ინფორმაცია, რომ რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდადებული იაკობ გულედანი გარდაცვლილი იპოვეს, 4 ოქტომბერს გაავრცელა „ტვ პირველმა“.
ტელევიზიას გარდაცვლილას მამიდამ უთხრა, რომ ოჯახს მომხდარის შესახებ 2 ოქტომბერს აცნობეს - უთხრეს, რომ გულედანი საკანში ნახეს გარდაცვლილი.
მისი ცნობით, გარდაცვლილი დაახლოებით სამ-ნახევარი წლის განმავლობაში იმყოფებოდა ციხეში და სულ რაღაც „ორ-სამ თვეში“ უნდა გაეთავისუფლებინათ პატიმრობიდან.
პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ:
- მსჯავრდადებული „თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა“;
- სამსახურმა „მყისიერად“ აცნობა ქვემო ქართლის პროკურატურას და დაიწყო გამოძიება.
„იძახიან, რომ თავი მოიკლაო“, - ამბობს გარდაცვლილის მამიდა, ვალიდა გულედანი. თუმცა ის ამ ვერსიას დამაჯერებლად არ მიიჩნევს: „თავს არაფრით მოიკლავდა“.
პენიტენციური სამსახური აზუსტებს, რომ მსჯავრდადებული 2023 წლიდან იხდიდა სასჯელს და „სასჯელის დასრულების თარიღი 2028 წელი“ იყო.
უწყების თანახმად, ის სასჯელს იხდიდა 20-კაციან საკანში და „გარდაცვალების დღესაც, ვინაიდან შემთხვევა მოხდა დილის საათებში, მისი თანამესაკნეები იმყოფებოდნენ საკანში“.
გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.