ლევან იოსელიანის განცხადებით, საკითხი და ვიდეომასალა დეტალურად შეისწავლეს და ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ნახეს.
„ეს საკითხი ჩვენს მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი, მათ შორის, მოვითხოვეთ დაარქივებული მასალებიც და ვნახეთ ვიდეოჩანაწერები. ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ჩვენ ვერ ვნახეთ. რაც შეეხება, ის ასევე უთითებდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ამასთან დაკავშირებით მივმართეთ პროკურატურას და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. ამაზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით“, - თქვა ლევან იოსელიანმა.
პენიტენციურის განმარტება
მანამდე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „კატეგორიულად უარყო“ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძეზე სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდება.
ასევე ნახეთ
პატიმარი სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური „კატეგორიულად უარყოფს“პენიტენციური, „მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით“, მზად არის, „კანონით დადგენილი წესით გაასაჯაროოს დეესკალაციის ოთახში დავითაძის მოთავსებისა და იქ ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები“.
სამსახურის თანახმად, ეს მასალა უკვე ნანახი აქვთ როგორც გამოძიების, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და „დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა“.
„არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას დავითაძის მიმართ არ ჰქონია ადგილი“, - წერია განცხადებაში.
განახლება: უწყებამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო გაავრცელა.
„ჩანს ყველაფერი“ - რას ამბობს გიორგი დავითაძე
36 წლის გიორგი დავითაძემ სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. მისი მონაყოლი „ტვ პირველმა“ გაავრცელა.
დავითაძე ამბობს, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა და დამამცირებლად მოექცა. მსჯავრდადებულის მტკიცებით, მომხდარის ნაწილი ვიდეოკამერებზეც არის ასახული.
„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, - თქვა პატიმარმა.
დავითაძე ასევე ამბობს, რომ ძალადობის შემდეგ სუიციდის მცდელობა ჰქონდა.
მსჯავრდადებულმა სასამართლოში თქვა, რომ შიმშილობას დაიწყებს, თუ მის მიერ დასახელებული თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.
სასამართლოს სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ დავითაძის მიერ აღწერილ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
რას ამბობდა პენიტენციური სამსახური მანამდე
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო ძალადობის შესახებ განცხადება 21 სექტემბერსაც გაავრცელა.
უწყება მაშინაც უარყოფდა დავითაძის ოჯახის ბრალდებებს და აცხადებდა, რომ მსჯავრდადებული სისტემატურად არღვევს დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებსა და შინაგანაწესს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს თანამშრომლებს.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დავითაძე 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში მოათავსეს. უწყების თანახმად, სწორედ ამ ეპიზოდს უკავშირებს ოჯახი პატიმრის მიმართ ღირსების შემლახველ მოპყრობას.
პენიტენციური სამსახურის ცნობით, 2026 წლის 3 მარტიდან გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალა უწყვეტად არქივდება.
ოჯახი გამოძიებას რეაგირებისკენ მოუწოდებდა
21 სექტემბერს გიორგი დავითაძის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა აქციაც გამართეს. ოჯახი ამტკიცებს, რომ დავითაძეზე №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა იძალადეს და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს.
გიორგი დავითაძე თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის, ავთანდილ დავითაძის შვილია. ავთანდილ დავითაძე 2014 წელს საკრებულოში კოალიცია „ქართული ოცნების“ სიით შევიდა და ფრაქცია „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის“ წევრი იყო.
ოჯახის თქმით, გამოძიებას ამოღებული აქვს შესაბამისი ვიდეოჩანაწერები და გამოკითხული არიან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები, თუმცა სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი მათგანის მიმართ არ დაწყებულა.
დავითაძის დედა ირმა დავითაძე №6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორისა და რამდენიმე თანამშრომლის პასუხისმგებლობასაც ითხოვს.
ასევე ნახეთ
რა მოხდა დეესკალაციის ოთახში? პენიტენციური ვიდეოს ავრცელებსგიორგი დავითაძე სასჯელს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, შალვა ფერაძის დაჭრის საქმეზე იხდის. დავითაძის ოჯახი კი ციხეში მის მიმართ ძალადობას სწორედ ფერაძეს უკავშირებს.