რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოელი აგენტების“ რეესტრში შეიყვანა ჟანა ნემცოვა - ოპოზიციური პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის ქალიშვილი და მისი სახელობის ფონდის დამფუძნებელი.
ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში, 2015 წლის თებერვალში მოკლეს.
ნემცოვას გარდა, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოელი აგენტების“ რეესტრში შეიყვანა ადვოკატი და ჩერქეზი აქტივისტი რუსტამ ხუაჟევი, აგრეთვე საინფორმაციო რესურსები „ნავალნის გუნდი“ და „რეანიმაცია“.
იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, ნემცოვა ავრცელებდა „არასწორ ინფორმაციას“ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის შესახებ, ეწინააღმდეგებოდა უკრაინის წინააღმდეგ ომს, მონაწილეობდა „უცხოური აგენტების“ მასალების გავრცელებაში და თანამშრომლობდა მათთან.
უწყებამ ასევე მიუთითა, რომ ის ცხოვრობს რუსეთის ფარგლებს გარეთ და არის იმ ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომლის საქმიანობაც რუსეთის ხელისუფლებამ „არასასურველად“ აღიარა. სავარაუდოდ, საუბარია ბორის ნემცოვის ფონდზე.
ხუაჟევი, იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, ასევე გამოდიოდა ომის წინააღმდეგ, ავრცელებდა „არასწორ ინფორმაციას“ რუსეთის ხელისუფლების შესახებ და მონაწილეობდა „უცხოელი აგენტებისა“ და „არასასურველი“ ორგანიზაციის მასალების შექმნაში. ის რუსეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.
ხუაჟევი საზოგადო მოღვაწეა, „თავისუფალი ერების ლიგის“ პრეზიდიუმის წევრი და ჩერქეზული ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი. თავად ლიგა მას ჩერქეზული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლად მოიხსენიებს. ის ასევე დაკავშირებულია მსოფლიო ჩერქეზულ სააგენტოსთან (World Circassian Agency).
„ნავალნის გუნდს“ იუსტიციის სამინისტრო ედავება რუსეთის ხელისუფლებისა და საარჩევნო სისტემის შესახებ „არასწორი ინფორმაციის“ გავრცელებას, ომის წინააღმდეგ გამოსვლებს და „უცხოელი აგენტების“ მასალების გავრცელებას. უწყებამ ცალკე განაცხადა, რომ რესურსი იმართება საზღვარგარეთიდან იმ ორგანიზაციის მიერ, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ ტერორისტულ სიაში შეიყვანა.
იუსტიციის სამინისტროს ვერსიით, რესურსი „რეანიმაცია“ ავრცელებდა „არასწორ ინფორმაციას“ რუსეთის ხელისუფლებისა და საარჩევნო სისტემის შესახებ, აგრეთვე „უცხოელი აგენტებისა“ და იმ ორგანიზაციების მასალებს, რომლებიც რუსეთში „არასასურველად“ არიან აღიარებული.
იმავდროულად, იუსტიციის სამინისტრომ რეესტრიდან ამორიცხა ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „ძალადობის პრობლემასთან მუშაობის ცენტრი“. უწყებამ ეს ორგანიზაციის ლიკვიდაციით ახსნა.
- 2012 წელს მიღებულმა კანონმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ იუსტიციის სამინისტროს საშუალება მისცა, არაკომერციული ორგანიზაციები „უცხოელ აგენტებად“ ეღიარებინა, თუკი ისინი, რუსეთის ხელისუფლების ვერსიით, უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას და პოლიტიკური საქმიანობით არიან დაკავებულნი.
- მოგვიანებით გაჩნდა შესაძლებლობა, რომ „უცხოელ აგენტებად“ ეღიარებინათ აგრეთვე მასმედია და ფიზიკური პირები, მათ შორის ისეთებიც, ვინც უცხოურ დაფინანსებას არ იღებს, მაგრამ „უცხოური გავლენის ქვეშ იმყოფება“. კონკრეტულად რა უნდა ჩაითვალოს უცხოურ გავლენად, რუსული კანონმდებლობა არ აზუსტებს. როგორც წესი, რეესტრში უკრაინაში მიმდინარე ომის მოწინააღმდეგეებს ატარებენ.