დუბაი-თელ-ავივის ავიარეისზე ინციდენტის გამო ტერაქტის მცდელობის ვერსია არსებობს

ავიაკომპანია FlyDubai-ს თვითმფრინავი(საილუსტრაციო ფოტო არქივიდან)

ისრაელის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ავიაკომპანია FlyDubai-ს სამგზავრო თვითმფრინავში 30 სექტემბერს მომხდარი ინციდენტი ტერაქტის მცდელობას უკავშირდება. ამის შესახებ ისრაელის რამდენიმე მედიასაშუალება და ამერიკული ტელეკომპანია CNN-ი წერენ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია FlyDubai-ს სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც დუბაი-თელ-ავივის რეისს ასრულებდა, 30 სექტემბერს დილით განგაშის სიგნალი გაგზავნა, შემდეგ კი იძულებული გახდა საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში დაშვებულიყო. სხვადასხვა მონაცემით, თვითმფრინავში დაახლოებით 150-170 ადამიანი იმყოფებოდა.

ავიაკომპანიამ ბორტზე „არასაშტატო სიტუაცია“ დაადასტურა და განაცხადა, რომ მგზავრები უსაფრთხოდ არიან და მათთვის სარეზერვო თვითმფრინავი გაგზავნეს. კომპანიას არ დაუკონკრეტებია, რა ინციდენტი მოხდა თვითმფრინავში.

ისრაელის და დასავლეთის მედიასაშუალებების ცნობით, თვითმფრინავის პილოტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. ისრაელის მე-12 არხმა და გამოცემა Ynet-მა სპეცსამსახურებში თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ მეორე პილოტმა თვითმფრინავზე კონტროლის მოპოვება და მისი ჩამოგდება სცადა, რასაც წინააღმდეგობა გაუწია პირველმა პილოტმა და შემდეგ - ზოგიერთმა მგზავრმაც.

ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

გამოცემა Times of Israel-ი წერს, რომ თვითმფრინავის ბორტზე გადაღებულ ვიდეოში ჩანს დაჭრილი(სავარაუდოდ, დანით) პირველი პილოტი, რომელსაც მგზავრები უვლიან და გაკოჭილი მეორე პილოტი, რომელიც სავარაუდოდ, უგონოდაა.

ინციდენტის გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საგანგებო სხდომა მოიწვია.