ყაზახეთში სამხედრო სწავლებისას მინიმუმ 9 ჯარისკაცი დაიღუპა

საილუსტრაციო ფოტო: ყაზახეთის არმიის სამხედრო მოსამსახურე. 21 სექტემბერი, 2026.

ყაზახეთის არმიის სულ მცირე ცხრა სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა 24 სექტემბერს კასპიის ზღვაში მიმდინარე სამხედრო-საზღვაო სწავლებების დროს. შტორმმა ზღვაში ჩაითრია 19 სამხედრო. მათგან სამის გადარჩენა მოხერხდა. დადასტურებულია ცხრა ადამიანის სიკვდილი. დანარჩენებს ეძებენ: სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობენ სამხედრო-საზღვაო ძალების, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, ავიაციისა და სხვა სამსახურების ქვედანაყოფები.

გამოცემა Lada.kz, რეპორტიორზე დაყრდნობით იუწყება შემთხვევის ადგილიდან, რომ წყლიდან ამოიტანეს კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურის გვამი. ტელეარხმა „ატამეკენმა“ გავრცელა ინფორმაცია, რომ დაღუპულთა რიცხვმა 12 ადამიანს მიაღწია, თუმცა ინფორმაციის წყარო არ მიუთითებია. ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია ეს ინფორმაცია.

ყაზახეთის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის ფაქტზე, ასევე შეიქმნა სამთავრობო კომისია. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს.

სწავლება „ხაზარული ციხესიმაგრე-2026“ კასპიის ზღვის აკვატორიაში 22 სექტემბერს დაიწყო. როგორც რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური იუწყება, მასში მონაწილეობს 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, საბრძოლო ხომალდების ეკიპაჟები, სანაპირო ქვედანაყოფები, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამსახური, სანაპირო დაცვა და საჰაერო თავდაცვის ძალები.

სწავლების რაიონში უკვე მეორე დღეა უამინდობაა. ძლიერი ქარი და მძლავრი ტალღები ართულებს სამძებრო სამუშაოებს.

ასევე ნახეთ

პუტინს ომის დასრულებას უკვე მოკავშირეებიც მოუწოდებენ