სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე გირაოთი გაათავისუფლეს

სუსის უფროსად გრიგოლ ლილუაშვილის მუშაობის დროს ლევან ახობაძე მისი მოადგილე იყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე, მოსამართლე ნინო თარაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა - ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვა, რასაც პროკურატურა დაეთანხმა.

„ლევან ახობაძე არ აღიარებს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას, რომელიც ეხება ქრთამის აღებას... ვინაიდან აღარ იყო აუცილებელი აღკვეთის სახით გამოყენებულიყო პატიმრობა, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს შუამდგომლობით და მოვითხოვეთ მისი გათავისუფლება გირაოთი - რაც დააკმაყოფილა სასამართლომ და ის გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან“, - თქვა ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატმა დავით სიმონიამ „TV პირველის“ ეთერში.

ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მისმა ადვოკატმა გათავისუფლების მიზეზად დაასახელა საქმესთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ახალი ინფორმაციის მიწოდება:

„ვინმეს წინააღმდეგ ლევან ახობაძეს ჩვენება მიცემული არ აქვს და ვერც მისცემს, რადგან ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არ ფიგურირებენ სხვა პირები, რომელთა შესახებაც შეიძლება ვინმემ ჩვენება მისცეს“.

პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა თქვა, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი გადაიხედა, რადგან ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები შემცირდა.

„სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დაადასტურა საქმეში არსებული გარემოებები, ასევე დაცვის მხარემ მტკიცებულებათა უმეტესობა უდავოდ ცნო“.

სუსის უფროსად გრიგოლ ლილუაშვილის მუშაობის დროს ლევან ახობაძე მისი მოადგილე იყო. ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ქრთამის აღების საქმეზე.

ასევე ნახეთ

სუსის ყოფილ უფროს ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე 2026 წლის 22 მაისს დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღება, სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებით. მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

  • გამოძიების თანახმად, 2024 წელს, შუამავლების ჩარევით, მან კერძო მეწარმეს უკანონო დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 500 000 ლარი მოსთხოვა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება 250 000 ლარის გადაცემაზე შედგა და ეს თანხა მას კაბინეტში გადასცეს.
  • სუსის თანახმად, გარიგება შეეხებოდა ადამიანს, რომელსაც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არადეკლარირებული 40 000 000 რუსული რუბლი (ეროვნული ბანკის კურსით 1 164 000 ლარი) ჩამოართვეს.