გამოცემას ორი მაგალითი მოჰყავს: ჩოლაკიანმა „ტაშა“ უწოდა სოხუმის რაიონში, მრცას კასკადური ჩანჩქერებიდან ერთ-ერთს და კიდევ ერთ ჩანჩქერს გულრიფშის რაიონში, მაღალმთიან ტბა ამტყელთან.
„ჩოლაკიანის ვერსიით, ორივე ჩანჩქერს ტაშა ჰქვია, ვინმე ნატალის პატივსაცემად“, - წერს „აიაშარა“.
სავარაუდოდ, გიდმა ახალი სახელები ერთ-ერთი რუსული ონლაინრუკის მონაცემებშიც შეიტანა - „აიაშარა“ შესაბამის „სკრინებსაც“ აქვეყნებს.
გამოცემის წყაროების თანახმად, ჩოლაკიანს მთიან აფხაზეთში ტურისტების მრავალრიცხოვანი ჯგუფები დაჰყავდა და მათ აჩვენებდა ღირსშესანიშნაობებს, „რომლებსაც თავად მოგონილ სახელებს არქმევდა“.
„რამდენ ისტორიულ ადგილს დაარქვა მან ტაშა, მაშა და ნატაშა, უცნობია“, - წერს გამოცემა.
„აიაშარა“ კიდევ ერთ, უფრო მძიმე ბრალდებაზეც საუბრობს. მისი ინფორმაციით, „ჩოლაკიანის ჯგუფი“ ტურიზმის გარდა, არქეოლოგიური გათხრებითაც იყო დაკავებული და აღმოჩენილი ნივთები აფხაზეთის ფარგლებს გარეთ გაჰქონდა. გამოცემა ამის დასადასტურებლად ფოტოებსაც ავრცელებს, თუმცა როდის და რა პირობებშია ისინი გადაღებული, უცნობია.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, ჩოლაკიანს ატესტაციის მოწმობა და ტურიზმის ინსტრუქტორის სამკერდე ნიშანი გაუუქმდა.
დე ფაქტო უწყება მიზეზად „ტურიზმის ინსტრუქტორის მომსახურების წესის დარღვევის ფაქტის დადგენას“ ასახელებს. 24 სექტემბრიდან ჩოლაკიანი გიდების, გიდ-თარჯიმნებისა და ტურიზმის ინსტრუქტორების რეესტრიდანაც ამოიღეს.
„აიაშარას“ პოსტს კომენტარებში გამოეხმაურა მოქალაქე ტიმურ არშბა. მისი მტკიცებით, ჩოლაკიანმა პირადად დაუდასტურა, რომ ჩანჩქერებს სახელები თავად დაარქვა. არშბას თქმით, გიდი ამის გამო გააფრთხილეს და დე ფაქტო ტურიზმის მინისტრთანაც დაიბარეს, თუმცა შეხვედრაზე არ გამოცხადდა.
„მას [სახელების დარქმევის] არც მორალური და არც იურიდიული უფლება არ აქვს. ამისთვის აგებს კიდეც პასუხს. ჯერჯერობით - გიდად მუშაობის ნებართვის ჩამორთმევით“, - დაწერა არშბამ.
ასევე ნახეთ
აფხაზეთში რუსი ტურისტი მოკლა კაცმა, რომლის გამოშვებას 2024-ში მოსკოვი აპროტესტებდარას პასუხობს ჩოლაკიანი?
„ტურიზმის სამინისტროსგან“ მიღებული დოკუმენტი თავად ჩოლაკიანმაც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. გადაწყვეტილებას ის ირონიულად გამოეხმაურა: „წვრილმანი დასმენების პერიოდი გახსნილად შეიძლება გამოცხადდეს“.
რაც შეეხება არქეოლოგიურ გათხრებთან დაკავშირებულ ბრალდებას, ჩოლაკიანმა დაწერა: „როგორც ჩანს, შავი არქეოლოგიც ვყოფილვარ“.
ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი წესებით, გიდისა და გიდ-თარჯიმნის ატესტაციის გავლა მხოლოდ აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეებს შეუძლიათ. ნებართვის გარეშე გიდად მუშაობა აკრძალულია და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.