ეროვნებით აფხაზი ეშბა სეპარატიზმისა და ომის წინააღმდეგი იყო და ბოლომდე რჩებოდა სოხუმში, მინისტრთა საბჭოს შენობაში.
„რუსეთში არსებობენ ძალები, რომლებიც ამ ომის გაგრძელებით არიან დაინტერესებული. თუმცა ამ პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ჩვენ - აფხაზებსა და ქართველებს - შეგვიძლია“ - ამბობს ეშბა ერთერთ ინტერვიუში 1993 წელს.
აქამდე ითვლებოდა, რომ ის 27 სექტემბერს, ჟიული შარტავასთან, გურამ გაბესკირიასთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად მოკლეს.
თუმცა ტრაგიკულო მოვლენებიდან 33 წლის შემდეგ რაულ ეშბას შვილი გვიყვება, რომ მამას 27 სექტემბრის შემდეგ ტელეფონით ესაუბრა - ის ტყვედ აიყვანეს, ოჯახს გამოსასყიდი მოსთხოვეს და, ფულის გადახდის მიუხედავად, ოქტომბრის დასაწყისში მოკლეს.
ვინ იყო რაულ ეშბა?
რაულ ეშბაზე ღია წყაროებში მწირი ცნობები იძებნება. მასზე ბევრი არც ქართულმა საზოგადოებამ იცის.
თბილისში მისი სახელობის, 270 მეტრი სიგრძის ქუჩა ცენტრიდან მოშორებით, ივერთუბანშია.
რაულ ეშბას ქუჩა თბილისში
ეშბა 1931 წლის 6 იანვარს ოჩამჩირეში დაიბადა. მას სოხუმში კარგად იცნობდნენ. სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა დიდ საწარმოებს, მათ შორის გემთშემკეთებელ ქარხანას, კინდღის მეფრინველეობის ფაბრიკასა და სოხუმის საზღვაო პორტს.
„ამბობდა, რომ მშვიდობის კაცი იყო. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სიკეთის კეთება. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იდგა მის წინაშე. ეროვნებას მისთვის, ასე ვთქვათ, პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ნამდვილად არ ჰქონდა“, - გვიყვება მისი შვილი, ინესა ეშბა, რომელიც დიდი ხანია, მოსკოვში ცხოვრობს.
რაულ ეშბა - ფოტო მისი შვილის, ინესა ეშბას არქივიდან
ის ამბობს, რომ აფხაზების დიდ ნაწილს რაულ ეშბას პოზიცია ჯერ კიდევ ომამდე არ მოსწონდა.
„ომამდე სოხუმში, მოედანზე, მიტინგი გაიმართა. მამაც გამოვიდა და თქვა, რომ არ შეიძლება ომი, უნდა დასრულდეს ეს სეპარატიზმი, რადგან ცოტანი ვართ და ერი უნდა შევინარჩუნოთ. რატომღაც ეს სიტყვები ვერ აპატიეს. იმდენად ვერ აპატიეს, რომ დღემდე იგრძნობა ამის გამოძახილი, მიუხედავად იმისა, რომ ომის დასრულებიდან უკვე 30 წელზე მეტია გასული. შეიძლება იმიტომაც, რომ ყველაფერი, რასაც ამბობდა, მართლდება“.
ბეთაშვილებისა და ეშბების მეგობრობა
„ეს წყვილი სოხუმის სახე იყო“, - გვეუბნება ნელი ბეთაშვილი რაულ ეშბასა და მის მეუღლეზე, დალი ეშბა-ხვინგიაზე.
ნელი ბეთაშვილის მეუღლე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს წევრი ჯუმბერ ბეთაშვილი, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში დახვრიტეს. მისი ნეშტი, რაულ ეშბას მსგავსად, დღემდე არ არის ნაპოვნი.
ბეთაშვილებისა და ეშბების ოჯახები მეგობრობდნენ. დალი იხსენებს, რომ ერთად დადიოდნენ სოკოს საკრეფად, სუფრებზე კი რაული და ჯუმბერი ხშირად თამადობდნენ.
„სიცილის, სიხარულისა და სიყვარულის გარდა არაფერი იყო ჩვენს შორის“, - ამბობს იგი.
რაულ ეშბას იხსენებს, როგორც „ჭკვიან, თბილ და ერუდირებულ“ ადამიანს, მას „ინტერნაციონალისტსაც“ უწოდებს.
„რაული სულ ამბობდა: უნდა ვიმეგობროთ, ერთმანეთს პატივი ვცეთ, ჩვენ ძმები ვართ, ერთად ვცხოვრობთ და ერთმანეთი უნდა გვიყვარდესო“, - ამბობს ბეთაშვილი.
Your browser doesn’t support HTML5
ნელი ბეთაშვილი
არძინბას აფხაზური ოპოზიცია
აფხაზეთში ომის დაწყებიდან ორ თვეზე ნაკლები იყო გასული, როდესაც 1992 წლის 4 ოქტომბერს სოხუმში მიტინგი გაიმართა. ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე ზურაბ პაპასკირი წიგნში „ჩემი აფხაზეთი“ იხსენებს, რომ გამომსვლელთა შორის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძეც იყო.
პაპასკირი წერს, რომ შეკრებილებს მიმართა „ცნობილმა აფხაზმა მოღვაწემ“ რაულ ეშბამაც და მათ ვლადისლავ არძინბას „გუდაუთის რეჟიმის წინააღმდეგ ერთიან ფრონტად გაერთიანებისკენ“ მოუწოდა.
რაულ ეშბა
„მიტინგის მონაწილეებმა მკაცრად დაგმეს სეპარატისტებისა და მათი მფარველების ვერაგული მოქმედებები და ქვეყნის ხელმძღვანელობას მოუწოდეს, შეიარაღებული ძალებისთვის დაუყოვნებლივ შეტევაზე გადასვლისა და გუდაუთისა და გაგრის გათავისუფლების ბრძანება მიეცა“, - წერს პაპასკირი.
წლების შემდეგ, 2009 წელს, ლორიკ მარშანია წერდა, რომ რაულ ეშბა ვლადისლავ არძინბასთვის „საშიში“ იყო, როგორც „ავტორიტეტული, მამაცი, ჭეშმარიტი პატრიოტი“, რომელიც არძინბას მოქმედებებს უპირისპირდებოდა.
ვლადისლავ არძინბა სოხუმში, 1992 წელი
ვლადისლავ არძინბა 1990 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და აფხაზური სეპარატისტული მოძრაობის ლიდერი იყო. აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც ქართულმა მხარემ სოხუმზე კონტროლი დაამყარა, აფხაზური ძალები არძინბას ხელმძღვანელობით გუდაუთაში გადავიდნენ. ომის შემდეგ ის აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. 1997 წელს ის თბილისში ჩამოდის, შევარდნაძესთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. არძინბა „პრეზიდენტის“ პოსტს 2005 წლამდე იკავებდა, 2010 წელს კი, 64 წლის ასაკში, მოსკოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ორჯერ სიკვდილმისჯილი „ხალხის მტერი“
რაულ ეშბას შეხედულებებისა და ომისადმი დამოკიდებულების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ღირებული წყარო, რომელსაც მივაგენით, გაზეთ „სვობოდნაია გრუზიაში“ 1993 წლის 17 მარტს გამოქვეყნებული ინტერვიუა, სახელწოდებით „ორჯერ იყო სიკვდილმისჯილი“.
გაზეთ „სვობოდნაია გრუზიაში“ 1993 წლის 17 მარტს გამოქვეყნებული ინტერვიუ
ინტერვიუ 16 მარტს მომხდარ გუმისთის ბრძოლამდე, აფხაზეთის ომის ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან შეტაკებამდე, თბილისში ჩაიწერა.
სტატიის ავტორი ინა ფრიდკინა წერს, რომ რაულ ეშბას სიკვდილი ორჯერ მიუსაჯეს:
„ტყვარჩელში მისი დახვრეტა გადაწყვიტეს, გუდაუთაში კი - ჩამოხრჩობა. თუმცა ბატონი ეშბა ახლა ჩვენს რედაქციაშია, ინტერვიუს გვაძლევს, ცოცხალი და ჯანმრთელია“.
სტატიაში მითითებულია ეშბას იმჟამინდელი სტატუსი:
- აფხაზეთის მრეწველობის მინისტრი,
- აფხაზეთის ხსნის კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი,
- საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მრჩეველი.
