მისი თქმით, ლეგალურად მოიპოვა თავისი შემცვლელის, ლევან ალიმბარაშვილის მიერ განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის, სახელზე დაწერილი განცხადება. მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში რამდენიმე ორთოგრაფიული შეცდომაა, მათ შორის, ასო შ გადაკეთებულია წ-დ.
განათლების სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ კოლეჯის დირექტორობაზე ჩატარდა კონკურსი - ისევე, როგორც სხვა არაერთ კოლეჯში - და ახალი დირექტორი კონკურსის შედეგების საფუძველზე დაინიშნა.
ახალი დირექტორი წლების განმავლობაში მუშაობდა მთავრობის ადმინისტრაციაში ოპერატორად.
ზურაბ ოშხნელი: „გამაგდეს“
70 წლის ზურაბ ოშხნელი, - რომელმაც 1989 წელს შექმნა „საყმაწვილო-სატელევიზიო სტუდია“, რომელმაც საბოლოოდ თსუ-ს მედიის კოლეჯის სახე მიიღო, - 4 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილში წერს:
„მე კოლეჯიდან არ წავსულვარ. გამაგდეს! გამაგდეს ისე, რომ იმის ღირსადაც არ ჩამთვალეს, მიზეზი ეთქვათ“.
მისი განცხადების თანახმად, დირექტორობის კონკურსში მესამე ცდაზე გაიმარჯვა სხვა კანდიდატმა, რადგან „პირველი ორი მცდელობისას მოტყუებით მიყვანილმა კანდიდატებმა რეალობის გაგებისას უარი განაცხადეს პოზიციის დაკავებაზე“.
ოშხნელის თქმით, შემცვლელი „შვიდი თვის ძებნის შემდეგ“ უპოვეს.
„დავალება ზემოდან“
ოშხნელი ამბობს, რომ არ იცის, „ამ გადაწყვეტილებით ვისი დაკვეთა შესრულდა“, თუმცა ვარაუდობს, რომ „დავალება „ზემოდან“ მოვიდა“. ის წერს:
„მე არასდროს მიმუშავია „ზემოთ“ და არც რომელიმე პარტიის წევრი ვყოფილვარ, ამიტომ არ ვიცნობ შიდა სახელისუფლებო თამაშებს“.
იგი აცხადებს, რომ „კოლეჯის“ არსებობის 37-წლიანი პერიოდის განმავლობაში იმუშავა განათლების 22 მინისტრთან.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი იდეითა და ინიციატივითაა შექმნილი კოლეჯი, მინდა აქაც განვმარტო, რომ რომ არ ვაპირებდი სამუდამო დირექტორობას“, - წერს იგი და განმარტავს:
„ჯერ კიდევ თებერვალში, გასაუბრებაზე, მე ჩემს ერთ-ერთ პრიორიტეტად დავაყენე ჩემი შემცვლელი ახალგაზრდა და განათლებული კანდიდატის სამინისტროსთან ერთობლივად შერჩევის საკითხი. როგორც ჩანს, კოლეჯიდან ჩემი წასვლის ამ ვარიანტმა მხარდაჭერა არ მოიპოვა“.
ვინ არის ახალი დირექტორი
თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის ფეისბუკის გვერდზე 29 სექტემბერს გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, კოლეჯის ახალი დირექტორია ლევან ალიმბარაშვილი, რომელსაც მედიის სფეროში 25-წლიანი გამოცდილება აქვს.
„დღეს შედგა პირველი გაცნობითი შეხვედრა, სადაც დირექტორმა გუნდს კოლეჯის განვითარების სტრატეგიული ხედვა გაუზიარა“, - წერდა კოლეჯის ადმინისტრაციის გვერდი.
„მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის მთავარ პრიორიტეტად რჩება სტუდენტებისთვის თანამედროვე, მაღალი ხარისხის განათლების შეთავაზება და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა“, - ეწერა განცხადებაში.
ოშხნელი: ლეგალურად მოვიპოვე შემცვლელის განცხადება
4 ოქტომბერს ზურაბ ოშხნელმა გამოაქვეყნა, სავარაუდოდ, ალიმბარაშვილის მიერ 22 სექტემბერს განათლების მინისტრ გივი მიქანაძის სახელზე დაწერილი განცხადება.
„დღეს არაფერს ვიტყვი პირზე, რომლის სურვილი, როგორც ვხვდები, მის უნარებს ბევრად აღემატება და ამის სადემონსტრაციოდ მხოლოდ ერთ ლეგალურად მოპოვებულ დოკუმენტს გამოვაქვეყნებ“, - წერს ის და განცხადებას აქვეყნებს.
ოშხნელის გამოქვეყნებულ ამ განცხადებაში, - რომელზეც პირადი მონაცემები დაფარულია - ავტორი თანხმობას აცხადებს, დაინიშნოს კოლეჯის დირექტორად.
ხელით ნაწერ ტექსტში სამი ორთოგრაფიული შეცდომაა. მათ შორის:
- სიტყვაში, „სახელმწიფო“, ჩანს, რომ ასო შ გადაკეთებულია ასო წ-დ.
- შეცდომითაა დაწერილი სიტყვები, „უნივერსიტეტი“ და „თანამდებობა“.
თსუ-ში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ კოლეჯის დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლების პროცესთან უნივერსიტეტს არანაირი შეხება არ აქვს. ამ პროცესს განათლების სამინისტრო კურირებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ:
- მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დირექტორობაზე კონკურსი ჩატარდა, ისევე, როგორც სხვა არაერთ კოლეჯში;
- ახალი დირექტორი ამ კონკურსის შედეგების საფუძველზე დაინიშნა;
- ეს კონკურსი ამ კონკრეტულ კოლეჯში მესამე ჯერზე იყო გამოცხადებული, რადგან წინა ორ შემთხვევაში ჩაიშალა.
რადიო თავისუფლებამ სამინისტროს ასევე ჰკითხა, ადასტურებენ თუ არა ოშხნელის მიერ გამოქვეყნებული ამ განცხადების ავთენტურობას. ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია.