კიევსა და კიევის ოლქზე რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო

რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგები კიევის ოლქის ბუჩის რაიონში, 2026 წლის 29 სექტემბერი

რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე და კიევის ოლქზე. შეტევას ნგრევა და ხანძრები მოჰყვა.

რუსეთი კიევს ზედიზედ რამდენიმე დღეა უტევს. ამჯერად საჰაერო განგაში 29 სექტემბერს, ადგილობრივი დროით ღამის პირველი საათის შემდეგ გამოცხადდა.

კიევში პირველი აფეთქებების შემდეგ ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობები, რომ პეჩერის რაიონში იწვის სამსართულიანი არასაცხოვრებელი შენობა, ხოლო სოლომიანსკის რაიონში - სასწავლო დაწესებულების ერთ-ერთი კორპუსი. ამავე რაიონში დაზიანებულია ინფრასტრუქტურის ობიექტი.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გოლოსიივსკის რაიონში ხანძარი გაუჩნდა ხუთსართულიან სახლს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ორი ადამიანი დაშავდა კიევის ოლქის ბუჩის რაიონში, სადაც დრონით დარტყმის შედეგად განადგურებულია კერძო სახლი.

ასევე ნახეთ

ზელენსკი: რუსები უკვე შეუდგნენ დამატებით მობილიზაციას

განახლება: 29 სექტემბერს დილით უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ კიევში ერთი ადამიანი დაშავდა. ის გოლოსიივსკის რაიონში დაზიანებული სახლის მობინადრეა. ორი კერძო სახლია დაზიანებული სოლომიანსკის რაიონშიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებით 29 სექტემბერს დილით გავრცელებული ინფორმაციით, კიევში დაარტყეს ლოკომოტივების დეპოს, სადაც ფრთოსანი რაკეტების, „ფლამინგოს“ საწყობი იყო და მონაცემთა დამუშავების ორ ცენტრს, რომლებსაც უკრაინის არმიის ინეტერესებისთვის იყენებდნენ, ხოლო კიევის ოლქში - საწყობების ტერმინალს, სადაც დრონებს აწარმოებდნენ და ინახავდნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 სექტემბერს სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ობიექტები, რომლებსაც „ტერორისტებმა“ კიევში დაარტყეს, მხოლოდ სამოქალაქოა, მათ შორის სადგურ „კიევი-სამგზავროს“ დეპო და ბიზნეს-ცენტრები.

  • რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე მასირებული შეტევა მიიტანეს 28 სექტემბერსაც. საგანგებო სიტუაციების სამსახურის და კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაიღუპა 2 და დაშავდა 26 ადამიანი.
  • დრონებით შეტევის შედეგად განადგურებულ და დაზიანებულ შენობებს შორის არიან მეცნიერებათა აკადემიის და სამედიცინო ცენტრის, „დობრობუტის“ შენობები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 28 სექტემბერსაც ირწმუნებოდა, რომ კიევში დაარტყეს უკრაინის არმიის ინტერესებისთვის გამოყენებულ ობიექტს. ამჯერად, ასეთ ობიექტად დაასახელეს კომპანია „უკრტელეკომის“ მონაცემთა დამუშავების ცენტრი.

ასევე ნახეთ

პუტინმა შეზღუდა წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც ნავთობის წარმოებას და საწვავის გაყიდვას ეხება