ირკუტსკის საავადმყოფოებში კარანტინია, ხელისუფლება არ ადასტურებს შავ ჭირს

საილუსტრაციო ფოტო: სასწრაფო დახმარების მანქანა ფსკოვში

ირკუტსკის ალუმინის ქარხანაში გამოიცა განკარგულება სამედიცინო პირბადეების სავალდებულო ტარების შესახებ. ამის თაობაზე ტელეგრამში იუწყება საწარმოს გენერალური დირექტორი არტიომ ფომინიხი. ქარხანა მდებარეობს ქალაქ შელიხოვში, სადაც ახლახან გარდაიცვალა ქალი - სავარაუდოდ, შავი ჭირისგან.

ფომინიხის განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია: „ირკუტსკის ოლქში ჩატარდა სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო კომისიის სხდომები რუსეთის ფედერაციის სანიტარიული სფეროს მთავარი სახელმწიფო ექიმის, ანა პოპოვას მონაწილეობით. „როსპოტრებნადზორი“ ატარებს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების აუცილებელ კომპლექსს. ყველა გამოვლენილი კონტაქტში მყოფი პირი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამ მომენტისთვის მათ დაავადების ნიშნები არ აღენიშნებათ, ლაბორატორიული კვლევების შედეგები უარყოფითია. <...> ქარხანაში პროფილაქტიკურ ღონისიძებად შემოვიღეთ პირბადეების რეჟიმი. სიფრთხილეს თავი არ სტკივა - დაიცავით უსაფრთხოების ზომები“.

გამოცემა „ლიუდი ბაიკალა“ წერს, რომ ირკუტსკის ერთბაშად რამდენიმე საავადმყოფო დახურეს კარანტინზე, რომელიც სამ კვირას გაგრძელდება. საუბარია, კერძოდ, N1, N3 და N10 საქალაქო კლინიკურ საავადმყოფოებზე, ასევე ივანო-მატრენინსკის საქალაქო საბავშვო კლინიკურ საავადმყოფოზე. იქ მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული: პაციენტებს ახლობლებთან არ უშვებენ, მათთან შესვლა შეუძლებელია, მხოლოდ ნივთების ან პროდუქტების გადაცემაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, კარანტინი სულ მცირე ერთ სამშობიარო სახლშიც შემოიღეს. ამის შესახებ „ლიუდი ბაიკალას“ ერთ-ერთი მშობიარის ახლობლებმა უთხრეს. მათი თქმით, ექიმებმა განაცხადეს, რომ მიზეზი შავი ჭირია. მშობიარის ქმარი პალატაში არ შეუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ფასიან პარტნიორულ მშობიარობაზე აქვთ კონტრაქტი.

ჯანდაცვის სფეროში „ლიუდი ბაიკალას“ წყარო ამბობს, რომ ირკუტსკელი ექიმები „უკვე ღიად საუბრობენ შავ ჭირზე“. ამასთან, მისი თქმით, ოფიციალურად, იმ დოკუმენტებში, რომლებიც საავადმყოფოებში შედის, დიაგნოზი მითითებული არ არის და შავი ჭირი იქ არ ფიგურირებს.

კვირას დღისით „როსპოტრებნადზორმა“ განაცხადა, რომ ირკუტსკის ოლქში, ქალაქებში ირკუტსკსა და შელიხოვში, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია. ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში პათოგენურ მიკროორგანიზმებთან მუშაობისას ავარიები არ გამოვლენილა. ირკუტსკის ოლქის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომელს აღმოაჩნდა დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონია. ინსტიტუტის თანამშრომლებს შორის ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებით მიმართვები არ დარეგისტრირებულა, აღნიშნეს უწყებაში.

2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ შელიხოვის საავადმყოფოში ახალგაზრდა პაციენტი გარდაიცვალა - სავარაუდოდ, ფილტვის შავი ჭირისგან. არაოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილი ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტი იყო. 25 სექტემბერს მას ლაბორატორიაში გაუტყდა სინჯარა დაავადების გამომწვევით. „ლიუდი ბაიკალას“ წყაროები ამტკიცებენ, რომ 1 ოქტომბრიდან სასწრაფო დახმარების მანქანებს, რომლებსაც გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი პირები გადაჰყავთ გამოკვლევაზე, ფსბ-ს ეკიპაჟები ახლავან თან. იზოლირებულია 200-მდე ადამიანი.

ასევე ნახეთ

ირკუტსკში გარდაიცვალა ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომელი