მოლდოვის ტერიტორიაზე სამი რაკეტა და ორი დრონი შეფრინდა

მოლდოვის პოლიციის მიერ გავრცელებული ფოტოები. 3 ოქტომბერი, 2026.

3 ოქტომბრის დილას სამმა რაკეტამ და ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ განაცხადეს ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი ნოსატიმ და პრეზიდენტმა მაია სანდუმ.

თავდაპირველად იუწყებოდნენ ხუთი უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ - მოლდოვის საჰაერო სივრცის მონიტორინგის ეროვნულმა სისტემამ მათი გავლა დილის 7:45-დან 8:00 საათამდე პერიოდში დააფიქსირა. მოგვიანებით ნოსატიმ დააზუსტა, რომ ეს იყო რაკეტები და უპილოტოები.

მოლდოვის პოლიციამ განაცხადა, რომ ქვეყნის ოთხ რაიონში მოხდა აფეთქებები და აღმოჩენილია ნამსხვრევები: ქალაქ კაუშანთან და სოფელ კონსტანტინოვკასთან კაუშანის რაიონში, სოფელ კროკმაზთან შტეფან ვოდეს რაიონში, პუხაჩენთან ანენი ნოის რაიონში და დუბოვკასთან ჰინჩეშტის რაიონში. კროკმაზში უპილოტო აპარატი ვენახს დაეჯახა, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა მშრალ მცენარეულობას და ჩაიმტვრა მეზობელი სახლის ფანჯარა. დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ქვეყანაში რუსეთის ელჩი და მას საპროტესტო ნოტა გადასცა. ეს მოხდა მეორედ სამ დღეში, ხოლო სულ ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყნის საჰაერო სივრცე ათზე მეტჯერ დაირღვა.

მანამდე მოლდოვაში რუსეთის განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა ოლეგ ოზეროვმა აღიარა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცის დამრღვევი უპილოტო აპარატები შესაძლოა რუსული ყოფილიყო.

„დიახ, ჩვენ არ გამოვრიცხავთ და არ უარვყოფთ, რომ ამ დრონებიდან რომელიმე შესაძლოა რუსული იყოს. უკრაინის ლოგისტიკაზე დარტყმების ინტენსიფიკაციის გამო, და ეს არ არის საიდუმლო, იმ დარტყმების საპასუხოდ, რომლებსაც უკრაინა ახორციელებს რუსეთის ლოგისტიკაზე. მაგრამ ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მოლდოვა არ წარმოადგენს მიზანს“, - თქვა მან. მოგვიანებით დიპლომატმა უარყო თავისი სიტყვები.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასაწყისიდან მოლდოვის თავზე გადაფრინდა დაახლოებით 90 რუსული უპილოტო აპარატი და რაკეტა.

ასევე ნახეთ

დრონები მოლდოვის ცასა და მიწაზე - რუსეთის აგრესიის ირიბი სამიზნე