„ისევე, როგორც ბელგიაში, აქაც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ცალმხრივად შეეჩერებინა ინტეგრაციის პროცესი - ვფიქრობ, დადგა მომენტი, ევროკავშირმა გადახედოს თავის ამ მცდარ გადაწყვეტილებას, შეუძლებელია კონფრონტაცია იყოს სწორი გზა“, - თქვა პაპუაშვილმა.
ამავე განცხადებაში, გორში დაგეგმილ ფესტივალ „კამარაზე“ საუბრისას, მან ევროკავშირის საელჩო საქართველოში „სიძულვილის ენის, დედის გინების, „მონის“ წოდების, ფაშიზმის, რადიკალიზმის“ წაქეზებაში დაადანაშაულა. ამ ფესტივალის მონაწილე იყო Kordz-ი, რომელსაც ბოლო დღეებია სახელისუფლებო არხები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს“ უწოდებენ.
„[ელჩი] პაველ ჰერჩინსკი გვეუბნება, რომ მოსახლეობის უმეტესობისთვის საჯაროდ დედის გინება არის ქართული კულტურული მემკვიდრეობა. გვეუბნება, რომ „მონის“ წოდება ან „ფაშიზმი“ არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. პაველ ჰერჩინსკის თუ ჩვენ, ქართველები, ფაშისტები ვგონივართ და ჰგონია, რომ საქართველოში დედის გინება საჯაროდ „მოსულა“, არ ვიცი, მაშინ, მართლა ვერაფერი გაუგია ამ ადამიანს. თუ მისი სტანდარტია, რომ დედის გინება არის გამოხატვის თავისუფლება, მივიღებთ მხედველობაში, რომ თურმე დედის გინება ყოფილა ევროპული სტანდარტი“, - ასე გამოეხმაურა პაპუაშვილი საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.
პაპუაშვილის ამ კომენტარამდე რამდენიმე წუთით ადრე, ფესტივალის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში:
„30 წელია, ევროკავშირი მხარს უჭერს კულტურულ სფეროს საქართველოში – ეხმარება ქვეყანას უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, ხელს უწყობს შემოქმედებით ინდუსტრიებს, საქართველოს ხელოვანებსა და კულტურულ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს მათ ევროპელ კოლეგებთან აკავშირებს. ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა“.
საქართველოს ევროინტეგრაცია
- მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ევროკავშირს გაწევრიანებაზე განაცხადით 2022 წლის 3 მარტს მიმართა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების გამო, რაც ევროკავშირის მიერ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევად და დემოკრატიის უკუსვლად შეფასდა, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა მოგვიანებით, 2023 წლის დეკემბერში.
- 2024 წლიდან საქართველოს გაწევრიანების პროცესი „დე ფაქტო შეჩერებულია“, რასაც წინ უსწრებდა, პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების მიღება.
- ამავდროულად, ევროპარლამენტმა ბოლო წლების განმავლობაში მიიღო არაერთი კრიტიკული რეზოლუცია, რომლებითაც კრიტიკულად შეაფასა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა, კანონის უზენაესობა და ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები.
- „ქართული ოცნების“ ლიდერები 2022 წლის შემდეგ ევროპარლამენტის ანგარიშებსა და რეზოლუციებს, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკას შეიცავს, უწოდებენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას და აცხადებენ, რომ რეზოლუციებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებენ წევრ ქვეყნებს, - „ჩალის ფასი აქვს“.
- 2024 წლის 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ „დასანანია იმის ნახვა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზეა, როდესაც შეიძლებოდა რეკორდულად მაღალ ნიშნულზე ყოფილიყო...“ მანვე თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებული იყო.
- 2024 წლის 28 ნოემბერს მე-10 მოწვევის პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. იმავე დღეს „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი“.