გენერალური პროკურატურა რადიო თავისუფლებას ამ ინფორმაციას უდასტურებს და აზუსტებს, რომ მსჯავრდადებული პოლიციამ ლონდონში ჯერ კიდევ 2024 წლის 22 ოქტომბერს დააკავა.
ამ საქმეზე რადიო თავისუფლება 2023 წლიდან წერს. დაზარალებულმა გოგომ პოლიციას სექსუალური ძალადობიდან თითქმის ცხრა წლის შემდეგ მიმართა. 2024 წლის თებერვალში, თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი ბიძა დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ და ძებნა გამოაცხადა. ორ წელზე მეტხანს ელოდნენ განაჩენის აღსრულებას დები, რომლებზეც ბავშვობისას დედის ძმა წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა.
ასევე ნახეთ
„შენ არ იცი, რას მიკეთებს, როცა მასთან მარტო ვრჩები“- დები ბიძას სექსუალური ძალადობისთვის უჩივიან„თითქოს ერთი ფანჯარა მივხურე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას უფროსი და, 34 წლის სალომე*.
მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან წლები იყო გასული, გამოძიებამ კაცის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვება მოახერხა და 2023 წელს პროკურატურამ 31 წლის სალომე და 24 წლის ელენე* დაზარალებულებად ცნო.
სამართალდამცავებს სწორედ ელენემ მიმართა. უკვე სრულწლოვანმა, პოლიციაში წასვლა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დებს დედა გარდაეცვალათ.
სალომეს საქმეს ხანდაზმულობის ვადა ჰქონდა გასული და ამიტომ კაცს მის საქმეზე გამოძიებამ ბრალი ვერ წარუდგინა. თუმცა სალომეს დის, ელენეს, საქმე სასამართლოში გაუპატიურების მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით წავიდა.
რას ამბობს პროკურატურა: 2006 წლიდან 2013 წლამდე დროის პერიოდში, მსჯავრდებული თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სარგებლობდა ბავშვის უმწეობით და სისტემატურად აუპატიურებდა თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს.
სალომეს და მის უმცროს დას, ელენეს, დღემდე არ გაუმხელიათ ოჯახის წევრებისთვის - მამისთვის, ძმისთვის, - რომ მათზე ბიძა წლების განმავლობაში ძალადობდა.
რას გვიყვებოდნენ დები
2023 წელს, როდესაც გამოძიება ახალი დაწყებული იყო, სალომე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჰყვებოდა:
„ბიძაჩემი განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩეოდა, ამიტომ მშობლები ხშირად მტოვებდნენ ხოლმე მასთან. თავადაც ხშირად მივყავდი. იცოდა ბავშვის მოვლა, საჭმლის მომზადება. ერთხელ სოფელში აღმოვჩნდით ერთად მე და ბიძაჩემი, მარტოები. მეძინა, ისეთი პატარა ვიყავი, მკერდიც კი არ მქონდა. ძილში ვიგრძენი შეხება და გამეღვიძა. მითხრა, არაფერი, არაფერი, დაიძინეო... ერთი კადრი ჩამრჩა, სისველემ გამაღვიძა. ვერ მივხვდი, რატომ იყო საწოლში, ჩემს ფეხებთან სისველე. ის იქვე იდგა. გვერდით გადამაწვინა და დაიძინეო, მითხრა. რამდენიმე წლის შემდეგ მივხვდი, რასაც აკეთებდა ხოლმე - მასტურბირებდა“.
სალომემ ბიძას თავი 13-14 წლის ასაკში დააღწია. უკვე დიდი იყო და შეეძლო თავად მიეღო გადაწყვეტილება, სად წასულიყო და ვისთან დარჩენილიყო. ამიტომ, ბიძასთან სიარული აკრძალა, თუმცა „საიდუმლო“ წლების განმავლობაში ინახა.
21 წლის იყო სალომე, როცა უმცროსმა დამ, 13 წლის ელენემ, გაუმხილა, რომ მას ბიძა წლების განმავლობაში სისტემატურად აუპატიურებდა: "ჩემი ბრალი არ არის, ასეთი რომ ვარ, შენ არ იცი, რას მიკეთებს გ... , როცა მასთან მარტო ვრჩები“, - ეწერა წერილში, რომელიც ელენემ სალომეს ჩანთაში ჩუმად ჩაუდო.
