გამოძიება დაიწყო „კავკასიის უნივერსიტეტში“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე

კავკასიის უნივერსიტეტის Welcome Party 4 ოქტომბერს ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე.

უწყებაში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

საქმე ეხება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „კავკასიის უნივერსიტეტში“ გამართულ წვეულებაზე, სავარაუდო ინტოქსიკაციით, სტუდენტები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

„კავკასიის უნივერსიტეტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, თამთა ბუთხუზი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ კლინიკაში ალკოჰოლური თრობით 4 სტუდენტი გადაიყვანეს.

მისი თქმით, სოციალურ ქსელებში „ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია“:

„გავრცელებულია დიდი დოზით დეზინფორმაცია. რეალურად, ღონისძიებაზე იყო მსუბუქი თრობის შემთხვევები, ოთხივე სტუდენტი უკვე გაწერილია კლინიკებიდან. შსს-მ აიღო გამოყენებული სასმლის ნიმუშები.

5000-კაციან ღონისძიებაზე, რა თქმა უნდა, ვერ გაკონტროლდება მსუბუქი თრობის შემთხვევები. რეალურად, არც ჯანმრთელობის დაზიანება ყოფილა, არც რაიმე ტიპის შეხლა-შემოხლა, არაფერი მსგავსი ტერიტორიაზე არ ყოფილა. მთელი ღამე მუშაობდნენ ტერიტორიაზე ჩუღურეთის რაიონის პოლიციის თანამშრომლები ამოწმებდნენ ტერიტორიას. უბრალოდ, ვრცელდება დიდი დოზით გადაუმოწმებელი ინფორმაცია.

ერთმა ადამიანმა დაპოსტა აბსოლუტური აბსურდი ამ ტერიტორიიდან და წაიღო შემდეგ ყველამ ეს ინფორმაცია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამთა ბუთხუზი.

მისივე ინფორმაციით, სტუდენტები ალადაშვილის სახელობის კლინიკასა და კლინიკა "ჰელსიკორში" იყვნენ გადაყვანილები.

"ჰელსიკორში" რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ სტუდენტები უკვე გაწერილები არიან, ხოლო დამატებით ინფორმაციას პაციენტების ჯანმრთელობის შესახებ ვერ გასცემენ.

5 ოქტომბრის ღამეს სოციალურ ქსელებში, ფეისბუკსა და ინსტაგრამზე გავრცელდა პოსტები, რომ კავკასიის უნივერსიტეტის წვეულებაზე, რომელიც ყოველწლიურად პირველკურსელთათვის იმართება, რამდენიმე სტუდენტი გოგო, სავარაუდოდ, სასმელში გარეული გაურკვეველი ნივთიერებით მოიწამლა და ისინი კლინიკებში გადაიყვანეს.