21 სექტემბერს ესპანურ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ესტეპონაში 5 სექტემბერს სპეცოპერაციის შედეგად, პოლიციამ ერთ-ერთ სახლში ე.წ. „წამების ოთახი“ აღმოაჩინა. ესპანური გამოცემები წერენ, რომ დაკავებულები საქართველო მოქალაქეები არიან.
ეს ინფორმაცია თავდაპირველად ესპანეთში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა და გავლენიანმა ესპანურმა ონლაინგამოცემა El ESPAÑOL-მა გაავრცელა.
ფლობს თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ესპანურ მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, რომლებშიც ესტეპონაში ადამიანების სავარაუდო გატაცებისა და წამების საქმეზე შვიდ დაკავებულს საქართველოს მოქალაქეებად მოიხსენიებენ? და იმ შემთხვევაში, თუკი ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, აპირებს თუ არა სამინისტრო მოითხოვოს გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა? - ამ კითხვებზე პასუხი რადიო თავისუფლებამ ამ ეტაპზე, ვერ მიიღო. პასუხების მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება.
რას წერს ესპანური მედია „წამების ოთახზე“?
ბოლო ორი დღეა, რამდენიმე ესპანური გამოცემა აქვეყნებს სტატიებს, ესტეპონაში დაკავებული 7 ადამიანის შესახებ, რომლებსაც, ჟურნალისტების ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ „წამების ოთახი“ ჰქონდათ მოწყობილი.
ესპანელი ჟურნალისტების წყაროების ცნობით, ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ორი დაშავებული მამაკაცი გაათავისუფლეს და შვიდი - დააკავეს.
EL ESPAÑOL-ის თანახმად, პოლიციამ ამ სახლში იპოვა ოთახი, რომლის კედლები და იატაკი ცელოფნით იყო დაფარული.
ონლაინგამოცემის ინფორმაციით, გამოძიებასთან დაახლოებული წყაროების თანახმად, ცელოფნებს ბრალდებულები იყენებდნენ იმისთვის, რომ წამების დროს სისხლი იატაკსა და კედლებზე არ დარჩენილიყო, და კრიმინალისტებს ბიოლოგიური კვალისთვის ვერ მიეგნოთ.
გამოცემის ცნობით, ოთახში პოლიციამ მარწუხები, ჩაქუჩები და სხვა ნივთები იპოვა, რომლებითაც, გამოძიების ვერსიით, შესაძლოა მსხვერპლებს აწამებდნენ.
ქალის ზარი პოლიციაში
EL ESPAÑOL-ის ინფორმაციით, პოლიციას ერთ-ერთი მსხვერპლის პარტნიორმა ქალმა 5 სექტემბერს მიმართა.
მაროკოს მოქალაქე მამაკაცმა ქალს წინასწარ უთხრა, რომ, სავარაუდოდ, საქმიან შეხვედრაზე მიდიოდა და სთხოვა, რომ თუკი დაახლოებით 20 წუთში მას არ დაუკავშირდებოდა, პოლიციაში დაერეკა.
როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, ამ ზარის მიღების შემდეგ, მისამართზე მისულ პოლიციელებს ეზოში დაშავებული კაცი დახვდათ, რის შემდეგაც დამატებითი ძალები გამოიძახეს და სახლში შევიდნენ.
„ცელოფნით დაფარულ ოთახში მათ მეორე მამაკაცი აღმოაჩინეს - ესპანეთის მოქალაქე, რომელიც სკამზე იყო მიბმული, იყო სისხლიანი და სხეულზე დაზიანებები ჰქონდა“, - წერს გამოცემა.
ესპანური მედიის ცნობით, სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღიც იპოვა - მათ შორის ორი AK-47 ტიპის ავტომატური შაშხანა და პისტოლეტები.
რაზე დაყრდნობით დაიწერა, რომ დაკავებულები ქართველები არიან?
ესპანური მედიის თანახმად, სასტიკი დანაშაულისთვის დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები, აღმოსავლეთ ევროპის დანაშაულებრივი ორგანიზაციის სავარაუდო წევრები არიან.
ესპანელი ჟურნალისტები წერენ, რომ შვიდივე მათგანი წინასწარ პატიმრობაშია. ისინი გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ საქმე ეხება ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში სავარაუდო მონაწილეობას, წამებას, ადამიანის გატაცებასა და მკვლელობის მცდელობას.
მათივე ცნობით, სამართალდამცავები ჯგუფის სხვა შესაძლო წევრებსაც ეძებენ და არ გამორიცხავენ საქმეში ინტერპოლიც ჩაერთოს.
რადიო თავისუფლება ცდილობს იმ ესპანელ ჟურნალისტებთან დაკავშირებასაც, რომლებმაც თავდაპირველად გაავრცელეს ცნობა ესპანეთში დაკავებულების შესახებ და რომლებსაც ისინი საქართველოს მოქალაქეებად მიიჩნევენ.
ჩვენს კითხვებზე პასუხი, თუ რაზე დაყრდნობით გაავრცელეს მათ ცნობა დაკავებულების მოქალაქეობის შესახებ, ამ დროისათვის, არ მიგვიღია. ესპანელი ჟურნალისტებისგან პასუხების მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.