შსს-მ ქალზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა

დაკავებული მამაკაცი, კადრი შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა 20 სექტემბერს დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავე მამაკაცის ვინაობა მალევე დაადგინეს და ბრალდებულის სახით დააკავეს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

დმანისში ქალზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ გაავრცელა. მისი თქმით, პოლიცია მას შემდეგ გამოიძახა, რაც ქალის ცემას შეესწრო.

ბაირამოვას ცნობით, მამაკაცი ქალზე ძალადობის მიზეზად იმას ასახელებდა, რომ ის მისი ნებართვის გარეშე ქორწილში წავიდა.