარაკეტო იერიშის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი ბავშვი. ერთ-ერთი რაკეტა უკრაინის უმსხვილეს ბავშვთა საავადმყოფოს, „ოხმატდეტის“, კომპლექსს მოხვდა. დაშავებულთა შორის რამდენიმე ბავშვიც იყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ იმ დღეს რუსეთის შეიარაღებული ძალები იერიშებს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ობიექტებსა და შეიარაღებული ძალების ავიაბაზებზე ახორციელებდნენ.