"კონკურენტულ გარემოში ჩატარდა" - ცესკოს წინასწარი მონაცემებით შუალედურ არჩევნებში ხმების უმრავლესობა "ოცნებამ" მიიღო

„არჩევნები მშვიდ, უსაფრთხო და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა საშუალება საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაუფიქსირებინა“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა 3 ოქტომბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ბრიფინფზე, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში, სადაც შუალედური არჩენები მიმდინარეობდა, საარჩევნო უბნები დაიხურა.

კალანდარიშვილის თქმით, არჩევნებზე სულ 1136 ადამიანი მივიდა, რაც საერთო ამომრჩევლების 51,6%-ა.

დაიწერა მხოლოდ ერთი საჩივარი:

„ფოტო-ვიდეო გადაღებას ეხებოდა და ეს საკითხი მალევე გამოსწორდა“ - ამბობს ცესკოს თავმჯდომარე.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დათვლილია წალკისა და ვანის საარჩევნო უბნების ხმები და იქ „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

საბოლოო შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდება.

3 ოქტომბერს საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში - ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში - გაიმართა შუალედური არჩევნები.

შვიდ საარჩევნო უბანზე არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდა.

საარჩევნო უბნები გახსნილი იყო ახმეტაში - სოფელ კასრისწყალში, დმანისში - სოფ. ველისპირსა და სოფ. განახლებას შორის, წალკაში - სოფლებში იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში - სოფელ ფერეთაში.

გამოყენებული იქნა როგორც ელექტრონული, ისე ტრადიციული კენჭისყრის მოდელები.

ასევე ნახეთ

ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო ორი პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის შვიდი კანდიდატი. დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“, ხოლო ახმეტაში რეგისტრირებულია მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი.

ცესკოს ცნობით, არჩევნებს შვიდი ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი აკვირდებოდა. პროცესის გასაშუქებლად რეგისტრირებული იყო რვა მედიაორგანიზაციის 187 წარმომადგენელი.

შუალედური არჩევნების ჩასატარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 117 000 ლარია გამოყოფილი. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თანხა გადაეცა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

ეს საშუალოდ დაახლოებით 159,6 ათასი ლარია ერთ საარჩევნო უბანზე.

შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი გახდა ოთხივე მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა.