შიო III-მ ამჯერად მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა

შიო მესამემ ამჯერად მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა. ავსტრიის მიტროპოლიტი არსენ კარდამაკისი და კათოლიკოს-პატრიარქი (მარჯვნივ) შიო მესამე.

მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტის მომდევნო დღეს, 2026 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს თბილისში ეწვია მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია.

დელეგაციას, - რომელსაც ავსტრიის მიტროპოლიტი არსენი ხელმძღვანელობდა, - უმასპინძლა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ.

„მიტროპოლიტ არსენთან ერთად საქართველოში იმყოფება 50-მდე მომლოცველი, რომლებიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩვენი ქვეყნის სიწმინდეებს მოილოცავენ“, - წერს საპატრიარქოს პრესცენტრი.

ვინ იყო დელეგაციაში

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სტუმრებს შორის იყვნენ:

  • მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ავსტრიის მიტროპოლიტი და უნგრეთისა და ცენტრალური ევროპის ეგზარქოსი არსენი (კარდამაკისი);
  • ქორეპისკოპოსი მაქსიმე.

ვინ ესწრებოდა შეხვედრას

შიო მესამემ მათ უმასპინძლა ეკლესიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად:

  • პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე;
  • ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე;
  • პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე;
  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;
  • საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე.

რაზე ისაუბრეს

საპატრიარქოს პრესცენტრის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის:

  • „ეკლესიებს შორის ურთიერთობებზე“;
  • „იმ დახმარებაზე, რომელსაც მიტროპოლიტი არსენი უწევს ავსტრიაში ქართულ სამრევლოს“ - ამისთვის მას საქართველოს ეკლესიის მეთაურმა და შეხვედრის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს.

„შეხვედრაზე ასევე გაიხსენეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობა“ და „შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს“.

გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი შიო მესამის დაგეგმილ ვიზიტზე სტამბოლში, მსოფლიო საპატრიარქოში:

  • საპატრიარქოში რადიო თავისუფლებას 2026 წლის 17 აგვისტოს განუცხადეს, რომ შიო მესამის პირველი საგარეო ვიზიტი კონსტანტინოპოლში შედგება, - თუმცა თარიღი ჯერ არ იყო დაზუსტებული;
  • 2026 28 სექტემბერს კი განუცხადეს, რომ „არ მომხდარა შეთანხმებული თარიღის გაუქმება“.

წინა დღეს საპატრიარქოს მოსკოველი სტუმრები ეწვივნენ

წინა დღეს, 30 სექტემბერს, კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებს უმასპინძლა - მოსკოვის საპატრიარქო და მსოფლიო საპატრიარქო დაპირისპირებული მხარეები არიან.

მხარეებმა „ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს“, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

„ერთსულოვნების“ თანახმად, მათ ისაუბრეს:

  • „მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე;
  • ასევე იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა გამოინახოს გზები, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებლობა ჰქონდეს, ადგილობრივ მრევლთან ურთიერთობა დაამყაროს“.

ასევე ნახეთ

შიო III-მ მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა - ისაუბრეს „მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე“