კალუგაში უკრაინის დრონებმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა, არის დაშავებულები

უკრაინის დრონებმა ქალაქ კალუგას შეუტიეს. 3 ოქტომბერი, 2026.

შაბათს, 2-3 ოქტომბრის ღამით, რუსეთის 13 რეგიონის, ანექსირებული ყირიმის, აზოვისა და შავი ზღვების თავზე 218 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. 13 რეგიონს შორის კალუგის ოლქიც არის დასახელებული.

ღამით კალუგის მცხოვრებლები იუწყებოდნენ აფეთქებებისა და საცხოვრებელ სახლებზე დრონების მოხვედრის შესახებ.

კალუგის ოლქის ხელისუფლებამ დაადასტურა საცხოვრებელ სახლებზე უპილოტო საფრენი აპარატების მოხვედრა. „უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის შედეგად კალუგაში დაზიანდა მრავალბინიანი და კერძო სახლები. ადგილებზე ოპერატიული ჯგუფები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები, რომლებმაც მსუბუქი ჭრილობები მიიღეს მინის ნამსხვრევებით. ყველას გაეწია საჭირო დახმარება. ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა“, - დაწერა ტელეგრამში კალუგის ოლქის გუბერნატორმა ვლადისლავ შაფშამ.

გუბერნატორის პოსტის კომენტარებში ადგილობრივი მცხოვრებლები ჩიოდნენ, რომ აფეთქებების ხმა საჰაერო განგაშის გამოცხადების გარეშე გაისმა. ერთ-ერთი დაზარალებული სახლის მცხოვრებმა განაცხადა, რომ მას ფანჯრები ჩაემსხვრა, და კითხულობდა, ვინ „შეაკეთებს და გადაიხდის ამას, თუ სახლი მანამდე არ დაინგრევა“, მოგვიანებით კი მისი კომენტარი წაშალეს.

რა იყო კალუგაში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამიზნე, ჯერჯერობით უცნობია.

ე.წ. „დნრ-ის“ რუსეთის მიერ დანიშნულმა „ხელისუფლებამ“ განაცხადა, რომ ენერგოობიექტებზე უკრაინული შეტევების შედეგად დონეცკისა და მაკეევკის რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა. „ენერგეტიკოსებმა ოპერატიულად დაიწყეს ტერორისტული დაბომბვების შედეგების აღმოფხვრა“, - განაცხადა „დნრ-ის მთავრობის თავმჯდომარემ“ ანდრეი ჩერტკოვმა.

ასევე ნახეთ

უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთში დაარტყა სამხედრო და სამრეწველო ობიექტებს