ამერიკელი ქალისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი ვერ აღასრულეს, ის ორ ინიექციას გადაურჩა

ფოტო არქივიდან. კრისტა პაიკი ტენესის სასამართლოში

50 წლის ამერიკელი კრისტა პაიკი, რომელიც სიკვდილით უნდა დაესაჯათ, ორ სასიკვდილო ინიექციას გადაურჩა.

კრისტა პაიკი პირველი ქალია, რომელიც ბოლო 200 წლის განმავლობაში ტენესის შტატში სიკვდილით უნდა დაესაჯათ. ის მკვლელობის ბრალდებითაა გასამართლებული. განაჩენი ოთხშაბათს უნდა აღსრულებულიყო.

მას შემდეგ, რაც კრისტა პაიკი ორ სასიკვდილო ინიექციას გადაურჩა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. განაჩენის აღსრულება შეჩერებულია.

  • პაიკი სასამართლოს მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას 1996 წლიდან ელოდება. გამოძიების თანახმად, 1995 წელს კრისტა პაიკმა, რომელიც 18 წლის იყო, თავის მეგობარ ბიჭთან, 17 წლის ტადარილ შიპთან ერთად სცემა, აწამა და მოკლა 19 წლის გოგო კოლინ სლემერი. შიპს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

რა ხდებოდა განაჩენის აღსრულებამდე?

2026 წლის 28 სექტემბერს ტენესის შტატის გუბერნატორმა ბილ ლიმ არ დააკმაყოფილა კრისტა პაიკის თხოვნა შეწყალების შესახებ.

30 სექტემბერს აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ განაჩენის აღსრულება შეაჩერა და დაადგინა, რომ ხელახლა გამოსაკვლევია, პაიკისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანისას სათანადოდ იყო თუ არა გათვალისწინებული მისი განცხადებები სექსუალური ძალადობის შესახებ. რამდენიმე საათში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა.

მას შემდეგ რაც კრისტა პაიკი ორ სასიკვდილო ინიექციას გადაურჩა, ტენესის შტატის გუბერნატორმა შეაჩერა ამ წელს ყველა სასიკვდილო განაჩენის აღსრულება და მოითხოვა ყოველმხრივი და დამოუკიდებელი შემოწმება იმის დასადგენად, თუ რა მოხდა პაიკის განაჩენის აღსრულებისას.

  • აშშ-ში ქალებს სიკვდილით იშვიათად სჯიან. 1970-იანი წლებიდან, როცა სასჯელის უმაღლესი ზომის აღსრულება განაახლეს, სიკვდილით დასაჯეს 18 ქალი. კონკრეტულად ტენესის შტატში ქალი სიკვდილით აღარ დაუსჯიათ 1820 წლის შემდეგ.