„რუსეთთან დიალოგი გვაქვს ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე“ - ანდრია ჯაღმაიძე

ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქო რუსულ მხარესთან რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ტაძარზეა საუბარი.

„რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელთაც საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს რუსეთი და ჩვენ დიალოგი გვაქვს ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე. თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართულები რეაბილიტაციაში“, - თქვა ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძემ განცხადება 2 ოქტომბერს, თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის, „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“, ფარგლებში გააკეთა.

კონფერენციას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III, ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სასულიერო პირები და საეკლესიო და საპარლამენტო დელეგაციები.

შეხვედრები საპატრიარქოში

კონფერენციის წინა დღეებში საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრები გამართეს მოსკოვისა და მსოფლიო საპატრიარქოების დელეგაციებმა.

30 სექტემბერს შიო III-მ მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა. რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებს შორის იყვნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონი და რუსეთის პატრიარქ კირილეს მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი.

ასევე ნახეთ

შიო III-მ მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა - ისაუბრეს „მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე“

ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, რუსეთის ეკლესიის დელეგაციასთან შეხვედრის მთავარი თემა ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და იქ „საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგება“ იყო.

მისი თქმით, შიო III-მ შეხვედრაზე ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსახურების ჩატარება არ შეუძლია, დევნილ მოსახლეობას კი არ აქვს შესაძლებლობა, მათ შორის განსაკუთრებულ დღეებში, წინაპრების საფლავებზე მივიდეს.

„ამ კუთხით იყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელია, გამოინახოს რაღაც გზები და ნაბიჯები, რომ ოდნავ მაინც რაღაც პოზიტივი შემოვიდეს. ჩვენ გვესმის, რომ ეკლესიას არ აქვს იმის ძალა, ოკუპაცია გააუქმოს, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა თვითონ წარმართოს, ასე რომ, გარკვეულწილად პოლიტიკური გარემოებების მძევლები ვართ“, - თქვა ჯაღმაიძემ.

მისი განცხადებით, მოსკოვის საპატრიარქოსთან ურთიერთობა გაგრძელდება მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.

„რუსეთთან რადგანაც გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ამიტომ შეუძლებლად მიგაჩნიათ ურთიერთობა ეკლესიებს შორისაც, ზოგს, მაგალითად. ურთიერთობა გრძელდება და ის გაგრძელდება, ეს ფაქტია“, - განაცხადა მან.

1 ოქტომბერს შიო III-მ უმასპინძლა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასაც, რომელსაც ავსტრიის მიტროპოლიტი არსენი ხელმძღვანელობდა.

ასევე ნახეთ

შიო III-მ ამჯერად მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა

რუსეთში ვიზიტის ალბათობა

ჯაღმაიძემ ასევე უპასუხა კითხვას საქართველოს საპატრიარქოს შესაძლო საპასუხო ვიზიტზე მოსკოვში. მისი თქმით, ასეთი ვიზიტი გამორიცხული არ არის, თუმცა ამ დროისთვის კონკრეტული თარიღი ან სამზადისი არ არსებობს.

„ნებისმიერი ეკლესია როდესაც ჩამოდის ან ჩვენ როდესაც ვსტუმრობთ მათ, ყოველთვის არის საუბარი, რომ საპასუხო ვიზიტი შედგეს. თუმცა კონკრეტული რაიმე არ ყოფილა. არ არის გამორიცხული, მაგრამ დღეს არაფერია ამის შესახებ კონკრეტული“, - თქვა ჯაღმაიძემ.

2008 წლის აგვისტოს ომისა და საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობას ინარჩუნებს. ილია II-ის ბოლო ვიზიტი მოსკოვში 2016 წელს შედგა.