რუსეთმა ოდესის ოლქში დაარტყა ლიბერიის დროშით მცურავ გემს, ერთი მეზღვაური დაიღუპა და სამი დაშავდა

საილუსტრაციო ფოტო: გემის დატვირთვა ოდესის პორტში. 2022 წ. დეკემბერი.

რუსეთის ჯარებმა 3 ოქტომბერს დარტყმა განახორციელეს ლიბერიის დროშით მცურავ სამოქალაქო სატვირთო გემს ოდესის ოლქის ერთ-ერთ პორტში. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი მეზღვაური-მოტორისტი, ეკიპაჟის კიდევ სამი წევრი დაიჭრა, განხორციელდა 13 ადამიანის ევაკუაცია. ამის შესახებ უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციამ განაცხადა.

„ეს არის რუსეთის მორიგი მიზანმიმართული დარტყმა სამოქალაქო ნაოსნობაზე. რუსეთი განაგრძობს მშვიდობიანი სავაჭრო ფლოტისა და მეზღვაურების ტერორს, რომლებიც ყოველდღიურად რისკავენ სიცოცხლეს უკრაინის საზღვაო გზების ფუნქციონირებისთვის“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

Zn.ua-ს მონაცემებით, დარტყმა განხორციელდა კამიკაძე დრონით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ოდესის პორტში „განადგურდა „მშრალტვირთმზიდის“ ტიპის საზღვაო გემი, რომელმაც უკრაინაში სამხედრო ტვირთი ჩაიტანა“.

ბოლო თვის განმავლობაში რუსეთმა რამდენჯერმე დაარტყა უცხოურ სამოქალაქო გემებს შავ ზღვაში. The Insider-ის დაანგარიშებით, დაიღუპა სულ მცირე ხუთი მეზღვაური, მათგან ორი - კაპიტანი.

10 სექტემბერს რუსეთისთ უპილოტო აპარატებმა იერიში მიიტანეს სომალის დროშით მცურავ სამოქალაქო გემ TEDY-ზე. დარტყმის შედეგად დაიღუპა აზერბაიჯანის ორი მოქალაქე, კიდევ ორმა დაზიანებები მიიღო. ერთი კვირის შემდეგ რუსეთმა დარტყმა განახორციელა ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემზე: დაიღუპა კაპიტანი, ეკიპაჟის სამი წევრი დაიჭრა. კიდევ ერთი კვირის შემდეგ იერიში მიიტანეს ანტიგუა და ბარბუდის დროშის ქვეშ მცურავ კომერციულ სატვირთო გემზე, თავდასხმის შედეგად დაიღუპა გემის კაპიტანი, უკრაინის მოქალაქე.

ასევე 28 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედროებმა ოდესის ოლქში იერიში მიიტანეს პალაუს დროშით მცურავ გემზე.

„რუსეთი სისტემურად ესხმის თავს უკრაინის პორტებს, პორტის ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო სავაჭრო გემებს, ქმნის საფრთხეს ადამიანებისა და საერთაშორისო ნაოსნობისთვის შავ ზღვაში. ველოდებით საერთაშორისო საზოგადოების შესაბამის რეაქციას და შემდგომ კოორდინირებულ მოქმედებებს სამოქალაქო ნაოსნობის დაცვისა და საერთაშორისო ლოგისტიკური მარშრუტების უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით“, - განაცხადეს მანამდე უკრაინის აღდგენის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროში.

ასევე ნახეთ

დრონები მოლდოვის ცასა და მიწაზე - რუსეთის აგრესიის ირიბი სამიზნე