კიევი ეხმაურება რუსეთის დარტყმას მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაზე - "არის ცნობები დაღუპულებსა და დაშავებულებზე"

უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობა რუსეთის თავდასხმის შემდეგ. 2026 წლის 28 სექტემბერი. კიევი

"უკრაინის ყველა პარტნიორმა ამ ტერორით, ამ დარტყმებით უნდა დაინახოს, რომ უკრაინის მხარდაჭერა ნიშნავს ადამიანების სიცოცხლის ჭეშმარიტად მხარდაჭერას - იმ პრინციპის მხარდაჭერას, რომ ტერორი არასდროს, არსად უნდა ნორმალიზდეს.

რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ამ ყველაფერზე და რეალური შედეგები იწვნიოს", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 28 სექტემბერს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის - მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ.

მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია: მაშველები აქრობენ ცეცხლს და ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს.

უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ: კიევში თავდასხმები იყო აგრეთვე ფარმაცევტულ კომპანიაზე და ბენზინგასამართ სადგურებზე; დნიპროში - ბიზნესცენტრზე; სხვა ქალაქებსა და ოლქებში - სამოქალაქო ობიექტებზე, ბიზნესებზე და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე - "სამწუხაროდ, არიან დაღუპულები..." - წერს ზელენსკი.

ასევე ნახეთ

შიმშილი ოკუპირებულ ქალაქში - უკრაინა ოლეშკისათვის საკვების მიწოდებას დრონებით ცდილობს 

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაზე თავდასხმის გამო განცხადება გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამაც:

“დღისით-მზისით, კიევის შუაგულში, რუსეთმა დაარტყა უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობას. არის ცნობები დაღუპულებსა და დაშავებულებზე.

რუსეთის ცინიზმს საზღვარი არ გააჩნია. სამუშაო საათებში, ხალხით სავსე სამეცნიერო დაწესებულება იქცა რუსეთის ტერორის მორიგ სამიზნედ".

სიბიჰას სიტყვებით, რუსეთი სულ უფრო აფართოებს თავდასხმების ფარგლებს, რომლებსაც, "მისი შეხედულებით, მსოფლიო მოთმინებით უპასუხებს":

"ყოველი თავდასხმა, რომელსაც არ გაეცემა ძლიერი პასუხი, მხოლოდ შემდგომი თავდასხმის წახალისებაა.

ჩვენს პარტნიორებს აქვთ საშუალებები ამ გათვლების შესაცვლელად. უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი რაკეტების გადამჭერი ჩვენი ქალაქების დასაცავად, უფრო მკაცრი სანქციები რუსეთის ომის რესურსების გარეშე დასატოვებლად და უფრო ძლიერი ზეწოლა ყველაზე, ვინც მოსკოვს მკვლელობის მანქანის შენარჩუნებაში ეხმარება".

ანდრი სიბიჰა აცხადებს, რომ "უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის ფასი აგრესორისთვის გაუსაძლისი უნდა გახდეს".

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს იუნესკოს, ხმის და მის არჩევით უწყებებში წევრობის უფლება ჩამოართვას "აგრესორ სახელმწიფოს".

ასევე ნახეთ

უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთში დაარტყა სამხედრო და სამრეწველო ობიექტებს

28 სექტემბერს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის დედაქალაქში არაერთ სამოქალაქო შენობაზე განახორციელა დარტყმები. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაში მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.

ონლაინგამოცემა "უკრაინსკა პრავდას" ინფორმაციით აკადემიის შენობაზე დრონით იერიშის შედეგად დაიღუპა ნატალია ბუკალო, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივნის ვოლოდიმირ ჰორბულინის მეუღლე. ამის შესახებ გამოცემას აცნობა დაღუპული ქალის თანამშრომელმა.