რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, Red Wings-ს თბილისში ფრენების შესრულება რუსეთის კიდევ ექვსი ქალაქიდან სურს:
- ომსკი;
- ვოლგოგრადი;
- იჟევსკი;
- კრასნოიარსკი;
- სარატოვი;
- სურგუტი.
ბათუმის მიმართულებით ავიაკომპანიის განაცხადში 17 ქალაქია:
- ასტრახანი;
- ჩერეპოვეცი;
- ჩებოქსარი;
- ულიანოვსკი;
- სიქტივკარი;
- სურგუტი;
- სტავროპოლი;
- ორენბურგი;
- ომსკი;
- ნიჟნეკამსკი;
- კალინინგრადი;
- ირკუტსკი;
- იჟევსკი;
- ბარნაული;
- კრასნოიარსკი;
- ვოლგოგრადი;
- სარატოვი.
ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ამ მიმართულებით ფრენები აუცილებლად დაიწყება. „როსავიაცია“ გადამზიდავს საერთაშორისო მარშრუტის შესრულების უფლებას აძლევს, თუმცა ავიაკომპანიას რეისის დაწყების ვალდებულებას არ აკისრებს. მარშრუტის რეალურად ამოქმედება კომერციულ გადაწყვეტილებაზე, განრიგსა და საქართველოს შესაბამისი ნებართვის მიღებაზეც არის დამოკიდებული.
ასევე ნახეთ
სოხუმი სოჭის ნაცვლად - რუსული ავიაკომპანია ფრენების მარშრუტს ცვლისRed Wings-ს რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის უკვე აქვს რეგულარული და სეზონური რეისები
2026 წლის სექტემბრის მოქმედი განრიგების მიხედვით, თბილისი პირდაპირი ავიარეისებით დაკავშირებულია რუსეთის რამდენიმე ქალაქთან, მათ შორის მოსკოვთან, სანქტ-პეტერბურგთან, სოჭთან, ეკატერინბურგთან, ყაზანთან, კრასნოდართან, მინერალურ წყლებთან, ნიჟნი-ნოვგოროდთან, ნოვოსიბირსკთან, სამარასთან, ტიუმენსა და უფასთან.
ბათუმიდან კი პირდაპირი რეისები სრულდება, მათ შორის, მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, სოჭის, ეკატერინბურგის, ყაზანის, კრასნოდარის, მინერალური წყლების, ნიჟნი- ნოვგოროდის, ნოვოსიბირსკის, ორენბურგის, პერმის, სამარის, სარატოვის, ტიუმენის, ვოლგოგრადისა და ჩელიაბინსკის მიმართულებით. მიმართულებების ნაწილი სეზონურია და განრიგი წლის განმავლობაში იცვლება.
„როსავიაციის“ საიტზე გამოქვეყნებულ მასალებში საუბარია რუსული ავიაკომპანია Azimuth-ის მიერ მოთხოვნილ დროებით დაშვებებზეც. ავიაკომპანიას სურს თბილისში პერმიდან, სამარიდან და ჩელიაბინსკიდან იფრინოს, თითოეული მიმართულებით კვირაში ხუთჯერ.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს რუსული ავიაკომპანიების წილმა საქართველოს საავიაციო ბაზარზე 10% შეადგინა. Red Wings-მა წლის განმავლობაში 506 001 მგზავრი გადაიყვანა, Azimuth Airlines-მა კი 338 554.
ასევე ნახეთ
საქართველოში ირანული ავიაკომპანიების ფრენები შეწყდა- რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წლის მაისში აღდგა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მაშინ გააუქმა 2019 წლიდან მოქმედი აკრძალვა საქართველოსთან პირდაპირ ავიარეისებზე.
- ამჟამად საქართველოსა და რუსეთის ქალაქებს შორის პირდაპირ ფრენებს Georgian Airways-ი, Red Wings-ი და Azimuth Airlines-ი ასრულებენ.
- რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენისას საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ ქვეყანაში ფრენის უფლება არ მიეცემოდათ საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფ ავიაკომპანიებსა და საჰაერო ხომალდებს.
- აშშ, ევროკავშირი და უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ მოსკოვთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების გამო. რუსეთთან ავიარეისების აღდგენის შემდეგ კიევმა სანქციები დაუწესა ავიაკომპანია Georgian Airways-სა და მის დამფუძნებელს, თამაზ გაიაშვილს. ის მიიჩნევს, რომ „უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში” მისი „ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა“.