ავტორი წერს, რომ ეშბა ომის დაწყებას აფხაზეთში „კომერციული სტრუქტურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შეხვდა“ და მანამდე „პოლიტიკისგან საკმაოდ შორს იყო“. ეშბა პასუხობს, რომ პოლიტიკაში ჩართვა „ცხოვრებამ აიძულა“.
რაულ ეშბა - ფოტო მისი შვილის არქივიდან
ინტერვიუში ცხადად ჩანს, რომ ის ომისა და სეპარატიზმის წინააღმდეგია და რუსეთს ქართველებსა და აფხაზებს შორის შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებს.
აი რამდენიმე ყველაზე მძაფრი ფრაგმენტი მისი 1993 წლის ინტერვიუდან:
- „ეს ომი კატასტროფაა როგორც ქართველი, ისე აფხაზი ხალხისთვის. ამაოდ ცდილობენ ჩვენს დაყოფას „მტრებად“ და „გმირებად“. ის „გმირები“, რომლებიც ფაქტობრივად მთელი აფხაზი ხალხის განადგურებისკენ, უკანასკნელ ცოცხალ აფხაზამდე ომისკენ მოუწოდებენ, ალბათ ვერ აცნობიერებენ, რა საშინელი უფსკრულისკენ მიგვაქანებენ. მოვა დრო და, დარწმუნებული ვარ, ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს“.
- „ყველაზე მარტივი იარლიყების მიწებებაა. ყოფილი საბჭოთა კავშირის არსებობის მთელი 70 წლის განმავლობაში ეს ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა იყო - „ხალხის მტრების“ ძებნა. როგორც ჩანს, ადამიანების ფსიქოლოგია დიდად არ შეცვლილა. მეც „მტრად“ გამომაცხადეს, თუმცა ვფიქრობ, ჩემთვის გამოტანილი განაჩენები მხოლოდ სისუსტის ნიშანია. „მტრებს“ შორის მარტო მე კი არა, ჩემი ბევრი მეგობარიც აღმოჩნდა, რომელთაც მშვიდობა და საკუთარი ერის გადარჩენა სურთ“.
- „ყველა აფხაზი არ უჭერს მხარს არძინბას მიერ ქადაგებულ სეპარატისტულ შეხედულებებს. ყველას ერთ ყალიბში მოქცევა არასწორია“.
- „მოსახლეობის უმრავლესობას ომი არ სურს და ძმათამკვლელი დაპირისპირების შეწყვეტას ითხოვს. მათი აზრით, ერთმანეთს პოლიტიკოსები ებრძვიან და არა ჩვეულებრივი ადამიანები“.
- „თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი: მესამე ძალა რომ არ ყოფილიყო, შეთანხმებას დიდი ხნის წინ მივაღწევდით“.
- „რუსეთში არსებობენ ძალები, რომლებიც ამ ომის გაგრძელებით არიან დაინტერესებული. თუმცა ამ პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ჩვენ - აფხაზებსა და ქართველებს - შეგვიძლია“.
- „ერთმანეთს ქართველები და აფხაზები კი არა, როგორც უკვე აღვნიშნე, იდეოლოგიები ებრძვიან“.
- „ჩვენ ომის წინააღმდეგი ვართ და ყველა ძალით უნდა შევაჩეროთ ძმათამკვლელი სისხლისღვრა“.
რაულ ეშბა (მარჯვნივ) იურისტთან, საზოგადო მოღვაწე მიხეილ ცივინთან და მის მეუღლესთან ნატალია დროჟინთან ერთად
პრესკონფერენცია სოხუმში
რამდენიმე დღის შემდეგ, 22 მარტს, ეშბა უკვე სოხუმშია. ინტერვიუს შემდეგ „სვობოდნაია გრუზია“ ახლა მის პრესკონფერენციაზე ნათქვამს აქვეყნებს.
გაზეთ „სვობოდნაია გრუზიაში“ 1993 წლის 22 მარტს გამოქვეყნებული სტატია
ეშბა აკრიტიკებს არძინბას და ომს კვლავ „ორი იდეოლოგიის დაპირისპირებას“ უწოდებს.
- „ჩვენი ხალხების გაყოფა შეუძლებელია. ისინი ყოველთვის ერთად იქნებიან. როგორ იცხოვრებენ მომავალში, ეს მხოლოდ მათ უნდა გადაწყვიტონ“.