ელენე ჩვენთან ინტერვიუში იხსენებდა:
„დაახლოებით 7-8 წლის ვიყავი, როცა ბიძამ პირველად გამაუპატიურა. მას შემდეგ, თითქმის 4-5 წლის განმავლობაში, სისტემატურად ძალადობდა. სახეზეც არ მახსოვდა ეს ადამიანი. ახლა ნელ-ნელა დავიწყე აღდგენა. მახსოვს, რომ მქონდა გაუსაძლისი ტკივილი. პირველად მოხდა ეს და ამიტომ მქონდა, თუ რა იყო, ამას ახლა ვეღარ ვიხსენებ. მახსოვს, რომ მითხრა, მიდი, დაიბანე. და მერე თვითონ შემიყვანა დასაბანად. მახსოვს, რომ სისხლიანი ვიყავი წელს ქვემოთ“.
„მეგონა, მე თვითონ უნდა მომეძებნა“
სალომე წლების განმავლობაში ელოდა, რომ ბიძა, რომელიც მათზე ძალადობდა და რომელსაც 2024 წლის თებერვალში მოსამართლე იზა კელენჯერიძემ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რეალურად აღმოჩნდებოდა საპატიმროში.
რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ ორი წლის განმავლობაში, თავადაც ცდილობდა გაერკვია, სად იმყოფებოდა მსჯავრდადებული. ხანდახან იმასაც კი ფიქრობდა, რომ მისი მოძებნა საკუთარი ძალებით მოუწევდა და ამაზეც თანახმა იყო:
„ძალიან გაიწელა ეს პროცესი - ორი წელი ძალიან დიდი დროა. უკვე ვფიქრობდი, რომ მე თვითონ უნდა მეზრუნა, მომეძებნა, გამერკვია ნათესავების ან სხვების მეშვეობით, სად იყო და როგორმე დამესრულებინა ეს ამბავი“.
პროკურატურამ რადიო თავისუფლებას დღეს უთხრა, რომ კაცი უკვე ორი წელია საპატიმროშია, ლონდონში.
ბიძა-დისშვილები, შესაძლოა, წლების შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს
სალომეს და ელენეს წლებია, მოძალადესთან არც პირადად და არც ტელეფონით კონტაქტი არ ჰქონიათ. კაცმა საქართველო წლების წინ დატოვა და შესაბამისად, ის არც სასამართლო სხდომებს არ დასწრებია.
ახლა, როდესაც მას ბრიტანეთი საქართველოს გადმოსცემს და თუკი ის გადაწყვეტს, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს, მოძალადე და მსხვერპლები ერთმანეთს სასამართლოს სხდომათა დარბაზში შეხვდებიან.
სალომე ამბობს, რომ ადრე არ იცოდა, შეძლებდა თუ არა მოძალადესთან ერთ სივრცეში ყოფნას. ახლა კი პირიქით - სურს, წლების შემდეგ, მას ის უთხრას, რისი თქმაც ბავშვობაში ვერ შეძლო.
„ბოლომდე მინდა ამოვწურო ეს თემა. თუ რამე სათქმელი მაქვს, თუ რამე კითხვა მაქვს დასასმელი, მინდა დავსვა. სასამართლომ მიუსაჯა და ციხეში ჩაჯდება, მაგრამ მე მინდა ამდენი წლის შემდეგ შევხედო. ბევრი რამ მაქვს მისთვის სათქმელი“.
ელენე დღეს საზღვარგარეთ ცხოვრობს. ცდილობს, იქ აიწყოს ცხოვრება, თუმცა ამბობს, რომ საქართველოში დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას მისთვის, და არ მხოლოდ მისთვის, პრინციპული მნიშვნელობა აქვს:
„ეს გამარჯვება აუცილებელი იყო. და ეს გამარჯვება მხოლოდ მე არ მეკუთვნის. ის ეკუთვნის ყველა იმ ქალს, რომლებიც მსგავსი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ ან ახლა არიან.
...მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო გავიდა, ის ზიანი, რაც მან მომაყენა, ჯერ კიდევ ჩემთანაა. არ ვიცი, რამდენად მექნება მზაობა, რომ ამ ადამიანს პირისპირ დავუდგე, მაგრამ თუ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს, მე ამ ძალას აუცილებლად მოვიკრებ“.
„იქნებ სხვა ბავშვამდეც მივიდეს ეს ხმა“
სალომე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებს, რომ მის დას ბავშვობაში სწორედ ტელევიზიით მოსმენილი სხვა ადამიანის ამბავი დაეხმარა იმის გააზრებაში, რომ ის, რასაც ბიძა უკეთებდა, „ჩვეულებრივი“ არ იყო.
„შეიძლება სადღაც ვიღაც ბავშვამდე მივიდეს ეს ხმა, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი, რომ არ უნდა ეშინოდეს და არ უნდა რცხვენოდეს. 20 წლის მერეც კი შესაძლებელია სამართლიანობის მიღწევა.
