ესპანეთის სოციალისტმა პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა 5 ოქტომბერს, სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 29 ნოემბერს ჩატარდება.
ესპანეთის პარლამენტის მომდევნო არჩევნები 2027 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო.
პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მის მთავრობას წარმატებებთან ერთად ჰქონდა შეცდომებიც და ყველ მიზანს ვერ მიაღწიეს, საჭირო რეფორმებისთვის კი საზოგადოებრივი მხარდაჭერის გაზრდაა საჭირო. ამიტომ, ესპანელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი მომავალი სურს.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი
- ესპანეთში მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს სათავე დაუდო ნაქირავები ბინიდან 87 წლის მარიკარმენ აბასკალის გამოსახლებამ. პენსიონერი ქალი მადრიდში, ამ ბინაში ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც მფლობელისგან ბინა შეიძინა კერძო საინვესტიციო ფონდმა და ქირა, 500 ევრო ხუთჯერ გაზარდა, ქალმა თანხის გადახდა ვეღარ შეძლო.
- კომპანიამ არაერთხელ სცადა მარიკარმენ აბასკალის გამოსახლება, რაც სასამართლომ დაბლოკა. საბოლოოდ, 23 სექტემბერს პენსიონერი ქალი ბინიდან საკაცით გამოიყვანეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში მოხვდა.
ამ ფაქტს მთელ ესპანეთში მოჰყვა ხალხმრავალი საპროტესტო აქციები. დემონსტრანტებმა მადრიდის ცენტრალურ მოედანზე კარვებიც გაშალეს.
პრემიერ-მინისტრ სანჩესის მთავრობამ საზოგადოებრივი უკმაყოფილების შესამცირებლად პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტები, რომელთა თანახმად, ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში გამოსახლება 2030 წლამდე უნდა აკრძალულიყო და უნდა შეზღუდულუყო საქმიანობა კერძო ფონდების, რომლებიც ბინებს ყიდულობენ და შემდეგ თავად აქირავებენ.
გასული კვირის ბოლოს ესპანეთის პარლამენტმა, სადაც სანჩესის მთავრობას უმრავლესობა არ აქვს, ამ კანონების მიღება ვერ შეძლო. მემარჯვენე პარტიებმა განაცხადეს, რომ მთავრობის ინიციატივა, პირველ ყოვლისა, საცხოვრებლის მფლობელი მოქალაქეების უფლებების ხელყოფაა.