ეს ინფორმაცია 23 სექტემბერს გაავრცელა სომხეთის „საზოგადოებრივი სერვისების მარეგულირებელმა კომისიამ“ (PSRC).
მხარეების შეხვედრა გაიმართა თბილისში, ენერგეტიკის რეგულირების მე-9 მსოფლიო ფორუმის კულუარებში - ფორუმისა, რომელიც საქართველოში წელს პირველად გაიმართა.
ვინ ესწრებოდა
ამავე წყაროს თანახმად, შეხვედრას ესწრებოდნენ:
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) თავმჯდომარე დავით ნარმანია;
- სომხეთის „საზოგადოებრივი მომსახურებების მარეგულირებელი კომისიის“ (PRSC) თავმჯდომარე მესროპ მესროპიანი;
- აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელი სააგენტოს (AERA) საბჭოს თავმჯდომარე სამირ ახუნდოვი;
- ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს პრეზიდენტი პედრო ვერდელი;
- ასევე, ევროკავშირისა და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) საერთო პროექტის, EU4Energy-ის წარმომადგენლები.
რა განიხილეს
სომხური მხარის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს:
- სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგოსისტემების ურთიერთინტეგრაციისა და რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები;
- ასევე, რეგიონის ენერგოსისტემების თურქეთის ენერგეტიკულ სისტემასთან დაკავშირების შესაძლებლობა.
ბოლო პერიოდში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არაერთხელ უთქვამს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემები ერთმანეთთან დაკავშირებას „TRIPP“-ის პროექტის ფარგლებში გეგმავენ.
23 სექტემბერს აშშ-მა გამოაცხადა „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) განხორციელების მომდევნო ეტაპზე გადასვლა - სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებთან ერთად.