რა მოხდა დეესკალაციის ოთახში? პენიტენციური ვიდეოს ავრცელებს

კადრი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც, უწყების განცხადებით, პატიმარ გიორგი დავითაძის მონაწილეობით 2025 წლის 21 დეკემბერს №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს. ვიდეოს ხმა არ ახლავს.

კადრებში პენიტენციური სამსახურის 10-მდე თანამშრომელი და პატიმარი ჩანან. ერთ-ერთ თანამშრომელს ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანები უკეთია.

კადრების მიხედვით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები პატიმარს ჩხრეკენ, მათ შორის ელექტროდეტექტორის მეშვეობით. რამდენიმე მათგანი დავითაძეს ხელებს ზურგს უკან უკავებს. საწოლზე გადაწვენილ, ზურგზე ხელებდაწყობილ პატიმარს თანამშრომლები ძალის გამოყენებით ამოწმებენ.

ბადრაგები ოთახს პატიმრის შეყვანიდან დაახლოებით ორ წუთში ტოვებენ.

36 წლის გიორგი დავითაძემ სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. ის ამბობს, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა და დამამცირებლად მოექცა.

„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, - თქვა პატიმარმა.

დავითაძე ასევე ამბობს, რომ ძალადობის შემდეგ სუიციდის მცდელობა ჰქონდა. ის შიმშილობის დაწყებას აპირებს, თუ მის მიერ დასახელებული თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.

პენიტენციურის პოზიცია

ვიდეოს გამოქვეყნებასთან ერთად, პენიტენციური სამსახური განმარტავს „დეესკალაციის ოთახში“ მსჯავრდადებულის განთავსების პროცედურას. უწყების ცნობით, ამ საკანში გადაყვანისას მსჯავრდადებული ექვემდებარება შემოწმება-დათვალიერებას, „რაზეც მსჯავრდებულმა დავითაძემ კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, თანამშრომლებმა მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, მსჯავრდადებულს „იძულებით ჩაუტარეს შემოწმება“. უწყება „სრულ სიცრუეს“ უწოდებს პატიმრის ბრალდებას სექსუალურ ძალადობაზე.

„კადრების გასაჯაროებისგან აქამდე თავს ვიკავებდით ერთადერთი მიზეზით – საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და არ გვინდოდა, ჩვენი ქმედება ვინმეს მიერ გამოძიებაზე ზეწოლის მცდელობად ყოფილიყო აღქმული. თუმცა, საკითხის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, საქმის განსაკუთრებული სენსიტიურობის და მსჯავრდებულის ოჯახის მხრიდან უწყების დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობის გათვალისწინებით, პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება“, - აცხადებენ უწყებაში.

პენიტენციური კვლავ ამბობს, რომ 2026 წლის 3 მარტიდან დღემდე მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ნებისმიერი გადაადგილების ამსახველი უწყვეტი ვიდეომასალა დაარქივებულია. სამსახური აცხადებს, რომ მზად არის, ეს მასალებიც კანონმდებლობით დადგენილი წესისა და მოთხოვნების შესაბამისად გადასცეს ყველა დაინტერესებულ მხარეს.

„ეს კადრების ნაწილია“ - პატიმრის დედა

პატიმრის დედამ, ირმა დავითაძემ, „ტვ პირველს“ უთხრა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა კადრების მხოლოდ ნაწილი გაასაჯაროვა.

„ხუთი ფაილი მაქვს ნანახი. ეს არის ახლა შოუ ამათი. 20-წუთიანი მასალაა. აქ მოჭრეს ერთი წამი, რაც მათ აწყობდათ… სადღაც 20 წუთი მიმდინარეობდა ეს პროცესი“, - თქვა ირმა დავითაძემ.

პატიმრის ჩვენებას გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილიც, რომელმაც 2012 წელს პატიმართა წამების ამსახველი კადრები გაავრცელა. ინაშვილი ამბობს, რომ „აუცილებელია დადგეს რუსთავის მეექვსე დაწესებულების ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი“.

ასევე ნახეთ

პატიმარი სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური „კატეგორიულად უარყოფს“

ომბუდსმენი: ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მედიასთან საუბარში დღეს, 2 ოქტომბერს, გამოეხმაურა მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის მიერ სააპელაციო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას. მისი თქმით, საკითხი და ვიდეომასალა დეტალურად შეისწავლეს და ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ნახეს.

„ეს საკითხი ჩვენს მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი, მათ შორის, მოვითხოვეთ დაარქივებული მასალებიც და ვნახეთ ვიდეოჩანაწერები. ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ჩვენ ვერ ვნახეთ. რაც შეეხება, ის ასევე უთითებდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ამასთან დაკავშირებით მივმართეთ პროკურატურას და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. ამაზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით“, - თქვა ლევან იოსელიანმა.

მანამდე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „კატეგორიულად უარყო“ გიორგი დავითაძეზე სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდება.

„არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას დავითაძის მიმართ არ ჰქონია ადგილი“, - ეწერა განცხადებაში.

ასევე ნახეთ

„ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ“ - ომბუდსმენი სექსუალური ძალადობის შესახებ პატიმრის განცხადებაზე

ოჯახი გამოძიებას რეაგირებისკენ მოუწოდებდა

21 სექტემბერს გიორგი დავითაძის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა აქციაც გამართეს. ოჯახი ამტკიცებს, რომ დავითაძეზე №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა იძალადეს და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს.

გიორგი დავითაძე თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის, ავთანდილ დავითაძის შვილია. ავთანდილ დავითაძე 2014 წელს საკრებულოში კოალიცია „ქართული ოცნების“ სიით შევიდა და ფრაქცია „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის“ წევრი იყო.

ოჯახის თქმით, გამოძიებას ამოღებული აქვს შესაბამისი ვიდეოჩანაწერები და გამოკითხული არიან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები, თუმცა სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი მათგანის მიმართ არ დაწყებულა.

დავითაძის დედა ირმა დავითაძე №6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორისა და რამდენიმე თანამშრომლის პასუხისმგებლობასაც ითხოვს.

გიორგი დავითაძე სასჯელს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, შალვა ფერაძის დაჭრის საქმეზე იხდის. დავითაძის ოჯახი კი ციხეში მის მიმართ ძალადობას სწორედ ფერაძეს უკავშირებს.