რუსეთის ჯარებმა 24 საათში მეოთხედ დაარტყეს კიევის სამხრეთის ხიდს

კიევის სამხრეთის ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს მდინარე დნეპრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებს

პირველიდან ორი ოქტომბრის ღამით რუსეთის ჯარებმა ისევ მიიტანეს საჰაერო შეტევა კიევის სამხრეთის ხიდზე. უკრაინის დედაქალაქის ეს ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს მდინარე დნეპრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებს.

სამხრეთის ხიდზე მორიგი დარტყმის შესახებ 2 ოქტომბერს გამთენიისას ტელეგრამ-არხზე დაწერა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

  • კიევის ამ ერთ-ერთ დიდ ხიდზე საავტომობილო გზასთან ერთად გადის მეტროს ხაზიც.

ბოლო 24 საათში სამხრეთის ხიდზე ოთხი შეტევა იყო. კიევის მერის ინფორმაციით, პირველ ოქტომბერს დილით რუსეთის ჯარებმა ხიდს დრონებით ორჯერ დაარტყეს. ხიდზე შეტევა იყო პირველ ოქტომბერს ღამითაც.

ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დაზიანდა ხიდის საყრდენი, გზის საფარი და მეტროს დამცავი ბეტონის ნაგებობა. ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეწყდა.

ასევე ნახეთ

რუსული რეაქტიული დრონები - უკრაინა ახალ საფრთხესთან გასამკლავებლად ემზადება 
  • რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, რუსეთის ჯარებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევის სამხრეთის ხიდს პირველად დაარტყეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებით 2 ოქტომბერს დილით გავრცელებული ცნობით, კიევში უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს მდინარე დნეპრზე არსებულ საავტომობილო-სარკინიგზო ხიდს, რომელიც „უზრუნველყოფს ჯარების გადასროლას, სამხედრო ტვირთების ლოგისტიკურ მიწოდებას დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების ინტერესებისთვის“.

2 ოქტომბერს რუსული დრონი კიევში 25-სართულიან სახლს მოხვდა. სამაშველო სამსახურის ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

განახლება: 2 ოქტომბერს დილით ცნობილი გახდა, რომ კიევში რუსული დრონებით შეტევას მშვიდობიან მოსახლეობაში ისევ მსხვერპლი მოჰყვა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, კიევის დარნიცკის რაიონში დრონი 25-სართულიან სახლს მოხვდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. სახლის ბოლო ორ სართულს ხანძარი გაუჩნდა.

  • ბოლო ხანს რუსეთის ჯარები კიევს ყოველდღე უტევენ უპილოტო საფრენი აპარატებით, მათ შორის რეაქტიულით და რაკეტებით. დარტყმის ქვეშაა ავტოგასამართი სადგურები, მონაცემთა დამუშავების ცენტრები, საწყობები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ნაწილობრივ დაინგრა და დაზიანდა სახლებიც.
  • მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლისა და სამოქალაქო ობიექტების დაზიანების მიუხედავად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყოველ ჯერზე აცხადებს, რომ სამიზნე სამხედრო დანიშნულების ობიექტებია.