- „ჩვენი ამოცანაა სისხლისღვრის შეჩერება. როცა ამდენი ჩვენი ბიჭი იღუპება, შეუძლებელია, არ დასვა კითხვა: რისთვის ვიბრძვით?“
ეშბა საბჭოთა პერიოდის აფხაზეთზე საუბრობს:
„მე აფხაზი ვარ და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი აფხაზეთი საბჭოთა კავშირში ყველაზე პრივილეგირებული რესპუბლიკა იყო. გვქონდა თეატრი, კაპელა, სიმფონიური ორკესტრი, უნივერსიტეტი, მწერალთა და კომპოზიტორთა კავშირები, საკუთარი ენა და ლიტერატურა. განვითარების მსგავსი პირობები არც ერთ სხვა რესპუბლიკაში არ ყოფილა. ხელმძღვანელი თანამდებობების 70 პროცენტი აფხაზებს ეკავათ. დღეს კი მესმის, თითქოს აფხაზებს მონებად ცხოვრება არ სურთ. დარწმუნებული ვარ, რუსების 90 პროცენტი ბედნიერი იქნებოდა, ასეთ „მონობაში“ რომ ეცხოვრა“.
სავარაუდოდ, 1993 წელს გადაღებული ვიდეოჩანაწერია. რაულ ეშბა კამერის წინ ჰყვება, როგორი იყო ცხოვრება საბჭოთა აფხაზეთში.
1993 წლის 31 მარტს „სვობოდნაია გრუზიამ“ საზოგადოება „სოხუმის“ ხელმძღვანელის, ლეონიდ ჯახაიას ინტერვიუ გამოაქვეყნა. ის რაულ ეშბას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრ სვეტლანა კეცბას, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებს ლორიკ მარშანიასა და რამაზ სიჭინავას ახსენებს და ამბობს, რომ ისინი „ქართული სახელმწიფოს ერთიანობის პოზიციებს“ იზიარებდნენ და „დარჩნენ სოხუმში, არ წასულან გუდაუთაში“.
ეშბას მთავარი მიზანი „ომის არდაშვება“ იყო, გვეუბნება ლორიკ მარშანიას შვილი, პოლიტიკოსი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ადა მარშანიაც.
„ის მე რამდენჯერ მინახავს აქ ჩამოსული, თბილისში, ომამდე, კონფლიქტამდე და მერე ომის დროს. [მისი მიზანი იყო] გადარჩენა ყველა ადამიანის იმ დღეებში სოხუმში, ვინც მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებოდა. და, რა თქმა უნდა, მას ესმოდა, რომ ეს სეპარატისტული მოძრაობები დამღუპველია როგორც აფხაზი ხალხისთვის, ასევე ქართველი ხალხისთვის და საერთოდ კატასტროფის მომტანია. და ასეც მოხდა. მან თავისი სიცოცხლე დადო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი არ მომხდარიყო“, - ამბობს მარშანია.
Your browser doesn’t support HTML5
ადა მარშანია
რაულ ეშბას სოხუმში დღემდე მოღალატედ თვლიან. ის „აფხაზეთში ქართული საოკუპაციო ხელისუფლების სამსახურში იდგა“, - ამბობდა მასზე 2020 წელს აფხაზური უნივერსიტეტის პროფესორი კონსტანტინ დუმაა.
სოხუმის დაცემის დღე
1993 წლის სექტემბრის ბოლოს, როდესაც სოხუმისთვის ბრძოლა ბოლო ეტაპზე გადავიდა, რაულ ეშბა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად მინისტრთა საბჭოს შენობაში რჩებოდა.
სოხუმი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შენობა.
ჟიული შარტავას მეუღლე მოგვიანებით იხსენებდა, რომ ეშბა შარტავას კაბინეტიდან, ოპერატიული თათბირის შემდეგ, ერთ-ერთი ბოლო გავიდა.
როდესაც 27 სექტემბერს შენობას ჩრდილოეთკავკასიელმა მებრძოლებმა ალყა შემოარტყეს, იქ მყოფები გარეთ გამოვიდნენ და მათ ჩაბარდნენ.
