ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

ოთხივე საარჩევნო ოლქში სულ შვიდი უბანია გახსნილი

ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა და კენჭისყრა 20:00 საათამდე გაგრძელდება.

ამომრჩევლები ოთხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოთხ მაჟორიტარ წევრს ირჩევენ. ოთხივე საარჩევნო ოლქში სულ შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში. ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება 2 225 ამომრჩეველს აქვს.

სად ტარდება არჩევნები

საარჩევნო უბნები გახსნილია:

  • ახმეტაში, სოფელ კასრისწყალში;
  • დმანისში, სოფელ ველისპირსა და სოფელ განახლებას შორის;
  • წალკის სოფლებში: იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში;
  • ვანში, სოფელ ფერეთაში.

წალკის სამ უბანსა და ვანის ერთ უბანზე ამომრჩეველთა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები გამოიყენება. დანარჩენ სამ უბანზე არჩევნები ტრადიციული წესით ტარდება.

გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემა 50-მა ამომრჩეველმა მოითხოვა.

ასევე ნახეთ

1 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება 7 უბანზე შუალედური არჩევნების ჩატარებაზე

ვინ მონაწილეობს არჩევნებში

შუალედურ არჩევნებში ორი პარტიის მიერ წარდგენილი შვიდი კანდიდატია რეგისტრირებული.

დმანისში, წალკასა და ვანში მონაწილეობენ როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ძლიერი საქართველო - ლელოს“ კანდიდატები. ახმეტაში კი მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატია რეგისტრირებული.

  • ვანში „ქართული ოცნების“ კანდიდატია ვაჟა ხელაძე, „ძლიერი საქართველო - ლელოსი“ - ბექა კოპალაძე.
  • წალკაში ერთმანეთს ნანული ხინიკაძე („ქართული ოცნება“) და ზაზა შანთაძე („ძლიერი საქართველო - ლელო“) უპირისპირდებიან.
  • დმანისში კანდიდატები არიან ირაკლი სარსევანიძე („ქართული ოცნება“) და ვაჟა ნონიაშვილი („ძლიერი საქართველო - ლელო“).
  • ახმეტაში არჩევნებში მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან ითიურიძე მონაწილეობს.

არჩევნებს 56 დამკვირვებელი აკვირდება

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებს შვიდი ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი აკვირდება. პროცესის გასაშუქებლად რეგისტრირებულია რვა მედიაორგანიზაციის 187 წარმომადგენელი.

ცესკო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ბრიფინგებს 09:00, 15:00 და 21:00 საათზე გამართავს.

ასევე ნახეთ

პარლამენტის ლეგიტიმურობაზე სარეფერენდუმო კითხვა ცესკომ არ დაარეგისტრირა

არჩევნებისთვის 1,1 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი

შუალედური არჩევნების ჩასატარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 117 000 ლარია გამოყოფილი. თანხა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გადაეცა.

ეს საშუალოდ დაახლოებით 159,6 ათასი ლარია ერთ საარჩევნო უბანზე.

შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი ოთხივე მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა გახდა.

ვინ არ მონაწილეობს?

შუალედურ არჩევნებში არ მონაწილეობენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაღალი შედეგების მქონე ოპოზიციური პარტიები:

  • „კოალიცია ცვლილებისთვის“;
  • „ნაციონალური მოძრაობა“;
  • „გახარია საქართველოსთვის“;
  • „გირჩი“.

2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, რომელსაც ოთხი დიდი ოპოზიციური პარტიიდან ორმა - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებისთვის“ - ბოიკოტი გამოუცხადა, 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი აირჩიეს. საკრებულოს მაჟორიტარულ ოლქებში კი ოპოზიციამ მხოლოდ ორ ოლქში გაიმარჯვა: მათგან ერთში, მარტვილში, უპარტიო პოლიტიკოსმა, ხოლო ცაგერში - „ლელოს“ წარმომადგენელმა.

ოთხმა მსხვილმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ (№4, №5, №9 და №25) გაყალბებულად მიიჩნია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომლის ოფიციალური შედეგებითაც პარლამენტში უმრავლესობა - 89 მანდატი - „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა.