შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ცნობას, რომ ბოლო 24 საათში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მათ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 80 ადამიანი დააკავეს.
კიდევ 14-ს, ბრალი წარედგინება: ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის ერთ-ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.
შსს-ში, 3 ოქტომბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ
განაცხადა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის - გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები „სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ“.
ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას განიხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს და ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდას აკისრებდნენ. ხოლო დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
ჩხრეკის შედეგად ამორებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ფული, ნარკოტიკული საშუალებები, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებულები ერთმანეთსა და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.