გადაღებულ კადრებში ჩანან ჟიული შარტავა და სოხუმის მერი გურამ გაბესკირია. ვიდეოში ისმის როგორ მოითხოვენ შეიარაღებული მებროლები გაბესკირიამ დაიჩოქოს: „Никогда в жизни“ - „არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!“ - პასუხობს იგი.
გარშემო სროლის ხმა ისმის. კადრებში ჩანს რაულ ეშბაც. ერთ-ერთი მებრძოლი მას სახეში ურტყამს.
„ბატონი რაული ძალიან ამაყი ადამიანი იყო, მედგარი და უშიშარი, ყოველთვის ასეთი იყო. ეტყობა, რაღაც ისეთი უთხრა მათ და ეს იყო პასუხი“, - გვეუბნება ადა მარშანია.
შარტავა, გაბესკირია და სხვები იმ დღესვე დახვრიტეს.
ჟიული შარტავა თბილისში 1993 წლის 5 ოქტომბერს დაკრძალეს; გურამ გაბესკირია, ნეშტის იდენტიფიცირებისა და აფხაზეთიდან გადმოსვენების შემდეგ, 2017 წლის 17 ოქტომბერს.
ასევე ნახეთ
შინ დაბრუნებული გმირები სამხედრო პატივით დაკრძალეს2017 წელს გადმოასვენეს და დაკრძალეს რაულ ეშბას დაცვის წევრებიც, რომლებიც ასევე 1993 წლის 27 სექტემბერს დახვრიტეს - ალექსანდრე ფარცვანია და ვახტანგ ფარცვანია. (რაულ ეშბას შვილმა გვითხრა, რომ ფარცვანიები დედამისის ბიძაშვილები იყვნენ).
რაულ ეშბას ცხედარი დღემდე დაკარგულია. ითვლებოდა, რომ ისიც 27 სექტემბერს, სხვებთან ერთად დახვრიტეს.
ასევე ნახეთ
ჟიული შარტავა და კიდევ 48 - მინისტრთა საბჭოს აღებისას დახვრეტილები„მამა 27 სექტემბერს არ მოუკლავთ“ - ინესა ეშბა
ინესა ეშბა მამამისის დაღუპვის აქამდე ცნობილი ამბის რადიკალურად განსხვავებულ ვერსიას გვიყვება. მისი მტკიცებით, 1993 წელს, სოხუმის დაცემის დღეს, რაულ ეშბა ტყვედ აიყვანეს და ოჯახის გამოსასყიდი მოსთხოვეს.
შვილის თქმით, ეშბა მინისტრთა საბჭოს შენობაში მყოფთაგან განცალკევებით გაიყვანეს. მოგვიანებით ის სოხუმის „ახალ რაიონში“ ნახეს, შემდეგ კი ოჯახის წევრებთან დაარეკინეს - „ამბობენ, რომ გაგრიდან რეკავდა“ - იხსენებს ინესა ეშბა, რომელიც ამ მოვლენების დროს უკვე რუსეთში ცხოვრობდა.
რაულ ეშბა ქალიშვილ ინესასთან და შვილიშვილთან ერთად
„მან მითხრა, რომ გამიმართლა, ნაცნობები შემხვდა, მაგრამ დიდ გამოსასყიდს ითხოვენ“.
ინესა ეშბა ამბობს, რომ ოქტომბრის დასაწყისში მამას კიდევ ერთხელ ესაუბრა. სატელეფონო საუბრის დროს მან კონკრეტული ადამიანებიც დაუსახელა, ვისაც მისი დახმარება შეეძლო.
ინესას თქმით, ოჯახმა შუამავლების დახმარებით გამოსასყიდის ნაწილი მალევე გადაიხადა, ძირითადი ნაწილი კი მოგვიანებით ადლერში ჩაიტანა და გადასცა ადამიანს, რომელიც დაჰპირდა, რომ მამას ორ დღეში ცოცხალს დააბრუნებდა. თუმცა დაპირება არ შესრულდა.
ინესა ეშბა
რადიო თავისუფლება: თქვენი ვერსიით, შემდეგ რა მოხდა?
ინესა ეშბა: მე ჩემი ვერსია არ მაქვს, მაგრამ ჩემი ყოფილი თანაკლასელი, რომელიც მამასთან მუშაობდა და ეს ამბავი უკეთ იცის, ამბობს, რომ ვიღაცებმა ფულის შესახებ შეიტყვეს, მამა იპოვეს, წაიყვანეს და სადღაც სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს.
რადიო თავისუფლება: ვინ მოკლა?
ინესა ეშბა: იქ რაღაც დაჯგუფება იყო. ამბობენ, [ჩვენი] ნათესავებიდან იყვნენ.
რაულ ეშბას ნეშტი დღემდე ნაპოვნი და იდენტიფიცირებული არ არის.
„ცოტა ხნის წინ წითელი ჯვრისგან წერილი მივიღე, სადაც წერია, რომ მას შემდეგ, რაც მამა მოედნიდან წაიყვანეს, ის აღარავის უნახავს“, - ამბობს ინესა ეშბა.
Your browser doesn’t support HTML5
ინესა ეშბა
რატომ მოკლეს?
დავით გულუა, რომელიც რაულ ეშბასთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მუშაობდა და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, არ ეთანხმება აზრს, თითქოს აფხაზი ეშბა ომის დროს „ქართველებს ამოუდგა მხარში“.
მისი თქმით, ეშბა საკუთარ პოზიციას სწორედ აფხაზი ხალხის ინტერესებით ხსნიდა და „24 საათი აფხაზების პრობლემებით და საქმეებით იყო დაკავებული“. ამასთან, გულუას თქმით, ეშბა საქართველოს ხელისუფლების ცალკეულ გადაწყვეტილებებსაც აკრიტიკებდა და მის ყველა ნაბიჯს უპირობოდ არ ეთანხმებოდა.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ვლადისლავ არძინბას „ხელისუფლება“ გუდაუთაში გამაგრდა, „მათ ყველა აფხაზი, ვისაც ქართველებთან რაიმე ურთიერთობა ჰქონდა, მტრად გამოაცხადეს“, მათ შორის რაულ ეშბაც.
„რაული რატომ იყო მათთვის, ამ სეპარატისტებისთვის, ომის გამჩაღებელი ადამიანებისთვის, განსაკუთრებით მიუღებელი? რაული თავისი არსით და თავისი ქმედებებით ყველაფრის წინააღმდეგი იყო, რასაც ისინი აკეთებდნენ. მას ესმოდა, რომ ის, რაც კეთდებოდა, აფხაზი ხალხისთვის არ კეთდებოდა“, - ამბობს გულუა.
მისი აზრით, ეშბას სიცოცხლის ბოლო წუთებამდე სჯეროდა, რომ აფხაზი „მასზე ხელს არ აღმართავდა“.
„რატომ მოკლეს? იმიტომ, რომ ის მართალი იყო“, - ამბობს გულუა.
Your browser doesn’t support HTML5
დავით გულუა
რაულ ეშბას ოჯახი
ეშბას მეუღლე, დალი ეშბა-ხვინგია, სოხუმის მუსიკალურ სკოლაში ასწავლიდა. ომის შემდეგ ის მოსკოვში, ქალიშვილთან გადავიდა საცხოვრებლად.
რაულ ეშბა მეუღლესთან და შვილიშვილთან ერთად - ფოტო ინესა ეშბას არქივიდან
„ბოლო თვითმფრინავით გამოიყვანეს სოხუმიდან თბილისში. შემდეგ ჩემთან, მოსკოვში ჩამოვიდა და მთელი ეს წლები ჩემთან ცხოვრობდა. როცა გარდაიცვალა, მისი სურვილისამებრ, სოხუმში გადავასვენეთ და იქ დავკრძალეთ“, - გვიყვება ინესა ეშბა.
ორი წლით ადრე აფხაზეთში დაკრძალეს რაულისა და დალის შვილი, თენგიზიც.
„პანაშვიდზე დეიდაჩემთან, ნელისთან მიდიოდნენ და ამბობდნენ: ჩვენ მოვედით, რომ თენგიზთან ერთად რაულსაც დავემშვიდობოთო“, - გვითხრა ინესამ.
რაულის და, ცნობილი ხელოვანი, თეატრის რეჟისორი ნელი ეშბა, 1970-იანი წლების ბოლოდან რუსეთში ცხოვრობდა. აფხაზეთში 2005 წელს დაბრუნდა, სადაც სპექტაკლების დადგმას აგრძელებდა. ნელი ეშბა 2015 წელს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.