რუსეთმა განაცხადა, რომ უნგრეთის დიპლომატებს აძევებს

აბრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაზე. მოსკოვი, 19 ივლისი, 2018.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა უნგრეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაბორ გერგიჩი. მას „მკაცრი პროტესტი“ გამოუცხადეს ბუდაპეშტში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ათი თანამშრომლის ქვეყნიდან გაძევების შესახებ უნგრეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, უნგრეთის დიპლომატთა ჯგუფმა რუსეთი ორ კვირაში უნდა დატოვოს. საუბარია მოსკოვში უნგრეთის საელჩოს, ასევე სანქტ-პეტერბურგსა და ყაზანში გენერალური საკონსულოების თანამშრომლებზე. კონკრეტულად რამდენ დიპლომატს გააძევებენ, არ დაუზუსტებიათ.

უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა განაცხადა 8 სექტემბერს. მისი თქმით, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბუდაპეშტში რუსეთის ელჩს აცნობა, რომ „უნგრეთის ხელისუფლების შეფასებით, რუსეთის წარმომადგენლობის ათი თანამშრომელი უნგრეთში ეწეოდა საქმიანობას, რომელიც ვენის კონვენციის თანახმად შეუთავსებელია დიპლომატის სტატუსთან“.

უკრაინაში ომისა და რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების საერთო გამწვავების ფონზე, ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ გააძევა რუსეთის დიპლომატიური უწყებების თანამშრომლები, დახურა საკონსულოები და რუსეთის სხვა დაწესებულებები. ასე იქცეოდა რუსეთიც. თუმცა უნგრეთი წინა მთავრობის, ვიქტორ ორბანის დროს თავს იკავებდა ასეთი ნაბიჯებისგან. ორბანის დროს რუსეთის დიპლომატი ბუდაპეშტიდან უკანასკნელად გააძევეს 2018 წლის გაზაფხულზე. დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთბაშად 10 თანამშრომლის გაძევება უპრეცედენტო ზომაა უნგრეთისთვის.

მას შემდეგ, რაც მაისში უნგრეთის ხელისუფლების სათავეში ახალი მთავრობა მოვიდა პეტერ მადიარის მეთაურობით, უნგრეთმა დაიწყო რუსეთის კრიტიკა უკრაინაზე დარტყმების გამო და შეწყვიტა სანქციების პაკეტების დაბლოკვა ევროკავშირის დონეზე. ამასთან, ბუდაპეშტი კვლავინდებურად არ აწვდის უკრაინას იარაღს.

ასევე ნახეთ

უნგრეთმა ათი რუსი დიპლომატი გააძევა