ცენტრი 2014 წლიდან “კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის” ბაზაზე მუშაობდა. შენობა, სადაც ცენტრი ფუნქციონირებდა, ახმეტის მერიას ეკუთვნის და ორგანიზაციას იჯარით ჰქონდა დაქირავებული.
"კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის" ხელმძღვანელმა იზა ბექაურმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ცენტრი დახურვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ახმეტის მერიიდან შენობის ქირავნობის გაგრძელებაზე უარი მიიღეს.
„მერიამ მოგვწერა, რომ შენობა უნდა დაგვეცალა, რადგან მათ გარკვეული გეგმები აქვთ ჯოყოლოში. ჩვენ თხოვნით მივმართეთ, რომ იქნებ ხელშეკრულება გაეგრძელებინათ, თუმცა პასუხად მოგვწერეს, რომ 14 დღეში შენობა დავცალოთ“, - ამბობს იზა ბექაური.
"ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრი" პანკისის ხეობაში არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის იყო არაფორმალური განათლების მიღების ერთადერთი საშუალება.
სკოლის მოსწავლეებს შეეძლოთ უფასოდ მომზადებულიყვნენ სხვადასხვა საგანში, მათ შორის ქართულში, მათემატიკაში, უცხო ენებში, და დასწრებოდნენ ტრენინგებს.
ასევე, ცენტრში იყო სპეციალური კურსები ქალებისთვის - შეასწავლიდნენ კულინარიას, კერვას, ქარგვას, უცხო ენებს...
"კახეთის რეგიონული განვითარების" ფონდის ინფორმაციით, ყოველწლიურად საგანმანათლებლო ცენტრში არაფორმალურ განათლებას იღებდა 150-მდე პანკისელი.
ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრმა საქმიანობა ამა წლის თებერვლიდან შეაჩერა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი იზა ბექაური ამბობს, ამის მიზეზი "მიღებული კანონებია", რის გამოც დაფინანსების გარეშე დარჩნენ.
„გრანტების შესახებ“ კანონმა მთავრობის ნებართვის გარეშე დაფინანსების მიღება აუკრძალა მისგან დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა;
პასუხისთვის დგინდება 10-დღიანი ვადა;
გასაჩივრება არ აჩერებს მთავრობის გადაწყვეტილებას;
თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია;
უნებართვო გრანტისთვის სასჯელი ეკისრება გრანტის მიმღებს - „საგრანტო თანხის ორმაგი ოდენობით“.
„მიუხედავად ამისა, ვფიქრობდით, რომ რაღაც შეიცვლებოდა და ცენტრი სრული დატვირთვით ამუშავდებოდა, თუმცა მერიამ ყველა გზა გადაგვიკეტა“, - თქვა ბექაურმა.
„ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრის" დახურვა დიდი დანაკლისია“, — ეუბნება რადიო თავისუფლებას ადგილობრივი მეწარმე, სამოქალაქო აქტივისტი და საგანმანათლებლო ცენტრის ყოფილი ტრენერი შენგელი ტოხოსაშვილი.
იგი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებას ახმეტის მერია დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა და დავალება ცენტრალური ხელისუფლებიდან მოდის.
ტოხოსაშვილის თქმით, ორგანიზაციის ხელმძღვანელი იზა ბექაური ყოველთვის სამოქალაქო საზოგადოების ინტერესებს იცავდა, რაც ხელისუფლების გაღიზიანებას იწვევდა.
„თუნდაც ჰესების მშენებლობის და თემირლან მაჩალიკაშვილის ამბავზე, ბექაური ხალხის მხარეს იდგა, ეს ხელისუფლებას არ მოსწონდა“, - ამბობს ტოხოსაშვილი.
რადიო თავისუფლებას ახმეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა, უპასუხა, რომ "სამუშაო საათებში" დავუკავშირდეთ.