მართალია, ვერაფერი აღადგენს იმას, რაც უკვე დაზიანდა, მაგრამ ის, რომ სამართლებრივად შედეგი დადგა, მაინც ძალიან ბევრს ნიშნავს“.
როგორ დამტკიცდა დანაშაული ცხრა წლის შემდეგ?
დების ადვოკატი, ანა თავხელიძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ საქმეში მთავარი მტკიცებულება თავად დაზარალებულების ჩვენება იყო - სასამართლომ მათი მონათხრობი სარწმუნოდ მიიჩნია და ის სხვა მტკიცებულებებითაც გაამყარა.
ერთ-ერთი ასეთი მტკიცებულება ფსიქოლოგის ჩვენება იყო.
ანა თავხელიძე, იურისტი
„ჩვენ ვიპოვეთ ფსიქოლოგი, რომელიც დაზარალებულთან წლების წინ მუშაობდა. სპეციალისტმა მაშინ არ იცოდა, რომ ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა წლების შემდეგ აღწერა იმ პერიოდისთვის მისი ქცევის ცვლილებები, დეპრესიული განწყობა და ფსიქოემოციური მდგომარეობა.
დაზარალებულს ენდო სასამართლო, გაიზიარა მისი მონათხრობი, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ გაუპატიურების ფაქტს დაადასტურებდა. გარემოებები, რომლებზეც დაზარალებული საუბრობდა, სხვა მტკიცებულებებით დადასტურდა და სასამართლომ ეს საკმარისად მიიჩნია გამამტყუნებელი განაჩენისთვის.
ასეთია საერთაშორისო სტანდარტიც, რადგან პირდაპირი მტკიცებულებები გაუპატიურების საქმეებში თითქმის არასდროს არსებობს და სტრასბურგის სტანდარტი ამბობს, რომ გონივრულად მაღალი სტანდარტით მტკიცებულებების მოთხოვნა ამ კატეგორიის საქმეებში ნიშნავს, რომ დაუსჯელს ტოვებ გაუპატიურების შემთხვევებს“, - ამბობს ანა თავხელიძე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ სასამართლოს დაზარალებულისთვის არ მოუთხოვია აეხსნა, რატომ არ გაუწია მოძალადეს წინააღმდეგობა, რატომ რჩებოდა მის გარემოცვაში ან რატომ არ ჰქონდა ფიზიკური დაზიანებების კვალი.
ადვოკატის შეფასებით, სწორედ ასეთი საქმეები აჩვენებს, რატომ სჭირდება სექსუალური ძალადობის საქმეების განხილვას არა მხოლოდ სამართლებრივი ცოდნა, არამედ ამ ტიპის დანაშაულის სპეციფიკის პროფესიული გააზრებაც:
„ხშირად დაზარალებულს ეკითხებიან ხოლმე, აქამდე სად იყავი, რატომ არ მიმართე პოლიციას დროზე? ეს საქმე კი აჩვენებს, რომ ქალს შეიძლება წლები დასჭირდეს იმისთვის, რომ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყოს.
ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ტიპის საქმეები განიხილონ მოსამართლეებმა, რომლებსაც აქვთ პროფესიული მგრძნობელობა, რადგან ცივილიზებული სამყარო შავით თეთრზე ამბობს, რომ გაუპატიურებად მიიჩნევა თანხმობის გარეშე სექსუალური კავშირი და შესაბამისად, დამატებითი მტკიცებულებების მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო უარს ამბობს გაუპატიურების ზოგიერთი შემთხვევის დასჯაზე“.
ბრიტანეთის კანონმდებლობით, თუ ექსტრადიციის გადაწყვეტილება აღარ გასაჩივრდება, ექსტრადიცია 28 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს. თუ მსჯავრდადებული ექსტრადიციას გაასაჩივრებს, მისი გადმოცემა სააპელაციო პროცედურის დასრულებამდე გადაიდება. ამ ეტაპზე, რადიო თავისუფლებისათვის უცნობია, გაასაჩივრა თუ არა მსჯავრდადებულმა გადაწყვეტილება და, შესაბამისად, დაწყებულია თუ არა მისი საქართველოში გადმოცემისთვის განსაზღვრული ვადის ათვლა.
ბოლო წლებია, საქართველოში მზარდია ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის რეგისტრირებული რიცხვი.
2025 წლის ივნისიდან 2026 წლის აპრილის ჩათვლით, პროკურატურამ სქესობრივ დანაშაულში დაზარალებულად ცნო 200-ზე მეტი ბავშვი.
გაუპატიურების მსხვერპლი გახდა 30-მდე ბავშვი.
*დების სახელები შეცვლილია ანონიმურობის დაცვის მიზნით.